სიახლეები

„აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება“ – ინტერვიუ გეოლოგთან

09.02.2024 • 4996
„აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება“ – ინტერვიუ გეოლოგთან

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მეწყრულ პროცესებს ებრძვის. დაიღუპა ორი ადამიანი, დაინგრა სახლები და საავტომობილო გზები.

როგორი მდგომარეობაა აჭარის მთიანეთში, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და რა უნდა ქნან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ამ საკითხებზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

  • რამდენიმე დღეა ვუყურებთ მეწყრულ პროცესებს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. როგორია ამჟამად სიტუაცია?

აჭარის მაღალმთიანეთში რთული გეოლოგიური მდგომარეობაა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ძლიერი მეწყრული მოვლენებია, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა, როგორც საავტომობილო გზებს, ისე მცხოვრებლებს.

გასაკვირია ის, რომ მსგავსი მოვლენები თებერვალში იშვიათად ხდებოდა. თებერვალში ძირითადად თოვლის ზვავები იყო ხოლმე, დღეს კი მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. თებერვლის დასაწყისში ორი დღე იყო ძლიერი წვიმა, მოვიდა უხვი ნალექი, დაადნო თოვლი და წარმოქმნა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თითქმის ყველა სოფელში ლოკალური მეწყრული პროცესებია განვითარებული და ბევრი ოჯახია საფრთხეში. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დღეისათვის 50 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, ხოლო მეწყრულ ადგილებზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგები სწავლობენ.

მე ველოდები, რომ გაიზრდება იმ ოჯახების რიცხვი, რომლებსაც უსაფრთხო ადგილას გაიყვანენ.

  • მინდა გთხოვოთ დაახასიათოთ აჭარის მთათა სისტემა, რა ტიპის მთებია და რატომ არის მუდმივად აჭარის მთაში მეწყრული მოვლენები?

აჭარის მთათა სისტემა არის ახალგაზრდა მთათა სისტემა. ახალგაზრდა მთათა სისტემას, ყოველთვის მოსდევს ეროზია/დენიდაციური პროცესები. მთების ფერდობების ჩამოშლა, ღვარცოფული კერების წარმოქმნა – ბოლომდე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. აქედან გამომდინარე ყველა უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლა, თუ გინდ უმნიშვნელო მიწისძვრები, თოვლი… ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს და იწვევს ეროზიული, მეწყრული პროცესების განვითარებას.

ჩვენი მთათა სისტემა, ვგულისხმობ აჭარის მთიანეთს, ახალგაზრდა მთათა სისტემაა და მისი ჩამოყალიბება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდება, კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება. ფერდობები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. ამ ციცაბო დახრილობაზე იცით, რომ ეროზიული პროცესები განსაკუთრებულად უფრო მკაცრია და უფრო დიდი რაოდენობით ხდება. კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ კლიმატური პირობები ძალიან დიდი ფაქტორია და ძლიერ ეროზიულ მოვლენებს იწვევს.

  • ამ მთებზე სახლებია, ბაღები, მიწას ამუშავებენ. ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს იმ პროცესებზე, რაც ახლა მიდის მთაში?

უფრო ააქტიურებს. სოფლების უმეტესი ნაწილი გაშენებულია ძველ მეწყრულ ადგილებზე. იმ მთებზე, რომელიც ადრე, გეოლოგიური ასაკიდან გამომდინარე დაიმეწყრა და ჩამოსკდა, დაჯდა. მოსახლეობა დღეს არის ამ ძველმეწყრულ ფერდობებზე.

რომ მიხვალ და ეტყვი გლეხს აქ მეწყრული ადგილია, გეტყვის – „აქ ბაბუას ნაქონი მიწებია, აქ რამე არ მომხდარა“. ყველა დიდი სოფელი, ამ ძველმეწყრულ ფერდობებზეა, რომელიც დღეს სტაბილურია. არ მინდა მოსახლეობაში პანიკა გამოვიწვიო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გეოლოგიური მოვლენებია.

ყველა ირჩევს საკარმიდამო ნაკვეთს, სადაც შეიძლება ადვილად დაამუშაოს, უფრო ადვილად მიუდგეს და ასეთი ფერდობები ძირითადად ყველა ძველმეწყრულია. ოღონდ დღეისათვის სტაბილური.

ვთქვათ, განვითარდა ახალი მეწყერი. შეიძლება მიხვიდე ათი წლის მერე ამ მეწყრის ადგილას და ნახო, რომ დასახლებულია. რელიეფი ვაკე გახდა, ამიტომ საცხოვრებლად, დასამუშავებლად, ყანის და მოსავლის მოსაყვანად გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ფერდობზე ტყის გაჭრა და იქ ახალი საცხოვრებელი სახლების დადგმა.

უმეტესი სოფლები აჭარაში თითქმის ყველა ძველმეწყრულ ფერდობებზეა განლაგებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საფრთხის ქვეშაა.

  • რადგან ამ ძველმეწყრულ ფერდობებზე მოსახლეობა ცხოვრობს, როგორც გეოლოგი, რა რჩევას მისცემდით მათ?

ყოველთვის, ყველა დასკვნაში და შეხვედრაზე ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს ადამიანი ბუნებრივ პირობებში.

მიხვალ დასახლებულ ადგილას, ნახავ სამ-ოთხ მეტრიანი ფერდობები აქვთ ჩამოჭრილი, რომელიც გამაგრებული არაა. იმის ქვემოთ აშენებენ სახლებს. ვუხსნით, მაგრამ ვერ ვაგებინებთ გლეხს, რომ ეს საშიშროებაა.

ჩამოჭრამდე ფერდი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იყო, მასა მყარი იყო და არ იყო მეწყრული კერის წარმოშობის საშიშროება. არც ღვარცოფების განვითარების.

როცა ჩაერევა ადამიანი, ჩამოჭრის, იმ ჩამოჭრილ ფერდს არ გაამაგრებს და მის ბუნებრივ მდგრადობას არ შეინარჩუნებს, ყველგან საშიშროება ჩნდება. ამას ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვეუბნებით მოსახლეობას. დასკვნებში, რომელიც გაიცემა, რომ ახალი სახლი უნდა აშენდეს, ეს ყველგან მითითებულია.

დღეს სახლში ყველას მიყვანილი ჰყავს რეზინის მილებით წყლები. ეს წყლები უმისამართოდ იღვრება. ქალაქში იცის ადამიანმა, რომ წყალში თანხა უნდა გადაიხადოს, ამიტომ ონკანს კეტავს. სოფლებში მთის წყალი, ბუნების ნაჩუქარი სიმდიდრე, იღვრება უაზროდ. ჩადის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში, ფერდობებზე და ეს ყველაფერი ერთად აღებული ახდენს გავლენას გარემოზე.

მე იმას ვერ ვიტყვი, რომ დავბრუნდეთ მეცხრამეტე საუკუნეში და ყველამ ხის სახლი ავაშენოთ, მაგრამ როცა აშენებს კაპიტალურ სახლს ადამიანი, იწყობს სასიცოცხლო და საარსებო პირობებს, აი, ეს უნდა გაითვალისწინოს.

წყალი რეგულირებადი უნდა გახადოს, ფერდობები არ უნდა ჩამოჭრას იმის გამო, რომ ეზო დიდი ჰქონდეს. საცხოვრებელ სახლს საშიშროება არ უნდა შეუქმნას. ეს ირღვევა ძირითად შემთხვევაში. ყველას დოკუმენტი უნდა, რომ სადღაც შეიძლება საცხოვრებელი სახლის აშენება. დაუწერ რეკომენდაციას, მიხვალ და არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ აქვს, გარდა საცხოვრებელი სახლის აშენებისა.

დღეს ასეთი პირობებია.

არის გლობალური მეწყრები, რომელსაც ვერავინ გამორიცხავს – დაქანების, დახრის და გაწყლიანების გამო მეწყრული პროცესი ბუნებრივად ხდება.

  • ხშირად გვწერენ ადგილობრივები ასევე იმასაც, რომ სანიაღვრე არხები არაა გზებზე. 

რა თქმა უნდა. როცა გზა გაჰყავს საგზაოს, იქ სანიაღვრე არხები დაპროექტებულია. შესრულებით რა დონეზე კეთდება თუ არ კეთდება ეს უკვე მეორე თემაა. აუცილებელი პირობაა, რომ სანიაღვრე იყოს.

მეწყრის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის წყალია. წყლის არასწორი რეგულირება და არასწორი მიმართულებით წაყვანა, გამოშვება. ჩვენთან ძირითადად თიხოვანი და თიხანარევი ქვიშის გრუნტებია, რომელზეც წყალი ძალიან ცუდად მოქმედებს. არბილებს, ასუსტებს მის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს, აქედან გამომდინარე მოდის მეწყერი.

ძირითადი ქანია და მასზე დადებულია ეს თიხოვანი გრუნტები. წყალი ჩადის ამ თიხებში, რომელშიც არის ქვების და ქვიშნარების ჩანართები, რაც ფილტრაციას აკეთებს და ჩადის კლდოვან ქანზე. იქ ვეღარ აღწევს და ძირს ძირს უთხრის თიხოვან ქანს. აქედან გამომდინარე ვითარდება მეწყრული პროცესები – ფიზიკო-მექანიკური ქანების შუაში წყლის ზემოქმედება იწვევს მეწყრული კერის წარმოქმნას და მეწყრული პროცესების განვითარებას.

ამიტომ ძირითადი რეგულირება მაინც არის ან დრენაჟირების გაკეთება ან წყლის არხების სწორად გაკეთება.

ამას ყველაფერს გლობალური შესწავლა და ძალიან დიდი თანხის გამოყოფა სჭირდება. ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ ეს ყველაფერი პრიმიტიულად გააკეთონ – წყალი არ მიუშვან მეწყრულ კერაზე. გლეხი ხედავს ნაპრალს, ჰგონია წყალი ჩაუშვა და დაკარგა.

მისი ეზოდან დაკარგა, მაგრამ სინამდვილეში იმ ნაპრალში ჩასული წყალი დინამიტივითაა. რეცხავს, რეცხავს და იწვევს მეწყრული კერების წარმოქმნა-განვითარებას.

სანიაღვრე არხი მეწყრის ერთ-ერთი პირველი შემაჩერებელი და შემზღუდავია.

  • რა უნდა გაკეთდეს პრევენციულად?

ამინდის რეგულირება ჩვენ არ შეგვიძლია. ორი და სამი თვის ნალექი რომ ერთ დღეში მოვა, იმას თავისი გამტარუნარიანობა სჭირდება. ამიტომ ეს რეგულირებადი თემა არ არის. არის უბნები და ადგილები, სადაც წითელ ზონადაა გამოცხადებული, ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ იმასაც ვერ ვაკეთებთ… დაცვას ხომ ვერ დააყენებ, რომ არ შემოხვიდე. თვითონ გლეხი არეგულირებს, ზაფხულში ადის, ზამთრამდე იქ ჩერდება…

როგორც თავიდან ვთქვი, ეს ახალგაზრდა მთათა სისტემაა. ეროზია ყველგან ხდება. რუსეთი ასეთი ვაკე კი არ იყო. ურალის მთათა სისტემა, გეოლოგიურ ასაკში ძალიან მაღალი მთები იყო, მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა, ეროზიამ, დენიდაციამ, მთების ჩამოშლამ, მიწისძვრებმა, თითქმის ვაკე რელიეფად აქცია.

საბოლოო ჯამში ალბათ გავა დრო, ამას ჩვენ კი არა ჩვენი შთამომავლობაც ვერ მოესწრებიან, საქართველოც გასწორდება თითქმის – ეს ბუნებრივი მოვლენაა და ბუნებრივი პროცესებია.

ამის რეგულირება მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია. ან უნდა შევეგუოთ ამ მკაცრი ბუნების პირობებს, ანდა ჩამოვიდეთ აქ ყველანი…

  • რამდენ სოფელშია ამჟამად მეწყერი?

ასე გამოყოფა ძნელია, რადგან ზოგ ადგილებში საერთოდ ვერ მივიდნენ. გეოლოგების რაოდენობა ძალიან მცირეა, ხოლო მეწყრული პროცესები თითქმის ყველა სოფელშია პატარ-პატარა დოზით განვითარებული.

განვითარებულია დიდი მეწყრებიც, ამიტომ საფრთხე თითქმის ყველა სოფელშია. ზოგან უფრო მეტი საფრთხეა, ზოგან უფრო ნაკლები, მაგრამ თითქმის ყველა სოფელშია მეწყრული კერები.

  • ეს ბოლო პროცესები იყო თუ არა პროგნოზირებადი?

პირადად ჩემთვის არ იყო. ამ პროცესს, რომელიც ახლა, თებერვალში დაიწყო, ჩვენ ველოდებით ხოლმე მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. ზამთარი მთავრდება, გაზაფხული იწყება, თოვლის დნობა აქტიურია. ამიტომ თებერვლის თვეში არ შემეძლო პროგნოზი, რომ აქ განვითარდება ან არ განვითარდება.

იმდენად მასშტაბურად განვითარდა მთელი საქართველოში ეს პროცესები, არ შეიძლება ამას გლობალური დათბობის კვალი არ ჰქონდეს.

იმერეთში, ბაღდათის რაიონში უსაფრთხო ადგილი იყო და ამდენი მსხვერპლია. ასე იყო შოვში. კი არის ჩვენსავით მაღალმთიანი რეგიონი და იქ ყოველთვისაა საშიშროება ღვარცოფული მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იქაც ამოდენა მსხვერპლი იყო და ამხელა ტერიტორიები გათელა ღვარცოფმა.

ჩვენ კი გვაქვს პროგნოზული უბნები, სადაც მოელის მოსახლეობას საშიშროება, დასკვნებია დაწერილი, რუკებზეა გამოხატული ეს საშიში ზონები, მაგრამ დღეს, 9 თებერვალს რომ ვთქვათ, სად განვითარდება მეწყრული ან ღვარცოფული მოვლენა, ასეთი პროგნოზი მე, პირადად, როგორც გეოლოგს, არ შემიძლია.

  • შარშან არ იყო ასეთი მასშტაბური. რა შეიცვალა წელს, რომ ამდენი სოფელი მოექცა მეწყრულ ზონაში?

ადამიანები გულმავიწყები ვართ, თორემ იშვიათად იყო წელი, რომ დიდი მეწყრული პროცესები არ განვითარებულიყო.

ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგ თემაზე… მოსახლე ადრე შეიძლება საერთოდ არ მოსულიყო და არ ეთქვა, რომ მეწყერია, მაგრამ ახლა ამ ინფორმაციას ავრცელებს.

მეწყერი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია, უბრალოდ ადრე ამაზე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ამ ინტენსივობით.

  • არაერთ ადამიანს ჩვენთან უთქვამს, რომ მათ სოფელში დაგეგმილი იყო ფერდსამაგრის გაკეთება, მაგრამ არ გაკეთდა. რა ფუნქციას ასრულებს ეს ფერდსამაგრი, რატომ არის მისი გაკეთება მნიშვნელოვანი და როცა არ კეთდება, რა ზიანდება?

შეიძლება ყველა სოფელში, ყველა მოსახლეს ვერ გაუკეთონ ფერდსამაგრი. საავტომობილო გზის დანიშნულებიდან გამომდინარე, რა დანიშნულება აქვს გზას, სასოფლოა, სარაიონოა თუ საერთაშორისოა, იმის მიხედვით ასრულებენ სამუშაოებს.

მესმის, რომ ყველა ოჯახს თავისი პრობლემა აქვს და მისთვის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი სახლის წინ გაკეთებული საყრდენი კედელი, მაგრამ საგზაო დეპარტამენტთან მაგაზე გვქონდა საუბარი, რომ ეს საყრდენი კედლები ზოგჯერ შეუსწავლელად კეთდება.

იწერება – მოაწყვეთ საყრდენი კედელი. ხდება ისე, რომ მეწყრული კერის მქონე გრუნტზე ჯდება კედელი და უარესად ვამძიმებთ ფერდს. შემდეგ ეს ყველაფერი იწვევს მეწყერის გააქტიურებას.

ახლა იყო მოთხოვნა, რომ კომპანიები ვნახოთ, რომლებიც ჩაატარებენ  გეოლოგიურ-კვლევით სამუშაოებს. საყრდენი კედლები მოეწყოს გეოლოგიურად შესწავლილ ადგილებში, რომ უარესი პრობლემა არ შევუქმნათ მოსახლეობას.

ვიღაცა ამბობს, რომ არ გაკეთდა კედელი. შეიძლება რიგ შემთხვევაში უკეთესიც იყოს, რადგან შეიძლება ისეთ ადგილას გააკეთონ, უარესი სიტუაცია შექმნან.

ახლა საგზაო დეპარტამენტმა აიღო ასეთი მიმართულება – შეისწავლონ, ჩაატარონ გეოლოგიური კვლევები და აქედან გამომდინარე გადაწყვიტონ – შეიძლება კედლის გაკეთება თუ არ შეიძლება. და თუ შეიძლება, რა სიღრმეზე უნდა გაკეთდეს.

კვლევიდან გამომდინარე ფიქრობს საგზაო დეპარტამენტი, რომ ძალიან ბევრი საყრდენი კედელია გაკეთებული, რომელიც წყალში გადაიყარა იმის გამო, რომ არ იყო ტერიტორია გეოლოგიურად  შესწავლილი.

ამდენი თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს და ზოგჯერ გამოდის, რომ ეს ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეზე თუ ფერდზე.

  • რამდენად საშიშია ეს მეწყრული პროცესები, რომელიც განვითარდა?

მეწყრული პროცესები ერთჯერადად არ ფასდება. მეწყრული პროცესები ყოველთვის და ყველგან საშიშროების მომტანია. გააჩნია მის მასშტაბებს და გავრცელების არეალს. ამიტომ იმის თქმა – ეს მეწყერი საშიშია თუ ნაკლებად საშიშია, შეუძლებელია.

ჩემთვის პროგნოზი შეუძლებელია, თუ არ არის წინასწარ რაღაც კვალი, განვითარების ნიშანი, რომ ტყის ნაწილში ბზარებია გაჩენილი… თუ ფართობი დიდია, ამის მიხედვით ფასდება შემდგომ მისი განვითარება – რა დონეზეა მეწყრული და რა დონეზე განვითარდება.

წინასწარი კვლევები სჭირდება იმას, რომ მეწყრის საშიშროება განისაზღვროს.

  • შესწავლილია თუ არა აჭარის რეგიონი გეოლოგიურად?

აჭარაში თავის დროზე,  გეოლოგიური სამუშაოები ჩატარება ძალიან იშვიათად ხდებოდა – სასაზღვრო ზონა იყო.

კომუნისტების პერიოდში ხულოში სტუმარს ვერ წაიყვანდი, ვერც შუახევსა და ქედაში. საშვი სჭირდებოდა. ამიტომ გეოლოგიურად ნაკლებად შესწავლილია. როცა სასაზღვრო შეზღუდვები მოიხსნა, დაიწყო შესწავლა. აჭარის ყველა სოფელი შეისწავლეს საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით 90-იანი წლების შემდგომ.

დღეს პრობლემა კადრებია. კადრები არ გვყავს. 90-იან წლებში, როდესაც გეოლოგიური სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინ 20 ახალგაზრდა აარჩია ბატონმა ვახტანგ ჟორდანიამ, წაიყვანა თბილისში და ჩააბარებინა გეოლოგიურ ფაკულტეტზე.

დღეს ამ ოცი ადამიანიდან 4 გეოლოგია მხოლოდ, ვინც მუშაობს. დანარჩენები, სად წავიდნენ არ ვიცი. ანაზღაურებაც შესაბამისად არ არის – იმხელა, რომ დააკავო სპეციალისტები სამსახურში.

ეს ოთხი გეოლოგი დადის და მუშაობს ყოველ დღე. ამიტომ ეს საკითხიც წამოსაწევია. ახალი კადრების მომზადებაა საჭირო. ყველა რეგიონს თავისი გეოლოგი უნდა ჰყავდეს. თუ ათი ექიმია, პედაგოგია თუ ეკონომისტია, ორ-სამი გეოლოგი თითო რეგიონს უნდა ჰყავდეს.

გეოლოგიური სამსახური დადის ცარიელი ხელებით, ტრანსპორტს აძლევენ მხოლოდ. მარტო ვიზუალური დათვალიერებით შეფასება ძნელია. გაბურღვები სჭირდება, კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ლაბორატორიული… ვიზუალური შეფასებით იწერება დასკვნები. ადამიანები ვართ ყველა, შეიძლება შეგვეშალოს. რა ხდება მიწისქვეშ ძნელი გასარკვევია, თუ ვიზუალურად ზედაპირზე არ გამოჩნდა ნაპრალი, ან წყალი არ გამოვიდა სადმე.

დეტალური კვლევის გარეშე ძნელია ამ ყველაფრის დაფიქსირება.

  • ეს ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ აღჭურვოს სპეციალისტები და შეუქმნას შესაბამისი პირობები. ჩვენთან რეაგირებენ მომხდარ მეწყერზე, მაგრამ პრევენციულად მუშაობას ვერ ვხედავთ. ამის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ.

ზუსტად მაგას ვამბობ, ყველა რეგიონს ჰყავს თავისი სატყეო სამსახური, თავისი მიწათმომწყობი, პედაგოგებზე და ექიმებზე აღარ ვლაპარაკობ. ასეთი ერთი სამსახური ყველა რეგიონში უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც რაიონში გავა, ნახავს, დარეკავს.

როცა სპეციალისტი დაგირეკავს და გეტყვის, რომ აი, რაღაც ბზარები გაჩნდა, ეს აუცილებლად დასაყენებელი საკითხია. მე ვთვლი, რომ უნდა არსებობდეს გეოლოგიის სამსახური ყველა რეგიონში. მით უმეტეს, ასეთ გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, რომელიც არის ჩვენი ზონა – ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური.

  • ჰესების გავლენაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

ფაქტობრივად არ მუშაობს და რა გავლენა უნდა მოეხდინა? მოახდინა ის, რომ თავის დროზე გვირაბები გამაგრებულია ნუ… მე მაგის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის იმიტომ, რომ… იმის წინააღმდეგ კი არ ვიყავი, რომ სინათლე არ გვინდა და ცივილიზაცია არ გვინდა, მაგრამ ამ ბუნებრივ პირობებში, ამდენი თანხის ჩადება, ამოდენა მშენებლობა, ამდენი გვირაბების გაყვანა…

ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ღურტაში ამდენი ადამიანი დაიღუპა 1971 წელს, იქეთ წაბლანაში 1989 წელს ადამიანები დაიღუპნენ, ზუსტად იქ აქვთ კაშხლები დადგმული.

აჭარის რეგიონი მაგისთვის, რომ ან ჰესი ააშენო ან კაშხალი, არ არის ბუნებრივად შერწყმული. ვერ ეგუება ერთმანეთს. ისედაც მაღალი მთები, სუსტი გრუნტები, ფიზიკო-მექანიკური თვისებები ძალიან დაბალი აქვს აჭარის გეოლოგიურ მონაცემებს რომ შეხედო. მით უმეტეს, გვირაბის გაყვანა, სადაც ბუნებრივად დაეყრდნობი, რომ ის გაუძლებს წლებს და საუკუნეებს, ჩემთვის გაუგებარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: