მთავარი,სიახლეები

ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით

16.02.2024 • 10000
ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით

„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს.

ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება“.

ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ამ ოჯახის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას საფრთხე ემუქრება, საქმის სხვა მასალებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მეხუთე წელია აქვს თაროზე შემოდებული. ეს საქმე მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს აწერია.

„სასამართლოების გადატვირთულობას“ იშველიებს ლევან მურუსიძე, როცა ის სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურებას ადასტურებს.

ახალი მოსამართლეები ზუსტად ლევან მურუსიძემ და იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს. GDI-ის კვლევით, 2023 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი მოსამართლე დანიშნეს გამოსაცდელი ვადით. „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით კი, სასამართლოების ტოტალური გადატვირთულობის ფონზე, 100-ზე მეტი მოსამართლის ვაკანსიაა.

კანონით იუსტიციის საბჭომ იმ მოსამართლეებსაც უნდა მოსთხოვოს პასუხი, რომლებიც კანონს არღვევენ და, მაგალითად, „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ 10 წლისთავზე ხელახლა განიხილავენ. „მაგრამ სისტემას სჭირდება არა დასჯილი, არამედ მორჩილი მოსამართლე,“ – ეს ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ გვითხრა. ის იმ იშვიათ ადვოკატებს შორისაა, ვინც, მართალია, შედეგს ვერ აღწევს, თუმცა მაინც უჩივის მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

  • „მეუბნებოდნენ თვალი გატყუებსო, მერე ექსპერტიზამ დაადგინა სიმართლე, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას“ – მოქალაქე 

„თავიდან მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, არ იქნება ასე დაბლაო, რომ თქვენ პრობლემა შეგექმნათო. მერე მითხრეს, თვალი გატყუებსო და აჰა, მე ხომ არ ვიძახი ახლა მარტო, ექსპერტიზამ დაადგინა. პირდაპირ არ დაუწერიათ, მაგრამ დაღუპული ხარ მაგ ადგილზეო, მაგას ნიშნავს ხომ? ექსპერტიზამ გაგვამართლა, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას,“ – გვიყვება ზურაბ ბერიძე, რომელმაც ხელვაჩაურის სასამართლოს სარჩელით 2019 წელს მიმართა.

ზურაბ ბერიძე ხელვაჩაურის მერიას, ენერგეტიკის მაშინდელ სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმას ედავება, რომ ამ სახელმწიფო უწყებებმა ჰესის მფლობელ კომპანიას – „აჭარა ინვესტ 2007-ს“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მისი სახლის თავზე გაყვანის თანხმობა მისცეს.

ზურაბ ბერიძის თქმით, მას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „მესაკუთრის თანხმობა“ არასდროს გაუცია და არც კომპენსაცია მიუღია.


ზურაბ ბერიძე
„მხოლოდ ორ ოჯახს შეგვეხო ეს, შოთა გორგილაძის ოჯახიც დავობს. სხვებსაც შეეხო, მაგრამ უმნიშვნელოვნოდ, მისცეს ზოგს ცოტ-ცოტა კომპენსაცია და ისინი აღარ დავობენ.

პოლიციის ძალით გაიყვანეს ეს ხაზები, ჩვენ სულ წინააღმდეგობას ვუწევდით, ბოლოს დავით რიჟვაძეც ამოვიდა [შსს-ს მაღალჩინოსანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა] და აქ ეს ხაზები უნდა გავიდეს, მორჩაო. ჩემი ცოლი ცუდად გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ისეთი ნემსი გაუკეთეს, დააძინეს ღამის 12-მდე…

ძალით გაიყვანეს ის სადენები და წავიდნენ.


სქრინი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს 2019 წელს გადაღებული ვიდეოდან

მაღალი ძაბვის ელექტროსადენები ზურაბ ბერიძის სახლის თავზე
ისევ ამ სახლში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? აივანზე გამოსვლისაც გვეშინია, არ აგვიტაციოს დენმა.

თანაც ორი პატარა შვილიშვილი მყავს, ერთი 6 წლისა, მერე – 5 წლის. 780 კვადრატული მეტრია ჩემი სახლი. რაზე უნდა მომელაპარაკონ, ან რა უნდა გადამიხადონ? მე არ მინდა საერთოდ ეს ხაზები აქ,“ – კატეგორიულია ზურაბ ბერიძე და ექსპერტიზის დასკვნასაც გვაჩვენებს.

„ზურაბ ბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები. საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია მოქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში და დარღვეულია მანძილები ეგხ-ს სადენებიდან, როგორც საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ტერიტორიის საზღვრამდე, ასევე შენობა ნაგებობამდე,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ზურაბ ბერიძის სახლიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე დისტანცია მხოლოდ 4,5 მეტრია, რაც კანონით განსაზღვრულ ნორმას არღვევს. დასკვნაში საუბარია საფრთხეებზეც.

„110 კვ ძაბვის ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება,“ – აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში.

რატომ ვერ იცლის მოსამართლე ასეთი საქმეებისთვის? – მოსარჩელის მოსაზრებით დავინტერესდით.

„ალბათ რაღაც ზეწოლა აქვთ, არ ვიცი.

მოსამართლეც თუ უსამართლოდ მომექცევა, ესაა, თორემ მე ნორმალურად მაქვს ყველაფერი. თურქებს როცა დაველაპარაკეთ შორიდან, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, ჩვენ ყველაფერი გადახდილი გვაქვსო. ხუთი წელი გავიდა, კაციშვილი არ მოსულა და არ უკითხავს არაფერი,“- გვითხრა ზურაბ ბერიძემ.

„ვითხოვთ გაცემული ნებართვის გაუქმებას და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას, კომპენსაციაზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ზიანი დათვლილი არ არის,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. ის ზურაბ ბერიძის და შოთა გვარიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

იურისტი განმარტავს, რომ ზიანი ამ შემთხვევაში შეუფასებელია, რადგან სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა საფრთხე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს საჯარო დაწესებულებების მხრიდან კანონის დარღვევაზე: მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნებართვის გასაცემად სავალდებულო იყო მესაკუთრის თანხმობა.

„არსებობდა მემორანდუმი ამ უწყებებს და კომპანიას შორის, მაგრამ მესაკუთრეები ჩართული არ ყოფილან ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. ეს დაუშვებელია.  სახელმწიფომ არაფრად ჩააგდო საკუთრების უფლება, სასამართლომ კი დუმს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“.

  • „ამიტომაც აწყობს სისტემას მოსამართლე 2 ათასი საქმით“ – უფლებადამცველის დაკვირვება 

ანა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემას არ აწყობს ამ ვითარების შეცვლა. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და გვიხსნის, რატომ აწყობთ მოსამართლე 1000, ან 2 000 საქმით ხელში.


ანა ბერძენიშვილი „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტ მარიამ შაინიძესთან და მოსარჩელე ლადო მჟავანაძესთან ერთად. ლადო მჟავანაძეც გონიოელია, მან 10-წლიანი დავა სასამართლოში მიწის რეგისტრაციაზე მოიგო
„საქმეების სიმრავლე ვერანაირი გამართლება ვერ იქნება. ეს იგივეა, მე რომ ვთქვა, ბევრი საქმე მაქვს და ამიტომაც, სარჩელი დროულად, ვადის შესაბამისად ვერ წარვადგინო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უკვე აღარაფერია არც ის ამბავი, რომ ჩვენი ბენეფიციარი, მაგალითად, 10 წელი ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და გარდაიცვალა. ერთ-ერთ საქმეზე კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 57 განცხადება დამჭირდა ზუსტად, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება ჩაებარებინათ,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი და რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა მოსამართლეებს „ვაჟა თავართქილაძის საქმე“ გაახსენა.

ვაჟა თავართქილაძე მოქალაქეა, რომელიც საკუთარ საშაურმეზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი – ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს. ეს ჯარიმა, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ კი მოქალაქე გაამართლა.

საინტერესოა ამ ამბავში გადატვირთულობის კუთხით ისაა, რომ როცა ბათუმის მერის წინააღმდეგ განცხადებას ეხებოდა საქმე, ის მალევე განიხილა სასამართლომ.

„გამოდის, სასამართლოს სცალია კონკრეტული საქმეებისთვის“ – ნიშნის მოგებასავით გამოსდის ანა ბერძენიშვილს, როცა ის ამ შეკითხვას მოსამართლეებს უსვამს, ცხადია, თუ სხდომა გაიმართა.

„ბოლო პერიოდში მოსამართლეებს 1000-დან 2 000-მდე საქმე აქვთ,“ – გვიყვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი

ანა ბერძენიშვილი: „შეუძლებელია, ამდენი საქმე გქონდეს მოსამართლეს და რაღაც მაინც დარღვეული არ გქონდეს. შესაბამისად, არსებობს შენი დასჯის საფუძველიც, თუ სისტემის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებ. ჩვენ ვიცით, როგორ ჩაკეტილია იუსტიციის სკოლის კარი მოსამართლეობის მსურველებისთვის. ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა თუნდაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ როგორ აღარ ინიშნებიან მოსამართლეებად ადამიანები, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდნენ სისტემისთვის.

მე ალბათ ერთადერთი კადრი ვარ, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მუშაობის დროს არ მოისურვა მოსამართლეობა, სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტში ვმუშაობდი…

მოსამართლემ იცის, რომ რეაგირება არ მოხდება. ესაა მთავარი. ამ მოცემულობაში არაეთიკური ქცევა უბრალოდ სადამსჯელო სისტემის ნაწილია, რომ საბჭოს მოსამართლე ჰყავდეს დაშინებული. ადვოკატობის დროს არასდროს მიმიმართავს საბჭოსთვის, არანაირი აზრი არ აქვს. მე არ მინახავს პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე. ეს არც იქნებოდა სწორი, რადგან როცა გაძლევენ 2 ათას საქმეს, ეს მოსამართლის ბრალეული ქმედება არ არის, ეს მენეჯმენტის პრობლემაა. ის არ უშვებს სისტემაში ახალ მოსამართლეებს,“ – უთხრა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებს“.

  • „წინა ინსპექტორი დასკვნებს მაინც წერდა, ახლა მაგაზეც უარი თქვეს“ – ადვოკატი, რომელიც მოსამართლეებს უჩივის 

ადვოკატი დავით ცინცქილაძე  რომელიც ამ დრომდე მოსამართლეებს იუსტიციაში უჩივის, ამბობს, რომ მოსამართლის დასჯას ვერასდროს მიაღწია, თუმცა წინა წლებში დამოუკიდებელი ინსპექტორი დარღვევებზე დასკვნებს მაინც წერდა, საქმისწარმოება კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის ეტაპზე წყდებოდა.

„წინა ინსპექტორი აზნაურაშვილი დასკვნებს წერდა, თუმცა არ მაცნობდნენ მას. ახლა ეტყობა ეს დასკვნების დაწერაც არ მოეწონათ მოსამართლეებს. მართალია, მათ არავინ სჯის, მაგრამ ეს დასკვნები ხომ ინახება ისტორიაში?“ – თავის ვარაუდს გვიზიარებს ადვოკატი დავით ცინცქილაძე და დასძენს – მას აქეთ, რაც ინსპექტორი შოთა ქადაგიძე გახდა, დასკვნებიც აღარ იწერებაო.

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს თავდაპირველად იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი სწავლობს და დასკვნას ამზადებს. გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს.

დავით ცინცქილაძე

ვრცელია იმ მოსამართლეების სია, ვისაც ადვოკატი უჩივის. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს ადვოკატი უჩივის იმის გამო, რომ დავა, რომელიც მას ერთ თვეში უნდა განეხილა, უკვე 4 წელი არ განუხილავს.

„ეს ეხება პირადად ჩემი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, იგივე გამოსახლებაზეა საუბარი,“ – დავით ცინცქილაძე განმარტავს, რომ ამაზე მარტივი საქმე მოსამართლისთვის არ არსებობს, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით ყველაფერი დგინდება.

„სისტემაში არავინ არის მოტივირებული საქმის დროული განხილვით,“ – ადვოკატს ეს განცდა აქვს და კონკრეტულად მოსამართლეს სალიხ შაინიძის წინააღმდეგ სამოხელეო დანაშაულის გამოკვეთის მოთხოვნით, პროკურატურისთვისაც მიუმართავს:

„ჩემი განცხადება გადაუგზავნიათ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებისთვის, მირეკავენ, მობრძანდით, უნდა გაგესაუბროთო. ეს განყოფილება არის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე. რა უფლება აქვს პოლიციელს, რომ მოსამართლის დანაშაული გამოიძიო? გამოძიება არც დაწყებულა, კანონი კი ამბობს, თუ დანაშაულის ნიშნებზეა მითითება, უნდა დაიწყოს გამოძიება. გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილი უნდა უნდა რეაგირებდეს მსგავს შემთხვევებზე.

დავით ცინცქილაძე გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას იმაზეც, თუ რატომ ვეღარ ხდებიან ადამიანები მოსამართლეები?

„იუსტიციის საბჭო ანგარიშვალდებულებას გრძნობს არა ხალხის და კანონის, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშე. მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობაც ისე აღიქმება, თითქოს მათ ვერ დაიცვეს მოსამართლე მომჩივნისგან…

როგორც ხედავთ, მხოლოდ მათ მიერ გამოჩეკილი კადრები ხდებიან მოსამართლეები: სხდომის მდივნები და თანაშემწეები. ესე იგი, 7 – 8 წელი თუ ხარ მოსამართლის მდივანი და აჩვენებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, რასაც სისტემა მოითხოვს, დაგნიშნავენ.

ამდენი ვაკანსია იმიტომ არის, რომ იოლად არ ენდობიან მაინც არავის,“ – უთხრა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ „ბათუმელებს“.

ამ თემაზე: „სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს 

  • რას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების ორგანოა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩევს მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ კი, უვადოდ ამწესებს.

იუსტიციის საბჭო, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს სხდომათა გადადების მავნე პრაქტიკას. 2023 წელს გამოცხადებული 71 სხდომიდან ჩატარდა მხოლოდ 33, აქედან 20-ს არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე]“, – ვკითხულობთ „დემოკრატიული ინიციატივის“ GDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას 2023 წელს აკვირდებოდა. 

ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონის დარღვევაც: უკვე 7 თვეა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვეყნებს:

ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 49-ე მუხლის შესაბამისად: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები…  განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე“.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არც საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო გადატვირთულია, 2023 წელს მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე დაუნიშნავთ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით – ქრისტინე კოპალიანი.

„თუმცა იგი სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ არის, 2011 წლიდან იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა ქუთაისის საქალაქო, თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში,“ – აღნიშნულია GDI-ის მონიტორინგის ანგარიშში.

2023 წელს სულ 33 მოსამართლე გამწესდა უვადოდ, ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მოსამართლეების დეფიციტის პირობებში, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს – ნინო გიორგაძეს [ბოლნისის რაიონული სასამართლო] უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრეს.

ნინო გიორგაძე მოსამართლეა, ვისაც ერთხელ სასამართლო სისტემა გაუკრიტიკებია:

„შემფასებელთა მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ნინო გიორგაძემ ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე, ნინო გიორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაასაჩივრა, თუმცა მის საჩივარს მხარი საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა, თავად გადაწყვეტილების მიმღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქადაგიძე.

ნინო გიორგაძე არის პირველი მოსამართლე, რომელიც გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ უვადოდ არ გამწესდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სასამართლოს გუშაგმა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლის დასჯად შეაფასა. ნინო გიორგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა. მან თქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების დროს, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლოს დამოუკიდებლობისთვის შექმნილ საფრთხეზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა.

  • კიდევ რა გამოჩნდა იუსტიციის საბჭოს მონიტორინგით? 

„გაცდენების სიხშირით უპირობო ლიდერს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც 33 სხდომიდან 20-ს [60%] არ ესწრებოდა [2 შემთხვევაში უცნობია ესწრებოდა თუ არა ნინო ქადაგიძე სხდომას, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დაესწრო],“ – აღნიშნულია „დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში.

  • სხდომები მიმდინარეობდა ქაოსურად: ანგარიშის მიხედვით, სხდომების შესახებ დღის წესრიგი ვადის დარღვევით ქვეყნდება. პრობლემაა საკითხების ფორმულირება, უკანასკნელ თვეებში ასევე გახშირდა სხდომათა არასამუშაო საათებში ჩატარების პრაქტიკა. „დემოკრატიული ინიციატივის“ დაკვირვებით, სხდომა ხშირად უქმდება სხდომის დაწყებამდე 1 საათით, ან 30 წუთით ადრე. „საბჭოს ცხელ ხაზსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დარეკვისას [თუ ოპერატორმა ტელეფონს უპასუხა], ოპერატორს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, მათ შორის, არც სხდომის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
  • სხდომები ძირითადად 10-15 წუთს გრძელდება – „იშვიათ შემთხვევებში, როცა სხდომა 40 წუთი გრძელდება. სხდომა არაორგანიზებულად იმართება, ან კონკრეტულ პირებთან გასაუბრება იმართება. საბჭოს წევრთა ძირითადი ნაწილი სხდომის მიმდინარეობისას კვლავ არააქტიურია.
  • განსხვავებული აზრი არ ფიქსირდება, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. „დემოკრატიული ინიციატივის“ მონიტორინგის მიხედვით, ფარული კენჭისყრის პროცესში განსხვავებული ხმა ძალიან იშვიათია.

იმის მიუხედავად, რომ საბჭო სხდომების ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებს, ეს ხელს არ უშლის ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეებისთვის დანამატის განსაზღვრას.

2023 წელს იუსტიციის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იანვრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4100 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4025 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 3885 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 3745 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – 4170 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე –
    4170 ლარი
  •  თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – 4030 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს თავმჯდომარე – 3540 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე –
    3260 ლარი ;

2023 წლის ივლისში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს 70%-იანი დანამატი განისაზღვრა. ნოემბერში კი საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დანამატის სახით თანხის განსაზღვრა: პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს დანამატის სახით განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 30%-ი. დეკემბერში კი, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კვლავ განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით [გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული].

იუსტიციის საბჭოს უმსჯელია ხულოს მაგისტრატ სასამართლოზეც:

„საბჭომ განიხილა ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის ფართის დაქირავებაზე, რადგან სასამართლოს შენობა ავარიულია. ასევე რამდენიმე რეგიონული სასამართლოს სახურავის/ოთახების რეაბილიტაციასა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამოწერაზე…“ – აღნიშნულია ანგარიშში.

  • „მგონია, „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი 

„მთელი წელია მაქვს განცდა, რომ „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ და ფოიეში ველოდები კიდევ ერთ უარყოფას სხდომასთან დაკავშირებით“, – გვიყვება მარიამ ქვარიანი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის იურისტი. ის საიას და „სასამართლოს გუშაგის“ მონიტორებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებს აკვირდება.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის საბჭო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ კარჩაკეტილობას ირჩევს.

მარიამ ქვარიანი

„ბიუროკრატიული ორგანოდ იქცა იუსტიციის საბჭო, სადაც დისკუსია არ არის,“ – მარიამ ქვარიანს ვთხოვეთ შეეჯერებინა, რა ორგანოა იუსტიციის საბჭო. – „უბრალოდ, ხმას აძლევენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. შეიძლება, 3-4 საათი ელოდო სხდომას და შემდეგ სხდომა 15 წუთში სრულდება. საგრძნობია, რომ სხდომამდე ყველაფერი წინასწარ განხილულია, ერთხმად მიიღება გადაწყვეტილებები.

სხდომებს ესწრება ლევან მურუსიძე და პოზიციებსაც გამოხატავს, თუმცა ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოსამართლეთა ტრენინგი და ასე შემდეგ.

მე ვაკვირდები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პანდემიის პერიოდიდან, სისტემატურად დავიწყე 2022 წლის ნოემბრიდან. ქაოსური იყო ეს სხდომები ადრეც, ლოდინი გვიწევდა, მაგრამ ასე ხშირად არ ხდებოდა გადადება. თუ ასახელებდნენ კონკრეტულ დღეს, მეტი შანსი იყო, რომ სხდომა ჩატარებულიყო. ახლა უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო სხდომების გაცდენამ, გადადებამ და ღამით ჩატარებამ. მაგალითად, ერთ-ერთი სხდომა დაახლოებით 10 საათისთვის ჩაატარეს, არასამთავრობო ორგანიზაციები წამოვედით 9 საათის შემდეგ, რადგან ჩავთვალეთ, რომ არაგონივრული მოლოდინი გვქონდა.

საბჭოს თანამშრომლებმაც არ იციან, რამდენ ხანს მოუწევთ დარჩენა. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე, როცა ღამის საათებში ტარდება სხდომები, 2023 წლის ოქტომბერში გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი,“ – გვითხრა მარიამ ქვარიანმა.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ასევე ხშირად მიმართავენ ბინის ქირასთან დაკავშირებით – რომ ქირა გაძვირდა და დახმარება სჭირდებათ. ეს საკითხიც განუხილავს გასულ წელს იუსტიციის საბჭოს და ქალაქების მიხედვით ქირის ხარჯები გაუზრდია.

ახალი მოსამართლეების შერჩევის ნაცვლად, მონიტორის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭო ამჯობინებს, სადაც გამოუვალი მდგომარეობაა, მივლინებით გაუშვას მოსამართლე.

„ძირითადად ერთსა და იმავეს საკითხს განიხილავენ, იღებენ ნორმატიულ აქტებს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე არ აქვს. იშვიათია, რომ რეალურ პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ნაბიჯი გადადგას საბჭომ,“ – ამბობს მარიამ ქვარიანი. მას მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზეც ვკითხეთ. მონიტორი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებს საბჭო დახურულ ფორმატში განიხილავს და მისთვის უცნობია, რეალურად რამდენი მსგავსი შემთხვევა განიხილა საბჭომ.

„გამჭვირვალედ არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ ადრე მინიმუმს იმას მაინც აკეთებდა საბჭო, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე ტვირთავდა, ამ მინიმუმსაც აღარ აკმაყოფილებენ.

ეს აჩვენებს, რამდენად იკეტება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს ნდობით საზოგადოებაში, ჩაკეტვა კი აუარესებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის აღქმას,“ – მიიჩნევს მარიამ ქვარიანი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაზე გასაუბრება ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვთხოვეთ. თუმცა საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გასაუბრება რომელიმე წევრთან ვერ მოხერხდება. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, რატომ არ ქვეყნდება საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: