მთავარი,სიახლეები

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

09.02.2024 • 5621
ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ბახმაროს შესასვლელში, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ [ბახმაროს აბრასა და ვერტოდრომს შორის მდებარე ნაკვეთზე] ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი.

საპროექტო ტერიტორიაზე მოიაზრება შემდეგი ობიექტების განთავსება: სასტუმრო კომპლექსი, რესტორანი, საცხოვრებელი კოტეჯები, სეზონური საბავშვო ბაღი და სათამაშო ასევე სპორტული მოედნები, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები, მომსახურების ობიექტები.

საპროექტო ტერიტორია ბახმაროს შესასვლელში სადაც ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ბახმაროში ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის ანგარიშიც გადაგზავნილია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა, გარკვეული დეტალების დაზუსტებამდე, შეწყვიტა.

დღეს არსებული კონცეფციის მიხედვით სამომავლოდ „ახალი უბანი აქტიურად ვერ ჩაერთვება ზამთრის კურორტისათვის დამახასიათებელი აქტივობების სისტემაში – უწინარესად, სათხილამურო ტრასებისაგან მისი დაშორების გამო… ამიტომ, ახალი უბანი, ძირითადად, საზაფხულო სეზონისთვისაა განკუთვნილი და ზამთრის სეზონის ფუნქციებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს“.

ამასთან, კონცეფციის მიხედვით:

„ახალ უბანში განსათავსებელია სეზონური საბავშვო ბაღი და საბავშვო სათამაშო მოედნები, მცირე სასპორტო მოედანი, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები და მომსახურების ობიექტები და, – ტოპოგრაფიულად მაღალ ნიშნულზე მდებარეობის გამო, – კაფე-რესტორანი პანორამული სამზერი ბაქნითურთ (ე.წ. „ბელვედერი“).

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს დაბა ბახმაროს განვითარებას, არსებული გზის მოწყობას და დამატებითი გზების დაგეგმვას – ველო ბილიკებით, საფეხმავლო და გამწვანებული ზოლით. სარეკრეაციო გამწვანებულ ზონებს ეთმობა 23 903,4 კვადრატული მეტრი, სადაც მოეწყობა სათამაშო, სპორტული მოედნები და მოსასვენებელი სივრცე. სპორტულ მოედანს ექნება სველი წერტილი, საშხაპე და გადასახედი.

პროექტით გათვალისწინებულ ახალ დასახლებას ექნება კავშირი მთავარ გზასთან 2 შესასვლელი გზით, რომელზეც გათვალისწინებულია ორმხრივი მოძრაობა. შიდა გზები მოწყობილია ცალმხრივი მოძრაობით, დამატებით საფეხმავლო და ველო ბილიკები გამწვანებული ზოლით გამოყოფილი, ველო და საფეხმავლო ბილიკის ზომა 150 სმ-ია.

სასტუმრო კომპლექსს და რესტორანს ეთმობა 18 881.6 კვადრატული მეტრი ტერიტორია პანორამული ხედით, ასევე ამ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება სასტუმროს.

პროექტი დაყოფილია ორი ტიპის მიწის ნაკვეთებად: 120 კვ/მ [სულ 103 ნაკვეთი] და 240კვ/მ [სულ 142 ნაკვეთი], რომელიც გათვლილია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის [კოტეჯის ტიპის].

მთავარ გზასთან ახლოს განთავსდება საინფორმაციო შენობა სტუმრებისთვის და ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება მთელ ტერიტორიას“.

ახალი უბნის საპროექტო ტერიტორია ბახმაროში [ზემოთ] და ამავე ტერიტორიის ტოპოგეგმა [ქვემოთ] – სადაც მონიშნულია ნაკვეთები კოტეჯებისთვის. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების“ შესყიდვაზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს კონკურსი 300 ათასი ლარით [დღგ-ს გარეშე] ჰქონდა გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მხოლოდ შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ მონაწილეობდა, რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულება 346 ათას 920 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] გააფორმა 2023 წლის ნოემბერში.

ბახმაროს ახალი უბნის დაგეგმარებაზე სწორედ აღნიშნული კომპანია მუშაობს. „ამ ეტაპზე ახალი უბნის ვიზუალიზაცია/რენდერი არ არის მომზადებული, ჯერ გეგმარებითი სამუშაოებია, სხვა დეტალები მომდევნო ეტაპზე დაზუსტდება და დამუშავდება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთში“.

დეტალების დაზუსტება „ბათუმელებმა“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოშიც სცადა, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა მოვითხოვოთ. 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების პარალელურად, უნდა მომზადდეს კანონით განსაზღვრული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტაცია.

ახალი უბნის განაშენიანებასთან დაკავშირებულ საკონკურსო და სხვა დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ

  • „განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და დაბის განვითარების პერსპექტივის გაჩენის გამო გაიზარდა ინტერესი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის, როგორც საკურორტო/სააგარაკე დასახლების მიმართ;
  • მიუხედავად ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის არსებობისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასახლების განაშენიანება გაიზარდა დაუგეგმავად, თვითნებური და უკანონო მშენებლობების გამო;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სადღეისოდ, დაბაში დაახლოებით 900-დან 1300-მდე უკანონო ნაგებობაა [საცხოვრებელი სახლია]. მათ შორის დაახლოებით 500 შენობა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ნაკვეთებზეა აშენებული…
  • საკვლევი არეალი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, კურორტამდე მომავალი საავტომობილო გზის მიმდებარედ. გამოსაკვლევი ტერიტორიის საერთო საორიენტაციო ფართობი შეადგენს 39 ჰექტარს.“ [თუმცა, განაშენიანება დაახლოებით 16 ჰექტარზეა დაგეგმილი].

გარემოს ეროვნული სააგენტო სკრინინგის პროცედურის შეწყვეტის მიზეზად გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობას ასახელებს.

„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების გეგმის პროექტის სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგის პროცედურაზე წარმოდგენასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგ შენიშვნებს:

წერილის თანახმად, სააგენტოში დოკუმენტაცია წარმოდგენილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის სკრინინგის პროცედურაზე, თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტის სათაურში მითითებულია საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის ანგარიში.

ასევე, დაზუსტებას საჭიროებს საკანონმდებლო საფუძველი, მათ შორის გზშ-ის სკრინინგის კრიტერიუმები.

დოკუმენტში დამგეგმავ ორგანოდ განხილულია როგორც სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რაც საჭიროებს დაზუსტებას.

წერილს თან არ ახლავს მატერიალური სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

გაცნობებთ, რომ სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს ზემოაღნიშნული შენიშვნების საფუძველზე დაზუსტებული სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოდან სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

როგორ უნდა განვითარდეს ბახმარო – ეს საკითხი ბოლო პერიოდში გააქტიურდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბახმაროში „ორბზე“ გადაცემული მიწის ნაკვეთებისთვის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.

კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება. კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“ – აცხადებს ორგანიზაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: