მთავარი,სიახლეები

„როცა გძინავს, როგორ მიხვდები, როდისაა გაქცევის დრო“ – ხალხი სოფელში მეწყრის პირისპირ და მარტო | ვიდეო

07.02.2024 • 5395
„როცა გძინავს, როგორ მიხვდები, როდისაა გაქცევის დრო“ – ხალხი სოფელში მეწყრის პირისპირ და მარტო | ვიდეო

„წვიმის დროს გვეუბნებიან, დაცალეთ სახლიო, მაგრამ როცა გძინავს, რა უნდა მიხვდე, როდისაა გაქცევის პერიოდი, ან სად უნდა გავიქცეთ?“ – კითხულობს მარო ქავთარაძე, რომელსაც ქედის სოფელ გულებში 6 დღის წინ, პირველ თებერვალს ვესაუბრეთ.

სოფელი გულები გუშინ, 6 თებერვალს დაიმეწყრა: მოიშალა გზები, მეწყერი შევიდა სახლის ეზოებსა და ბაღებში. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეწყრის შედეგად აჭარის სოფლებში 2 ადამიანი დაიღუპა, გულებში 15 ოჯახს, ღამის 12 საათის შემდეგ, ახლობლებისთვის შეუფარებია თავი.

იმის მიუხედავად, რომ წინა წლებში სოფელ გულებში მცხოვრებ 19 ოჯახს გეოლოგებმა უთხრეს, რომ მათი გასახლებაა საჭირო, ისინი ვერსად წავიდნენ. ადამიანები, რომლებსაც „ბათუმელები“ დამეწყვრამდე ესაუბრა, ჰყვებიან, რომ მათ ხელისუფლებამ ვერაფერი შესთავაზა – სოფელი მხოლოდ ორ ოჯახს დაუტოვებია, ვისი სახლიც მეწყერმა წინა წლებში წაიღო.

„აქ ბზარი ცოტა იყო, მაგრამ თანდათან მატულობს, მეწყრის ზონაა, მუდმივად შიში გვაქვს,“ – სახლის გარე ფასადზე ბზარებს გვაჩვენებს მარო ქავთარაძე.

მარო ქავთარაძის სახლი

მარო ქავთარაძე

„დემონტაჟი როცა წერია გეოლოგის დასკვნაში, თავისთავად საშიშია. თითქმის ერთი წლის წინ დაიდო დასკვნა,“ – ამბობს მარო ქავთარაძე, რომლის სახლის ეზოდან ჩამავალ გზას ახლაც ატყვია წინა მეწყრის კვალი.

მარო ქავთარაძეს და მის მეზობლებს ხელისუფლება 40 ათას ლარს სთავაზობს გასახლების სანაცვლოდ, ან ბინას სოციალურ სახლში, ქედის ცენტრში. მარო გვიყვება, რომ ეს პირობა მისაღები არ არის, რადგან სახლს ვერ იყიდის.

„წლებია გვაქვს გეოლოგების დასკვნები, მაგრამ არავინ წავსულვართ, 300 ლარს იძლევიან მხოლოდ ბინის ქირისთვის. 300 ლარად ქედაშიც ვერ იქირავებ, არათუ სადმე სხვაგან წახვიდე,“ – ამბობს გურამ დიასამიძე. მას გეოლოგების დასკვნის მიხედვით, სახლის დატოვება არ უწევს, მაგრამ ფერდსამაგარი სამუშაოები და სახლის გამაგრებაა საჭირო.

„ყველა დოკუმენტაცია გამზადებულია, ველოდები დაფინანსებას,“ – ადგილობრივი მთავრობის დაგვიანებულ რეაქციაზე მიგვანიშნებს მოქალაქე.

გურამ დიასამიძე

„ნახეთ, ჩემი სახლი გადაწეულია,“ – სახლის წინ ჩერდება ომარ დიასამიძე და ისე გვაჩვენებს აგურის სახლს, რომელიც აღარ გაურემონტებიათ. გასულ წლებში ერთი სახლი ომარი სახლის ზემოთ ჩაუმარხავს მეწყერს, მეორე – ქვევით.

ომარ დიასამიძე

„გასახლებას ველოდებით 19 ოჯახი… გვთავაზობენ 40 ათას ლარს, ან სოციალურ სახლში იცხოვრეთო, მაგრამ ქედაში რომ ჩახვალ, ისევ ქედაში უნდა იარო? რაღაც ხომ უნდა იყოს, რომ დასაქმდე? ქედის ცენტრში რომ ძველი საავადმყოფო იყო, ახლა იქ ხალხია შესახლებული, ვისაც აქვს საჭმელი ჭამს, დანარჩენი არ ვიცი.

ქედაში, ბინაში ცხოვრებას ბათუმი ჯობია: იქ სამსახურს მაინც ნახავ სადმე, ბოლო-ბოლო ნაგავს გაიტან,“ – გვითხრა ომარ დიასამიძემ.

ეზოში გამოდის ომარის დაც. ია დიასამიძე ამბობს, რომ ისიც ვერ იძინებს ღამით, როცა ჭექა-ქუხილია და წვიმს. ია სახლის უკანა ეზოში გასულ წელს ჩამოსულ მეწყერს გვაჩვენებს და დასძენს, დაგვიანდა უკვე ფერდსამაგრის მოწყობაო.

ია დიასამიძე

„განვიხილავთო – ასე თქვეს. შემდეგ თქვეს, ექვემდებარება გაკეთებასო, მაგრამ არ ვიცი, დაგვიანდა უკვე“, – გვითხრა ია დიასამიძემ.

დღეს, 7 თებერვალს, ქედის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ვერ გვეტყვიან ზუსტად, რამდენი ოჯახი უნდა განსახლდეს კონკრეტულად სოფელი გულებიდან, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი, 100-მდე ოჯახი გადავიდა უსაფრთხო ადგილას.

„სოფელ გულებში გეოლოგებმა დაიწყეს მუშაობა,“ – აღნიშნეს ქედის მერიის პრესცენტრში.

ქედა, სოფელი გულები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: