სიახლეები

90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა

07.02.2024 • 3082
90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა

6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

„მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს“ – წერს თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

გუშინ, 6 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ მოსახლეობა უკავშირდებოდა სხვადასხვა სოფლიდან და ითხოვდა დახმარებას მეწყრული პროცესებისგან გასარიდებლად.

აჭარის მთავრობის ცნობით, წუხელ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_________________

ფოტოზე: მეწყერი აჭარაში. ფოტო: აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: