მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

07.02.2024 • 11464
რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

ჩაძინებისას შეკრთომა ძალიან ხშირი მოვლენაა, ამ დროს კუნთები უეცრად და უნებლიეთ მოძრაობს – მიოკლონია [კუნთის სწრაფი, უნებლიეთ შეკუმშვა] შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და ზოგჯერ ისეთი ინტენსიური იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ კიდეც.

მოძრაობას ხშირად ახლავს სხვა, მათ შორის, სიზმრის მსგავსი, წარმოსახვითი ვარდნის შეგრძნება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ელგა ჩხენკელი განმარტავს, რომ ასეთი მიოკლონია, როგორც წესი, გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, ანუ ფიზიოლოგიურია და ჩვეულებრივ, არ არის საშიში. თუმცა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი სიმპტომატიკა საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებასაც.

„სამედიცინო ენაზე ამ უნებლიე მოძრაობებს, რომლებიც უმეტესად იწვევს კიდურების მცირე ამპლიტუდის მოძრაობას, ეწოდება მიოკლონია. მიოკლონია, ზოგადად, შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, რომელიც ვითარდება ფსიქო-ემოციური აგზნების ფონზე, შეიძლება იყოს შფოთვითი აშლილობის გამოვლინება“, – ამბობს ექიმი.

ნევროლოგი ასევე ამბობს, რომ ზოგიერთ  შემთხვევაში მიოკლონია შეიძლება იყოს გენერალიზებული ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის ერთ-ერთი გამოვლინება, თუმცა გენერალიზებული ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი მიოკლონია უფრო დილით, გამოღვიძებისას ვლინდება.

მიოკლონია განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდობის ასაკში.

„იმდენად, რამდენადაც ეს გენერალიზებული ფორმები ძირითადად ვლინდება გარდატეხის ასაკში, პროგნოზულად თუ არ უმკურნალებ, მომავალში, რამდენიმე თვის, წლის შემდეგ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში ჩააგდოს პაციენტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს დიდი, გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა. ამ დროს შესაძლოა ცუდად დაეცეს და დაშავდეს პაციენტი. აქვე, შეიძლება სიმპტომები თავისითაც ალაგდეს, ან კლინიკურად არც გამოვლინდეს, ან გამოვლინდეს საჭესთან ყოფნისას, ან სხვა სახიფათო ვითარებაში“, – ამბობს ექიმი.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, გარდა ფიზიოლოგიური და ეპილეფსიური მიოკლონიისა, შეიძლება იყოს სიმპტომური მიოკლონია, რომელიც, Mayo Clinic-ის ცნობით, გამოწვეულია ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით – „მას ზოგჯერ მეორად მიოკლონუსს უწოდებენ. მაგალითები მოიცავს: მეტაბოლურ დარღვევებს, ქიმიურ ან წამლისმიერ მოწამვლას, ინფექციას, წამლის რეაქციას და სხვა“.

ექიმის განმარტებით, ფიზიოლოგიური მიოკლონიის შემცირებისთვის საჭიროა სტრესის შემცირება. კერძოდ „ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვაძლევთ შფოთვის დროს. ეს არის ძილის ჰიგიენის, შრომის ჰიგიენის დაცვა, ანუ ნორმირებული ძილი და ნორმირებული შრომა – არ შეიძლება დღისა და ღამის გადაბმა.

ასევე, მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა; გაჯეტების შეზღუდვა, რომლებიც ზრდიან ტვინში ელექტრონულ აქტივობას და ეს გვმატებს შფოთვას; მავნე ნივთიერებების არ მიღება; აქვე, უნდა შეამციროთ კოფეინის მოხმარება; სიგარეტი შეზღუდეთ კატეგორიულად; თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, შესაძლოა გარკვეული დროით მედიკამენტური საშუალებების გამოყენებაც“.

SleepFoundation: კოფეინის ჭარბად მოხმარებამ, განსაკუთრებით დღის ბოლოს, შეიძლება ხელი შეგიშალოთ ძილში. მოერიდეთ დღეში 400 მილიგრამზე მეტი ყავის მოხმარებას; ნიკოტინი მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ტვინის უნარი, მოდუნდეს ღამის საათებში. მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენი ძილის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი სედატიური საშუალებაა, მას ასევე შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილი, გამოიწვიოს ძილის ნაკლებობა, რაც ზრდის ძალისმიერი შეკრთომების რისკს.

ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ როდესაც კრთომა ხშირია, ხელს გვიშლის ძილში, ან ვითარდება დილის საათებში, გამოღვიძებისას, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს:

„თუ ფსიქოგენურია, ამ შემთხვევაშიც სჭირდება დახმარება, თუ პათოლოგიაა – მით უმეტეს. ეპილეფსიაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშნება ელექტროენცეფალოგრამა და პაციენტს სჭირდება ეპილეფტოლოგის კონსულტაცია, რათა ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის უკან არ გამოგვეპაროს ეპილეფსიის საკმაოდ სერიოზული ფორმა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა“ – ამბობს ელგა ჩხენკელი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: