სიახლეები

როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ

08.02.2024 • 3788
როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ

„სტალინიზმი და ჩამორჩენილობა ერთი და იგივეა. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველისთვის,“ – ამბობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი.

რა დაუშავა სტალინმა საქართველოს და ამის მიუხედავად რა განაპირობებს მის სიცოცხლის უნარიანობას, ვკითხეთ გიორგი მამულიას.

გიორგი მამულია: აქ რამდენიმე მიზეზია. მთავარი მიზეზი, სტალინის ფიგურა, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის აღმოჩნდა წარმატებული კარიერის და წარმატებული ადამიანის მაგალითი. განსაკუთრებით უბრალო ფენებში, სტალინი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ქართველი მეფე რუსეთის ტახტზე.

უბრალო ხალხის ფენიდან გამოსული წარმატებული ადამიანის ეს კომპლექსი, გადამდები აღმოჩნდა.

მითი ცოცხლობს.

ეს მიანიშნებს რას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს უბრალო ქართველი გლეხი, ძალიან მდაბიო ოჯახიდან, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, მაგრამ თავისი მოხერხებით შეძლოს რუსეთის, ამ დიდი იმპერიის ტახტზე ასვლა.

ეს კომპლექსი დიდი ხანია ცხოვრობს ქართველებში და კარგა ხანს იქნება.

თვითონ კომუნიზმი, ბოლშევიზმი, განსაკუთრებით სტალინური ტიპის, აღმოჩნდა ისეთი რამ, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი მიმიკრია და არაჩვეულებრივი შემგუებლობა განსაკუთრებით იმ კონსერვატიულ და ტრადიციულ ფორმებთან, რომელიც არსებობდა ჩვენ საზოგადოებაში.

თუ დააკვირდებით, კომუნიზმმა შეისისხლხორცა ის ტრადიციული, ჩამორჩენილი, მავნე გადმონაშთები, ე.წ. „ტრადიციები“, რომელიც ახასიათებდა ადამიანებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სსრ კავშირის ყველა ჩამორჩენილ რესპუბლიკებში.

ეთნიკური სოლიდარობის გრძნობა, რომელიც ქართველებს ახასიათებთ სტალინის მიმართ, არის  ჩამორჩენილობა.

და მაინც, რა განაპირობებს სტალინის სიცოცხლისუნარიანობას? ეს არის პირდაპირი შედეგი იმ რუსული პროპაგანდისა, რაც ვრცელდება საქართველოში.

სააკაშვილის გადადგომის შემდეგ გახსოვთ პირველი რაც მოითხოვა პუტინმა დღევანდელი ხელისუფლებისგან? მიეცათ საშუალება რუსულ არხებისთვის შემოსულიყვნენ საქართველოში.

რუსული არხები პროპაგანდას ავრცელებს.

რუსული არხები ჩავრთოთ და მოვისმინოთ, იქ მიდის ისეთი პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სტალინის კულტის სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცებისკენ.

სტალინიზმი და სსრ კავშირი სტალინიზმის ფორმით, რუსულ პროპაგანდაში ასახულია, როგორც ჭეშმარიტი რუსული იმპერია, ხოლო სტალინი, როგორც რუსეთის იმპერატორი.

ეს პროპაგანდა კი პოულობს გამოძახილს ჩვენი საზოგადოების ჩამორჩენილ ნაწილში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არც განათლება აქვს, არც კრიტიკული მსჯელობის უნარი. თუმცა აქვთ საშუალება მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ვერ ფლობენ უცხოურ ენებს. ხსენებული რუსული პროპაგანდა კი შემოდის და გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე.

  • ხშირად სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას, საქართველოში ამბობენ – „ამათ უნდათ სტალინი, ახლა რომ სტალინი ცოცხალი იყოს, ამათ ნახე რას უზამდა“. როგორ შეიძლება, ის სისასტიკე, რასაც ჩადიოდა სტალინი, ის რეპრესიები ამდენი ხნის შემდეგაც კი იყოს მისაბაძი და ნატრობდეს ადამიანი, რომ უნდათ სტალინი? ეს რაზე მიანიშნებს?

აქ ორი მიზეზია – პირველი არის ის, რაც ვახსენე: სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის რაღაცა ნაწილის გაუნათლებლობა და ფაქტობრივად ის, რომ ალტერნატიული ინფორმაცია არ აქვთ.

გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი

სსრ კავშირი დაშლის შემდეგ, ჯერ იყო შევარდნაძის პოსტკომუნისტური პერიოდი, უმძიმესი სიტუაცია, მერე სააკაშვილის დროს დაიწყო რეფორმები. სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო სააკაშვილმა მათი განხორციელება. მერე მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება და, ფაქტობრივად, პირდაპირ გადავვარდით აი, ამ ოლიგარქიულ რეალობაში, სადაც რეალურად ბატონობს მხოლოდ მატერიალური ინტერესი.

ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანს სხვა არაფერი არ უნახია, იმის გარდა, რაც ნახა საბჭოთა კავშირის დროს, აკეთებს შესაბამის ტენდენციურ შედარებას – საბჭოთა დროსა და ჩვენს რეალობას შორის.

მეორეც, სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, მომავლის შიში აქვთ ადამიანებს. რა რჩება მას?

წავა ეკლესიაში, რომ რაღაც ნუგეში მიიღოს და იმ რეალობისგან განსხვავებულ გარემოში მოხვდეს, რაც ამჟამადაა საქართველოში.

რამდენიმე  ფაქტორი განაპირობებს სტალინის აღზევებას.

ბოლო ამბავი ავიღოთ,  სტალინი სამების ტაძარში – ტიპური შემთხვევაა. ნახეთ რუსეთში რამდენი არანორმალურია, რომელიც სტალინის ხატებით დადის.

ჩვენს ეკლესიაში რომ შედიხარ, რუსი წმინდანების ხატები გხვდება. მეც განცვიფრებული ვიყავი, უამრავი რუსული ხატი, რუსული ლიტერატურაა.

რატომ?

იქ, სადაც გვყავს შუშანიკი, გრიგოლ ხანძთელი, აბო თბილელი, რა შუაშია მატრონა მასკოვსკაია?

ეს არის წმინდა რუსული ქმედება.

რუსეთმა მართლმადიდებლობა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც ადრე იყენებდა კომუნიზმს, როგორც იდეოლოგიას. ეს ქმედება ქართველებს აკავებს რუსული გავლენის ფარგლებში, რუსული ჩამორჩენილობის ჭაობში და არ აძლევს საშუალებას მოხდეს იდეოლოგიურად განთავისუფლება იმისგან, რაშიც გვამყოფა კომუნისტების დროს, 70 წლის განმავლობაში.

  • რა დაუშავა სტალინმა საქართველოს? როგორ აისახა საქართველოზე ის, რომ სტალინი წარმოშობით ქართველი იყო?

საქართველო იყო რესპუბლიკა, რომელმაც ყველაზე მეტად იზარალა სტალინური მმართველობის გამო.

საქართველოს გასაბჭოება და მე-11, ოკუპაციური არმიის შემოყვანა 1921 წლის თებერვალში ეს იყო სტალინის და მისი ხელქვეითების, ორჯონიკიძის და ქართველი ბოლშევიკების ბრალი.

ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ – საქართველო დამოუკიდებელი რომ დარჩენილიყო, მათ რუსეთში არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდათ. ამიტომ ცდილობდნენ საქართველოს გასაბჭოებას, რომ აქაც მოკალათებულიყვნენ. სტალინს გეგმა ჰქონდა ცენტრშიც ემართა.

გასაბჭოება, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო უშუალოდ ქართველი ბოლშევიკების ინიციატივა.

ხელმისაწვდომია ლიტერატურა, სადაც პირდაპირი მიმოწერაა სტალინსა და ორჯონიკიძეს შორის. ორჯონიკიძე მაშინ იყო კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, ცხოვრობდა ბაქოში, რადგან აზერბაიჯანი გასაბჭოვდა 1920 წლის აპრილში. მიმოწერიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორჯონიკიძე და სტალინი ბომბავდნენ ცენტრს ტელეგრამებით, რომ აი, აუცილებელია საქართველოს გასაბჭოება. სანამ საქართველოს არ გავასაბჭოებთ, კავკასიაში მშვიდობა ვერ დამყარდება. ამ დროს ლენინიც და ჩიჩერინიც (რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი), რა თქმა უნდა, გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებების გამო, ცდილობდნენ არ მიეყვანათ საქმე პირდაპირ ინტერვენციამდე.

მაგრამ ქართველი ბოლშევიკების ზეგავლენა ისეთი იყო, საბოლოო ჯამში გადაწონა და გადაწყდა საქართველოს გასაბჭოება.

როგორც კი ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 1921 წლის 26 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დე იურედ აღიარებაზე, იმ დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ინტერვენციის შესახებ.

იგივე ფორმულაა, რაც განმეორდა 2008 წელს. როცა დაგვპირდნენ ნატოში მიღებას და ეგრევე მოხდა რუსების პროვოკაცია და შემოჭრა საქართველოში.

გასაბჭოების შემდეგ სტალინი პირველად საქართველოში 1922 წელს ჩამოვიდა. ძალიან ცუდად შეხვდნენ ქართველები. რკინიგზელებიც და სხვებიც ეკითხებოდნენ – რატომ დაღუპეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რა შეგიძლიათ მისცეთ ამის მაგიერიო?

ამის შემდეგ სტალინმა პირდაპირ განაცხადა – საქართველო უნდა გადაიხნას, მოვსპოთ ყოველგვარი ანტიბოლშევიკური გამოვლინებებიო.

სტალინს 30-იანი წლების დასაწყისში ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა ძველ ბოლშევიკებთან.

ისინიც კი იყვნენ საქართველოს გასაბჭოების მომხრე, მაგრამ მაინც იყვნენ ავტონომიის მომხრე ხალხი და სრული მონური მორჩილება სტალინისადმი, რასაც ის ითხოვდა, არ უნდოდათ.

1937 წლის რეპრესიების დროს სტალინმა გადაწყვიტა, მოესპო არა მხოლოდ ყველა ძველი ბოლშევიკი, მათი ოჯახები და ახლობლები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაინიშნა საქართველოში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ამან განაპირობა რეპრესიების მასობრივი ხასიათი.

სტალინური სიების მიხედვით, 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით. მხოლოდ ასი ადამიანი გადაასახლეს, ძირითადად ქალები. სტალინური სიების გარდა 20 ათასი ადამიანი დახვრიტეს.

სტალინის დანაშაული საქართველოსადმი უკავშირდება მეორე მსოფლიო ომს.

მეორე მსოფლიო ომი იყო უმძიმესი დანაკარგი ქართული გენოფონდისათვის. რუსებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველებს არ ინდობდა, სტალინმა სხვა რესპუბლიკებთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი გაიყვანა ფრონტზე.

ყირიმში უამრავი ქართველი დაიღუპა საჩვენებლად – აი, ქართველები რომ არიან, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

სტალინი იყო წარმოშობით ქართველი რუსეთის ტახტზე, რომელსაც ძალიან ეშინოდა რუსული შოვინიზმის. ამიტომ, ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ ის რუსი იყო და არა ქართველი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰკითხა ერთმა გენერალმა: „იოსებ ბესარიონოვიჩ, თქვენ ქართველს, როგორ შეიძლება ასე კარგად გესმოდეთ რუსი ხალხის მენტალიტეტის?“.

სტალინს ეს არ მოეწონა და უთხრა.

„Я не грузин, я русский, грузинского происхождения“,- „მე არ ვარ ქართველი. მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის“.

ფაქტობრივად, მთელი მისი მოღვაწეობა იყო საკუთარი კარიერის კეთება საკუთარი ხალხისა და საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ქართველ კომუნისტებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ სტალინთან, მაგრამ ეს არ იყო პრივილეგია. რეპრესიები ქართველ კომუნისტებსაც შეეხოთ 1937 წელს.

ამ რეპრესიებს გადაჰყვა ჩვენი ინტელიგენცია და გლეხობის დიდი ნაწილი. იგივე მოხდა 50-იან წლებში, როდესაც სტალინი ცხოვრების ბოლო წლებში დაუპირისპირდა ბერიას. ის ბერიას არ ენდობოდა, ისევე როგორც ძველი პოლიტბიუროს წევრებს. ამიტომ დაიწყო ე.წ. მეგრელთა საქმე. მეგრელთა საქმეს შეეწირა ბევრი ადამიანი და დიდი ტრავმა მიაყენა ქართველების ცნობიერებას.

სტალინის შეფასებაში, მიუხედავად სისხლიანი საქმეებისა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ პროვინციულმა აზროვნებამ გადაწონა. ახლაც მიაჩნია ზოგ-ზოგიერთს, ვინაიდან ქართველი იყო, საქართველოსთვის რაღაცას აკეთებდა.

მე დარწმუნებული ვარ, სტალინთან შეხება რომ არ გვქონოდა და ვყოფილიყავით ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იყო თურქმენეთი თუ უზბეკეთი, გაცილებით ნაკლები რეპრესიები იქნებოდა.

საბოლოო ჯამში სტალინის ახლო ურთიერთობამ საქართველოსთან და ცოდნამ საქართველოში არსებული რეალობისა განაპირობა ის, რომ საქართველომ ასეთი უდიდესი ხარკი გადაიხადა სტალინიზმის გამო.

საუბარი იმაზე, რომ სტალინი წმინდანი იყო და მისი ხატები უნდა შეიქმნას, არის წმინდა სტალინური პროპაგანდა. ასევე ჩვენი ჩამორჩენილობისა და პროვინციული დაკომპლექსების ბრალი.

  • ვინც სტალინის კულტს აცოცხლებს, რა არის მათი მიზანი, რა უნდათ ამით ქართულ საზოგადოებაში გამოიწვიონ?

უპირველესად ესაა გრავიტაცია რუსეთის მიმართულებით და ნარატივი – სტალინი იყო ქართველი, ქართველმა შექმნა სსრ კავშირი, ჩვენ მშვენივრად ვიყავით სსრ კავშირში და რა გინდათ მეტი?

გარდა ამისა, იყო ადამიანი, რომელიც იყო მდაბიო წრიდან და მიაღწია უზარმაზარ მწვერვალს. ბუნებრივია, ეს მასაზე მოქმედებს.

იგივეა ივანიშვილის ან სილვიო ბერლუსკონის ფაქტორი იტალიაში.

ივანიშვილს რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობამ? დაახლოებით იმავე მიზეზის გამო, რის გამოც სტალინს თავის დროზე. ეს იყო წარმატებული სოციალური პროექტი. გლეხური ოჯახიდან წამოსული ადამიანის ოცნებაა უცებ გახდე მილიარდერი, ოლიგარქი. შეგეძლოს შენი ხუშტურების დაკმაყოფილება – ზებრების ჩამოყვანა და ა.შ.

ეს არის კაპიტალიზმის პირობებში ქართველის იდეალი.

სსრკ-ს პირობებში კი მსგავსი იდეალი სტალინის ფიგურაში აისახა: – ეს ჩვეულებრივი ქართველის, უბრალო გლეხის წარმატებული კარიერის მაგალითი იყო.

იგივე შეიძლება ითქვას სილვიო ბერლუსკონიზეც.

სილვიო ბერლუსკონის, რომელიც იყო კორუმპირებული და ეს იტალიელებმა იცოდნენ, საბოლოო ჯამში აძლევდნენ ხმას. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ხედავდნენ მასში. შესაბამისად, მისაღები იყო ამ პრინციპით – მე რომ ვიყო, მეც ასე მოვიქცეოდი. აი, ესაა უბედურება.

  • სტალინის დანაშაულები, რომლებიც მან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა, არათუ ჩამოუვარდება ჰიტლერის დანაშაულებს, შეიძლება აჭარბებს კიდეც. ისტორიამ გადააფასა ჰიტლერი, მაგრამ მის გვერდით ჯერ არ დგას სტალინი, რატომ?

გერმანიაში ჰიტლერი და ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდნენ 1933 წლიდან 1945 წლამდე.

სტალინი ხელისუფლებაში მოვიდა 1924 წელს და 30 წელი მართავდა სსრ კავშირს. სსრ კავშირი, როგორც სახელმწიფო, სტალინის დროს ჩამოყალიბდა. სტალინმა შექმნა სისტემა, ტერორით, დაშინებით, ტოტალიტარიზმით და სახელმწიფოს სრული კონტროლით.

შიშის რესურსმა, რაც ჩაუდო ადამიანებს, სისტემას გააძლებინა სტალინის სიკვდილიდან კიდევ 40 წელი – სანამ ცოცხალი იყო იმ ხალხის უმეტესობა, რომელმაც გამოიარა ტერორი და უბედურება, რაც შექმნა სტალინმა.

რამდენი ათასი ადამიანი გაანადგურეს სტალინმა და ბოლშევიკებმა რეპრესიების დროს? თუნდაც კატინის საქმე ავიღოთ, რამდენიმე ათასი პოლონელი ოფიცერი მარტო იმიტომ დახვრიტა, რომ ისინი პოლონელი ოფიცრები იყვნენ.

უპრეცედენტოა დანაშაული, რაც სტალინმა ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ.

სტალინი იყო აღმოსავლური ტიპის ტირანი, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი რუსეთის იმპერიის საშუალებები და რომელმაც განახორციელა ტერორი იმ ფარგლებში, რასაც ეს უზარმაზარი იმპერია იძლეოდა.

  • როგორ უნდა მოვკლათ სტალინი?

მხოლოდ განათლებით.

ადამიანებს, რომლებიც გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ იმ სისტემაში, იმათ არაფერი აღარ ეშველებათ. ესენი არიან მორწმუნეები. სტალინმა მათში, ფაქტობრივად, კანონიკური სახე მიიღო. მათში ვერაფერს ვერ გამოასწორებ. მათ სწამთ სტალინი.

შედარებით ახალგაზრდებთან, რომლებიც სტალინის დროს არ მოსწრებიან, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

უპირველესად განათლებით, შესაბამისი ლიტერატურის გამოცემით, საინფორმაციო საშუალებებში საგანმანათლებლო კამპანიის გატარებით. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – სტალინიზმი და ჩამორჩენილობა არის ერთი და იგივე. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: