მთავარი,სიახლეები

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

09.02.2024 • 11307
ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოში ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ეროვნული სტანდარტის (პროტოკოლი, გაიდლაინი) არ არსებობის გამო, აქ ეს სამედიცინო სერვისი არავისთვისაა ლეგალურად ხელმისაწვდომი. ამის გამო საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილი ჰორმონალურ თვითთერაპიას მიმართავს.

ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჰორმონალური მედიკამენტების მიღებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

20 წლის ნანიკა მეცხრე თვეა ჰორმონალურ თვითთერაპიაზეა, ბათუმში კვალიფიციური ენდოკრინოლოგი რომ ვერ იპოვა, ჰორმონალური მედიკამენტებისა და დოზირების შესახებ ინფორმაცია სხვა ტრანსგენდერი ქალებისგან მიიღო. ამბობს, რომ გაუმართლა და მისი ფემინიზაციის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს. საბოლოოდ კი ერთ ენდოკრინოლოგს მიაგნო, რომელიც პერიოდულად ამოწმებს ნანიკას ჯანმრთელობას. 

ნანიკას, რომელიც ამჟამად ორ სამსახურში მუშაობს, ამბობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც უმეტესად ოჯახისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, განსაკუთრებით რთულია განათლების მიღება, დასაქმება და თავის რჩენა. 

  •  ბავშვობა

მე მქვია ნანიკა, ვარ 20 წლის, ტრანსგენდერი ქალი და საკმაოდ ბევრ სირთულეს გავდივარ, ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან. თავიდანვე განვსხვავდებოდი ბიჭებისგან, არამამაკაცური თვისებებით, ფემინურობით, განსხვავებული შეხედულებებით, ინტერესებით და ჩაცმით/გარეგნობით.

ყოველთვის, ისეთ გარემოში, სადაც ვიცოდი მარტო ვიქნებოდი, ვცდილობდი, ვყოფილიყავი საკუთარი თავი. სახლში რომ არ იყვნენ, დედაჩემის ნივთებს ვიყენებდი; ერთხელაც შეამჩნიეს, რომ სახეზე რაღაცები მესვა და ძალიან გავილახე დედისგან. ამის გარდა არაერთხელ გავილახე.

მისგან სულ იყო აღზრდაში ძალადობრივი მიდგომა, არასდროს მიშვებდა გარეთ, რადგან სულ „პრობლემებს ვუქმნიდი ჩემი ორიენტაციით და განსხვავებულობით“; ფიქრობდა, რომ ავად ვიყავი და ფსიქოლოგის „დახმარება“ მჭირდებოდა; „ქალაჩუნა“ – ასე მეძახდა ხოლმე – „ნუ იქცევი ქალაჩუნასავით“.

  „ბიჭი ხარ!“ – ეს კომენტარი მახსოვს სულ, თავიდან არ იყო ისე უხეშად ნათქვამი, მაგრამ მერე გამკაცრდა.

ყველა ამჩნევდა თავიდანვე, თუ ვინ ვიყავი, რადგანაც ღიად გამოვხატავდი თავს. სულ მეკითხებოდნენ, შეყვარებული გყავს? რა ჰქვია? რატომ დადიხარ სულ გოგოებთან ერთად? რატომ არ გაინტერესებს სპორტი, ბოქსი, მანქანები… მართლაც არასდროს მაინტერესებდა ასეთები, ვიტრინებში სულ თოჯინებს ვუყურებდი. მქონდა კიდეც თოჯინები, ოღონდ მეზობელს გამოვართვი და დავიტოვე.

  • ოჯახი

ოჯახში ახლაც მწვავე გარემოა, ქაოსში ვარ ამის გამო. ორ სამსახურში ვმუშაობ, ძალიან მინდა სახლიდან წავიდე, ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, რთული მდგომარეობა მაქვს შინ.

ამჟამად ოჯახის კიდევ ერთ წევრთან ვცხოვრობ. შინ, ფაქტობრივად, ღამის გასათევად მივდივარ და დილიდანვე გამოვდივარ, სამსახურის გამო ან ისე. დღესაც ისე გამოვედი – სახლში გაჩერება აუტანელია, რადგანაც ყოველდღიურად მძაფრდება სიტუაცია და სახლი გახდა ჩემთვის ის ადგილი, სადაც მუდმივი ქაოსი, ზეწოლა და მუდმივი ძალადობრივი გარემოა.

ამჟამად დედასთან არ მაქვს კონტაქტი, ზიზღით მიყურებდა მაგ პერიოდში. ზოგადად, არასოდეს მქონია დედაჩემისგან მხარდაჭერა, მაგრამ ახლა საერთოდ გაწყდა კონტაქტი; 

არც ერთი მშობლის მხარე არ მიჭერს მხარს და ოჯახებს შორის მიმდინარეობს მუდმივი დაპირისპირება ჩემი მდგომარეობისა და აღზრდის საკითხზე.

ბებიისთვის წარმოვადგენდი სირცხვილს სანათესავოსა და სამეზობლოში; ასეთი რაღაც მითხრა, მეორედ ქუჩაში რომ შემხვდები, არ დამელაპარაკო, მრცხვენია შენთან შეხვედრაო… ეს იყო ჩემთვის დამანგრეველი. თავიდან მიცავდა, როცა ხედავდა, რომ მჩაგრავდნენ სკოლაში, მრიყავდა ყველა, სამსახურში პრობლემები მქონდა, ალბათ ვეცოდებოდი, მაგრამ ახლა მისგანაც იგივე მოდის.

დედა და მამა დიდი ხნის წინ, ალბათ 14-15 წლის წინ, გაშორდნენ ერთმანეთს, პატარა ვიყავი მაშინ.

ოჯახის წევრებს არასდროს არსად მივყავდი სტუმრად, რომ წავიდოდნენ, როგორც ხდება ხოლმე ბავშვები ხომ მიჰყავთ? მათთვის არ წარმოვადგენდი არასდროს არაფერს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ სხვა ორიენტაციის ვიყავი.

ოჯახი მეწინააღმდეგება, რომ ღიად ვისაუბრო საკუთარ თავზე, საზოგადოებაში გახსნილი ვიყო  ორიენტაციაზე, სურთ, მაქსიმალურად დავმალო.

ახლა მამაჩემთანაც გამძაფრდა პრობლემები. ჩვენთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. ამას წინათ მემუქრებოდა მოკვლით და იყო ფიზიკური ძალადობის რისკიც. საშინელებებს ამბობდა, ისეთი საზიზღარი მაგალითები მოიყვანა ქალზე… 

ვერცერთი მშობელი ვერ ამჩნევს ჩემ საჭიროებებს და, ზოგადად, ჩემ არსებობას. ერთადერთი ოჯახის წევრი, ვინც მხარს მიჭერდა, მამიდა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდი მაგიც აღარ მაქვს.

სხვა დროსაც ყოფილა მამაჩემისგან ძალადობრივი გამოვლინებები, ერთხელ, როცა შეამჩნია, რომ სახეზე რაღაც (მაკიაჟი) მესვა, მისკენ ახლოს მიმწია ხელით და ალბათ მზად იყო, დაერტყა. გავქვავდი. ქუჩაში ვიყავით და არ უნდოდა სხვასაც ენახა მსგავსი რამ ჩემს სახეზე.

  • სკოლა

სკოლაში დაიწყო ყველაფერი…  მანერებითა და ქცევებით, თავიდანვე მეტყობოდა ფემინურობა, არასდროს ვგრძნობდი თავს ან ბიჭად ან კაცად, მასკულინური ენერგია არასდროს მქონია; თუმცა დაახლოებით 14-15 წლის ასაკიდან იწყება ჩემზე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობა, სკოლაში, ქუჩაში… ყოფილა ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.

შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო მასწავლებლისგანაც, თანაკლასელების მხრიდან მოდიოდა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა, უფროსკლასელებისგანაც მახსოვს… 

უჩნდებოდათ კითხვა, რატომ ვარ ასეთი ფემინური, ან რატომ ვარ ბიჭთან შედარებით უფრო ლამაზი, რატომ მაცვია ასე… არ ვიცი, რას ემსახურებოდა ეს კითხვები. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ [გვერდს ვერ ავუვლი]… ჩემი ყოველი ჩავლა, ყოველი გაკვეთილის პროცესი, იწყებოდა ჩემზე [დემონსტრაციული] ჭორაობით – იცი, ეს „პი*****ტია“, ასეთი წამოძახილები მესმოდა, რომ ჩავუვლიდი მაგათ, იმდენად ხმამაღლა მაძახებდნენ, ყველას ესმოდა. 

გაკვეთილების შემდეგ იყო გარჩევები, დაცინვა საჯაროდ – „შენ საერთოდ რა არსება ხარ“. ერთხელ სკოლასთან ბიჭები დამხვდნენ, სხეულზე შემეხნენ, ტანსაცმელზე მექაჩებოდნენ, ძირს დამაგდეს, მაგ დროს ხელები ვიტკინე, მუშტიც წამოვიდა, ტანზე ჩალურჯება მქონდა. 

ეს, ძირითადად, ბიჭებისგან მოდიოდა, გოგოებისგანაც მახსოვს უსიამოვნო რამეები, მაგრამ შემდეგ ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ მათგან ვიღებდი საკმაო მხარდაჭერას.

სახლშიც მითქვამს, რომ სკოლაში ძალიან მჩაგრავდნენ; ვითხოვე, ან სკოლა შევიცვალოთ, ან რამენაირად უნდა დამეხმაროთ-მეთქი… ბევრჯერ მოსულა სკოლაში მშობელი, ბევრჯერ მოხდა შელაპარაკება სხვა ბავშვების მშობლებთან. რა თქმა უნდა, ეს არ შველოდა ჩემ მდგომარეობას. 

ოჯახში მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემ შენიღბვას, თუნდაც ჩაცმულობით, ქცევებს მისწორებდნენ. დღემდე მეუბნება ბებია – „რას გავხარ, წესიერად მოიქეცი. ისე, როგორც კაცს შეეფერება…“ ცოლის მოყვანითაც „მემუქრებიან“.

სკოლაში ჩაგვრის გამოცდილების გამო ვერ გავრისკე უნივერსიტეტში ჩაბარება. ვფიქრობ, რაც სკოლაში გავიარე, ახლა მეორედ ვეღარ გავივლი, დავეცემი სრულიად. როცა სულ გადარჩენის რეჟიმში გიწევს ყოფნა და მუდმივად ძალადობის ქვეშ ხარ, გეშინია ყველა ახალი გარემოსი, ახალი ხალხის, დაწესებულებაში მისვლის, სამსახურის დაწყების.

  • უსაფრთხოება 

ქუჩაში სამ-ოთხჯერ მქონია შემთხვევა, ჩემივე უბანში ბიჭებმა სრულიად წრე შემომარტყეს და საქმის გარჩევები დამიწყეს ორიენტაციასთან დაკავშირებით. მეუბნებოდნენ, შენ ასეთი ხარ, რას გავხარ და შენ ქალი ხო არ ხარ… კარგად ვერც ვისმენდი რას ამბობდნენ – პანიკა მემართებოდა და სრულიად ვკანკალებდი, გონება მიბნელდებოდა, არც კი მესმოდა, რა ხდებოდა.

აკიდების მომენტებიც მქონია, უკან რომ გესმის მოძახებები დედას მოგი… უბნელებისა და სხვა უბნიდან გადმოსული ბიჭებისგანაც, მაგრამ ახლა თითქოს შეიცვალა ვითარება, შეიცვალა რაღაც მათ დამოკიდებულებაში…

ჰორმონალური თერაპიის შემდეგ ჩემი ვიზუალი სწრაფად იცვლება – ქალაქში გავლის პრობლემა არ მაქვს, თუნდაც მაღალქუსლიანებით გავიარო, გარეგნობა მიწყობს ხელს. სახლში კი მაქსიმალურად ვცდილობ მასკულინურად მეცვას, მაგრამ მაინც გაღიზიანებას იწვევს ჩემი ოჯახის წევრებში, ზოგადად ჩემი არსებობა. 

ემიგრაციაც ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. თბილისში წასვლაზეც მიფიქრია, რადგან ნათესავების გამო ალბათ ბათუმი უსაფრთხო ქალაქი არ არის ჩემთვის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას. 

ახლა, როცა თავდაჯერებული გავხდი პიროვნულად, ვხვდები, რომ საკმარისად ძლიერი ადამიანი ვარ სინამდვილეში, მინდა დავამტკიცო, რომ შეგიძლია ბათუმში იყო ტრანსგენდერი ქალი, გქონდეს სამსახური, ვითარდებოდე პროფესიულად და სარგებლობდე ყველა იმ უფლებით, რაც სხვებს აქვთ.

  • სამსახური

ეს ასაკია 16 წელი – მე ვიწყებ ვირულ მუშაობას სამსახურიდან სამსახურში, ვცდილობ დამოუკიდებლად ვიცხოვრო, მქონდეს საკუთარი შემოსავალი, რომ არ მქონდეს მშობლებთან შეხება; 

ძირითადად ჩემი სამსახურები იყო მომსახურების სფეროში – ვყოფილვარ კონსულტანტი, ბარისტა, ხელფასი საშუალოდ 300 ლარია. ახლა ორ სამსახურში ვმუშაობ, სათემო ორგანიზაციაში ახლახან დავიწყე მუშაობა, პირველ სამსახურში ჩემი საქმიანობა პიარს უკავშირდება, მესმის სერვისი, მესმის მომსახურების სტანდარტი, მომხმარებელთან კომუნიკაცია, ურთიერთობები, შეთავაზებები. მოკლედ, შემიძლია კომპანიებს გავუკეთო პიარი.

ახალ სამსახურს რომ ვეძებ, ვკითხულობ ხოლმე რამდენად ქვიარ მეგობრული სივრცეა და აღმოვაჩინე – სამშენებლო კომპანიებსა და გაყიდვებში არ არის ქვიარ მეგობრული გარემო.

ყველა ის ცოდნა, რაც ახლა მაქვს, მხოლოდ მუშაობით დავაგროვე, ხალხთან კომუნიკაციით, ადამიანებთან გამოცდილებების, უნარების, შესაძლებლობებისა და ისტორიების გაზიარებით, ინტერნეტსივრცე მეხმარებოდა. განათლებისთვის ბევრი ალტერნატიული საშუალებაა, ბევრი ორგანიზაცია თავად ზრუნავს თავისი თანამშრომლების გადამზადებაზე. ამ ეტაპზე გეგმა ასეთია – მოვახერხო დამოუკიდებლად ცხოვრება, ჩემი პროფესიული უნარების გაღრმავება, ჰორმონალური თერაპია და ალბათ, რამდენიმე წელში სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაც. 

  • ჰორმონალური თვითთერაპია

დარწმუნებული ვარ, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი მიმართავს თვითნებურ თერაპიას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ როცა არ გვაქვს შესაბამისი სერვისი, ნორმალურ ენდოკრინოლოგებთან წვდომა, დეფიციტია ამ მხრივ კომპეტენტური სპეციალისტები – სხვა რა გზაა.

როცა ენდოკრინოლოგთან მივედი ჰორმონალურ თერაპიაზე სასაუბროდ და ჩემი მდგომარეობის [გენდერული დისფორია – სტრესი და დისკომფორტი, როდესაც დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა ადამიანის გენდერულ იდენტობას] გასაზიარებლად, ვერც ერთი ენდოკრინოლოგი ვერ დამეხმარა – არ იცოდნენ, როგორ ემუშავათ ჩემთან, რა მედიკამენტი რა დოზით უნდა დაენიშნათ. 

ენდოკრინოლოგები ბათუმში ვეძებე, სხვადასხვა კლინიკაში, თავიდან პუშკინზე მივედი, ორი სხვადასხვა ენდოკრინოლოგი იყო და იცით, რა მკითხეს? – „შვილო, შენ ქრისტიანი ხარ?… რა ოჯახში იზრდები, მშობლებმა იციან?“ ეგრევე დავტოვე კაბინეტი.

ჰორმონოთერაპია დავიწყე ჩემით და სპეციალისტის ძიებაში ვიყავი, რომ გადამემოწმებინა, როგორ მიდიოდა პროცესი; საბოლოოდ ვიპოვე ერთი ენდოკრინოლოგი. ეს ქალბატონი მეხმარება მცირედი გადამოწმებით, გარკვეული პერიოდულობით ვსაზღვრავთ ჰორმონებს სისხლში.

სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ თბილისში დაგაკავშირონ ასეთ რამდენიმე სპეციალისტს. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს სერვისი არ არსებობს საქართველოში. შესაბამისად, სხვებსაც აქვთ ჰორმონალური თერაპიის თავისით ჩატარების გამოცდილება. 

გავრისკე და ჰორმონალური თერაპია სხვა ტრანსგენდერი მეგობრებისგან აღებული ინფორმაციით დავიწყე. ჩემდა საბედნიეროდ, დღემდე  კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, დოზირება საშუალო სტატისტიკის მიხედვით გავზარდე, სხეულსაც მოვუსმინე და ჯანმრთელად ვარ.

დაწყება სარისკო იყო, თითქმის 6-7 თვე ვფიქრობდი – დავიწყო – არ დავიწო, ძალიან მეშინოდა, არასწორი დოზების მიღება სავალალო შედეგებს იწვევს, მაგრამ გონებასა და სხეულს შორის კავშირის წყვეტა, მუდმივი კრიტიკა და სიძულვილი საკუთარი სხეულის მიმართ, საკუთარ სხეულში არაკომფორტულად ყოფნა იმდენად გაუსაძლისია, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე და დავიწყე ჰორმონალური თერაპია.

სახლში გვიან გაიგეს ჰორმონალური თერაპიის შესახებ, მედიკამენტს კარადაში ვმალავდი, მაგრამ ფემინიზაციის პროცესი რომ დაიწყო, გაუჩნდათ კითხვები – შენ რაღაც სხვანაირად შეიცვალე და რა ხდება? გამუდმებით მაკონტროლებენ და ჩემს კარადაშიც აღმოაჩინეს მედიკამენტი. ავუხსენი, რომ ასე და ასე ხდება. ეწინააღმდეგებიან, ალბათ შიშობენ, რომ რამე არ მომივიდეს. ნაწილობრივ იმისაც ეშინიათ, რომ საკმაოდ სწრაფად ვიცვლები.

როცა ჰორმონალურ თერაპიას იწყებ, გამოწვევაა ფინანსური მდგომარეობაც, ჰორმონების თვიური ღირებულება შეიძლება 150-170 ლარამდე იყოს. დოზა იზრდება – მით უფრო მიდის ფასი ზევით.

  •  გაწვევა ჯარში

ჩემი პირველი შეხება სამხედრო სამსახურთან იყო სკოლაში, ვიღაც სამხედრო იყო მოსული და მოგვაწოდეს  ბლანკი, რომელიც უნდა შეევსო ყველა ბიჭს, რომელმაც მიაღწია კონკრეტულ ასაკს. ეს ნიშნავს, რომ სკოლა უკვე სრულდება და სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაიარო.

დიდი შფოთვა გამოიწვია ამ დოკუმენტმა, ხელი მიცახცახებდა – ვიცოდი, რა საფრთხეების წინაშე დავდგებოდი.

ვუთხარი მასწავლებელს, რომ ამას არ შევავსებდი. ძალიან ვბრაზობდი, დავხევ და ნაგავში ჩავყრი-მეთქი, მაგრამ შემავსებინეს მაინც. 

პირველად რომ დამიბარეს კომისარიატში, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვიფიქრე, წავალ და იქ გავიგებ. იმდენად უხეში გარემო დამხვდა, ხმაც ვერ ამოვიღე შიშისგან. იმ დროს მენტალური პრობლემებიც მქონდა, იმდენად მძაფრი იყო შიშები, რომ ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი, საფრთხისგან თავის ასარიდებლად. მოკლედ, ხელი მომაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, მითხრეს არაფერს ისეთს არ ნიშნავს და – „ზარს დაელოდე“.

დაახლოებით ერთ კვირაში მომდის ზარი – უნდა გამოვცხადებულიყავი ჩემი პირადობით დილის 7 საათზე კომისარიატში, რადგან მიშვებენ თბილისში 30 ბიჭთან ერთად, შემოწმებაზე –  „მზადყოფნაში იყავი“. არ შემეძლო. ოთახში ჩავიკეტე. მაგ პერიოდში არსად ვჩანდი, ვიმალებოდი ქუჩაშიც. არ ვიცოდი, რომ ასეთი მალვა არ იყო საჭირო, მაგრამ სტრესი რომ გაქვს და ძლიერ საფრთხეს გრძნობ, ავტომატურად გაურბიხარ ყველაფერს.

ჯარში ბიჭების გარემოცვაში ძილი, ჭამა, ბანაობა, ვარჯიში, წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, როცა ასეთი ვარ? ყველა რომ ამჩნევს ვინც ვარ, როგორი გარემო იქნებოდა. ჯარზე ბევრი ამბავი გამიგია და ვიცი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს კარგად არ ექცევიან, დაუჭრიათ კიდეც ვიღაც, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს.

ნაცნობის ნაცნობმა სამხედრომ მირჩია, არც გაბედო მაქ თავის შეყოფა, მაქსიმალურად ეცადე, რომ აირიდო, უმჯობესია ქვეყნიდან წახვიდე, ვიდრე მანდ მოხვდეო.

პირველ გაძახებაზე არ წავედი, მეორე გაძახებაზე არ წავედი, მესამეზეც რომ არ წავედი, ოჯახის წევრები მომადგნენ: „რატომ არ მიდიხარ? ეს ყველა ბიჭმა უნდა გაიაროს“, „იქ დაკაცდები“, „გამოსწორდები“. მაინც არ წავედი. მესამე გაძახებაზე მომდის წერილი, რომ თუ კიდევ არ გამოვცხადდები, დაიწყება სასამართლო პროცესი და დავჯარიმდები. 

ამის პარალელურად მირეკავდნენ პოლიციელები განყოფილებებიდან, ღამის 11 საათზეც შემომსვლია ზარი პოლიციიდან. სხვა სახის შფოთვა ჩამომიყალიბდა, ყველა ზარზე ცუდად ვხვდებოდი, უცხო ნომრებს საერთოდ ვერ ვპასუხობდი, მშობლებსაც ურეკავდნენ.

საბოლოოდ შევპირდი, რომ გამოვცხადდებოდი, მაგრამ ვეძებდი გზას, თუ როგორ შეიძლებოდა ამერიდებინა თავი სამხედრო სამსახურისთვის. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა „გირჩი“, ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომ მათი საბუთით შეიძლება ჯარის არიდება და რაღაც პერიოდი ეს საბუთი დამეხმარა. ბოლოს ესეც არ ჭრიდა.

მითხრეს, რომ სამხედრო სამსახური საგუშაგოზე დგომით ან დაცვაში მუშაობითაც შეგიძლია მოიხადოო, მაგრამ მე სამსახური და შემოსავალი მჭირდება. მე ბანკის ვალდებულებებიც მაქვს, ამას არავინ ითვალისწინებს.

ანაზღაურებას რომ შევეშვათ, იქ ყოფნა შეიძლება სრული ჯოჯოხეთი იყოს, როცა ტრანსგენდერი ხარ. იქ უსაფრთხო გარემოს არავინ უზრუნველყოფს ამ მხრივ. ძალიან სტერეოტიპული სივრცეა. 

საბოლოოდ სათემო ორგანიზაციის დახმარებით მქონდა კონსულტაცია ფსიქიატრთან და ავიღე დასკვნა, რომ ნამდვილია ეს ყველაფერი, მაქვს გენდერული დისფორია, ასევე შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული აშლილობა. ამ ცნობის ასლი მივიტანე და ჩააკრეს ჩემს საქმეში: უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ მე ვარ ტრანსგენდერი ადამიანი და, შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის არ გამოვდგები, ასე წერენ ხოლმე.

სათემო ორგანიზაცია დამეხმარა, მეც ვესაუბრე კომისარს, არანაირი შეურაცხმყოფელი ტონი არ იგრძნობოდა, გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა, თუ ასე ყურადღებით მოეკიდებოდნენ ამ საკითხს.

ახლა თბილისში დარჩა გადამოწმება. სიმართლე გითხრათ, შემოწმების პროცედურა შფოთვას მგვრის, მაგრამ ახსენეს, რომ სხვა ბიჭებთან ერთად შემოწმებაზე მისვლა ასევე არ იქნებოდა სწორი…

  • ჯანდაცვა

დაახლოებით 2-3 თვის ინტერვალით ვაკეთებ გადამოწმებას – მხოლოდ ერთი ჰორმონის შემოწმება მიჯდება 80 ლარამდე. ბევრი რამ უნდა შეამოწმო. სისხლის საერთოს და პროფილაქტიკურ კვლევებს სამსახურის დაზღვევა მიბაზღაურებს. შეღავათია ნამდვილად, მაგრამ ტრანზიციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პროცედურები დაზღვევის დაფინანსების მიღმაა. წინა სამსახურიც მიფინანსებდა დაზღვევას, მაგრამ ექიმმა ვერ ჩაწერა ვერსად, თუ რისთვის მჭირდებოდა ეს კვლევა.

ხარჯები დიდია, უნდა გაწყდე მუშაობაში. ორივე სამსახურის ხელფასი რომ დავთვალე, მაინც არ გეყოფა ჰორმონოთერაპიაზე, აქეთ ექიმის სერვისებისთვის. საცხოვრებელში უნდა გადავიხადო, კვება, ჩაცმა, ვაიმე, არაფერი რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: