მთავარი,სიახლეები

სისხლის სამართლის საქმეთა 68 % უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება – საიას მონიტორინგი

06.02.2024 • 3041
სისხლის სამართლის საქმეთა 68 % უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება – საიას მონიტორინგი

„საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს. მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდი, მზარდია,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საპროცესო შეთანხმებებით საქმეების დასრულების მაჩვენებელი, ანუ როცა ბრალდებული ბრალს აღიარებს და საქმის განხილვა სასამართლოში წყდება. კვლევის მიხედვით, იზრდება შეთანხმების დროს გადახდილი ჯარიმის რაოდენობაც.

საია სისხლის სამართლის საქმეების განხილვას თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში აკვირდებოდა. საია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ყოველწლიურად ატარებს. ბოლო ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს ასახავს. ანგარიშის პრეზენტაცია საიამ ბათუმში დღეს, 6 თებერვალს გამართა.

„უმეტესად კვლავ ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში.

სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. სასამართლო თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებს პროკურატურის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების თაობაზე,“ – აღნიშნულია საიას მონიტორინგის ანგარიშში.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს მოსამართლეს რომ ხშირად ფორმალური როლი აქვს, აჩვენებს ისიც, რომ მოსამართლეებს, საშუალოდ, 15 წუთი სჭირდებათ მის დასამტკიცებლად. „ბათუმელები“ 2023 წლის ნოემბერში წერდა ერთ-ერთ საპროცესო შეთანხმებაზე, რასაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 წუთი დასჭირდა.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, თუ როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა ისინი პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ – მოსამართლეს შეუძლია უარი თქვას პროკურორს და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა კაცს, რომელმაც 12 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა.

საია ყურადღებას ამახვილებს ბოლო სტატისტიკაზეც – სისხლის სამართლის საქმეთა დიდი ნაწილი [68 %] უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

„2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა ეს მაჩვენებელი და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეების რაოდენობამ 68% შეადგინა, მაშინ, როდესაც 2020 წელს იყო 63%, ხოლო 2021 წელს – 64%,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

საია საანგარიშო პერიოდში 217 საპროცესო შეთანხმების სხდომას დაესწრო 248 პირის მიმართ.

„გამოვლინდა მხოლოდ 2 შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. ერთ შემთხვევაში მან მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებული დანაშაულად არ მიიჩნევდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აღიარების ნაწილში მისი პოზიცია,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

საინტერესო დეტალი: მოსამართლის ფორმალურ ჩართულობას საპროცესო შეთანხმებაში ადასტურებს ფაქტი, როცა ბრალდებული წინასწარ იხდის ჯარიმას, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს. საიას მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 2 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს მიუთითებს, მხარეთა აღქმით, სასამართლოს უმნიშვნელო როლზე საპროცესო შეთანხმების პროცესში და მოლოდინს, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება, მთავარია, პროკურატურასთან იყოს შეთანხმება მიღწეული.

საქმე №1: ორ პირს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მომხმარებლის მოტყუებას გულისხმობს. ერთ მათგანს განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო მეორეს – 15 000 ლარის ოდენობით. პროცესის დაწყებამდე, სანამ მოსამართლე სხდომის დარბაზში შემოვიდოდა, ადვოკატმა პროკურორს უთხრა, რომ ერთმა ბრალდებულმა ჯარიმა უკვე გადაიხადა და მეორეც რომ გადაიხდიდა, ქვითრებს ერთიანად მიაწვდიდა.

საქმე №2: კიდევ ერთ შემთხვევაში პირს ბრალად ედებოდა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება [სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]. სხდომის დაწყებამდე, სანამ მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ადვოკატმა ბრალდებულს ჰკითხა, გადაიხადა თუ არა თანხა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ უკვე გადახდილი იყო. ეს მიუთითებს, რომ ჯარიმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე გადაიხადა.

საპროცესო შეთანხმების განხილვას სასამართლო, უმეტესად, დროს სათანადოდ არ უთმობს. არსებული პრაქტიკით, საჯარო სხდომაზე ხდება შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს კითხულობენ. საქმის გარემოებებზე სასამართლო არ მსჯელობს, რაც პროცესს შინაარსს აცლის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა. ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. მოცემულ საანგარიშო პერიოდში სხდომების 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა, რაც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ეს დრო საკმარისი არ არის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისთვის.

მოსამართლეები, როგორც წესი, საჯაროდ არ მსჯელობენ სხდომებზე სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, უპირობოდ გაიზიაროს და დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. მოსამართლის ეს უფლება მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ გააკონტროლოს საპროცესო შეთანხმების პირობების სამართლიანობა/კანონიერება და თავიდან აირიდოს ამ ინსტიტუტის ბოროტად გამოყენება. მოცემულ საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, ამ მხრივ, ვითარება არ გაუმჯობესებულა. სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ 5 საქმეზე [2%] აღნიშნა, რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნდა საპროცესო შეთანხმებით მიღწეული სასჯელი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

საია რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, იმაზე, რომ „მოსამართლეები საჯარო სხდომებზე არ მსჯელობენ დაკავების კანონიერებაზე“.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

საიას მონიტორებს ოთხი ბრალდებულისგან მოუსმენიათ სასამართლო პროცესებზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგალითად:

„მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა დაზიანების შესახებ, რომელიც მას შუბლზე ჰქონდა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ პოლიციელმა ორჯერ ჩაარტყა ჭიქა შუბლის არეში, რა დროსაც მიიღო დაზიანება. ამავე სხდომაზე მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომლებსაც არ აუხსნიათ, ვინ იყვნენ, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას სცემეს, აწამეს, რასთან დაკავშირებითაც მათ უკვე მიმართული ჰქონდათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის საჩივარი ოქმში აისახა და გამოძიების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

სხდომების მონიტორინგის დროს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია. პირები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობაში, მუქარასა ან ძალადობაში, საუბრობდნენ არაერთ შემთხვევაზე, როდესაც პოლიციელებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. შესაბამისად, არ იყო იდენტიფიცირებადი, ვინ მოუწოდებდა მათ ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისკენ. ასევე, ბრალდებულები მიუთითებდნენ შემთხვევებზე, როდესაც პოლიციელები არ განუმარტავდნენ დაკავების საფუძველს, რაც იწვევდა მათ გაღიზიანებას, კონკრეტული მოწოდების დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობას,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

კიდევ ერთ შემთხვევაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მონიტორებმა თარგმანის პრობლემა დააფიქსირეს:

„ერთ-ერთ საქმეში ბრალდებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმანს. კერძოდ, მოსამართლის კითხვაზე, მისი დაკავების დროს გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა, თარჯიმანმა თარგმნა, რომ დარღვევა არ ყოფილა. მოსამართლემ მას მოუწოდა, სწორად ეთარგმნა, რაზეც თარჯიმანმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ რაღაც აერია და არასწორად თარგმნა. საჩივართან დაკავშირებულ კითხვაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჰქონდა საჩივარი.

მისი თქმით, პოლიციელმა მას ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებული არ გულისხმობდა დარტყმას, მან გამოიყენა სიტყვა „push”, რაც, მისი თქმით, დარტყმა არ იყო. ადვოკატმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაიწყო ახსნა, უბრალოდ ხელი მოჰკიდეს პოლიციელებმა ბრალდებულს თუ დაარტყეს. მოსამართლემ განმარტა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირებული იყო საჩივარი, რომელიც გაიგზავნებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და დაიწყებოდა შესაბამისი გამოძიება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულს, უბრალოდ, გაუმართლა, რადგან მოსამართლემ იცოდა ენა, რომელზეც ის საუბრობდა და შეძლო არასწორი თარგმანის იდენტიფიცირება.

საქმეში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი [იურიდიული დახმარების სამსახური]. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადვოკატს სხდომის მიმდინარეობამდე არ ჰქონდა გამორკვეული ისეთი საყურადღებო საკითხი, როგორიც ბრალდებულზე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაა. პროცესზე დაკვირვება აჩენდა ვარაუდს, რომ არც პროკურორი და არც ბრალდებულის ადვოკატი არ იყვნენ დაინტერესებულნი, ბრალდებულს წარედგინა საჩივარი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. განაჩენი გამოვიდა 30 საქმეზე [12%], აქედან 5 [17%] მათგანზე გამოტანილი განაჩენი იყო სრულად გამამართლებელი, 24 (80%) – გამამტყუნებელი, 1 შემთხვევაში ქმედება გადაკვალიფიცირდა.

გამამართლებელი 5 განაჩენიდან 3 საქმე ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა და სამივე შემთხვევაში მისი წინაპირობა დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იყო,“ – ოჯახში ძალადობის საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას საია.

სასამართლოში განხილული საქმეები აჩვენებს, რომ გამამართლებელი განაჩენების შემთხვევაში მოსამართლეები ძირითადად ძალადობის მსხვერპლი ქალებისკენ იშვერენ ხელს, რომლებმაც სასამართლოში დუმილი არჩიეს.

საიას ანგარიშში კი ოჯახში ძალადობის ეს შემთხვევა აისახა:

„საქმე №1: საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბრალდებული მეუღლეს დაემუქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა. მის მიმართ წარდგენილი იყო ბრალდება სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. ბრალდების მხარეს სხდომაზე მოყვანილი ჰყავდა ერთი მოწმე [დაზარალებული], რომელმაც გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბრალდებული მეუღლეს ყელის გამოჭრით დაემუქრა.

მართალია, დაზარალებულმა შემდგომ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა გამოკითხვის ოქმში ის ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას და ამბობს, რომ ეშინია. პროკურორმა მოითხოვა სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ მოიპოვებოდა. მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

საიას დაკვირვებით, 10%-ით გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში გირაოს გამოყენების მაჩვენებელი.

„ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი.

საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 [19%] მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში – პირობითი მსჯავრი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

გამამართლებელი განაჩენი ნეიტრალურ მტკიცებულებებსაც ეხებოდა – პოლიციელი ვალდებულია გადაიღოს ვიდეო, როცა ამის საშუალება არსებობს, ან მოიპოვოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულება.

„მოსამართლის განმარტებით, „ნარკოტიკულ დანაშაულებზე ძირითადი მტკიცებულებაა ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგები, ამოღებული ნივთიერება, ბრალდებულთან ნივთიერების კავშირი. ამ საქმეში არის ჩხრეკის ოქმი, რომ ამოიღეს ჰეროინი, ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მასზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა, თუმცა უნდა შემოწმდეს ჩხრეკის კანონიერება, არსებითად ხომ არ დაირღვა რაიმე, ასევე უნდა შემოწმდეს ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის ვალდებულება. მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდეომტკიცებულება ან ნეიტრალური მოწმე. მხოლოდ პოლიციელების ჩვენება კი არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

საიას მონიტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაჭიანურებულ საქმეებზე, მაგალითად, „7 ნოემბრის საქმე“, რომელზეც ბრალი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს. ეს საქმე 2014 წლიდან განიხილება.

2014 წლიდან დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეც“. ეს საქმეც მოხვდა საიას ანგარიშში, სადაც ხაზგასმულია, რომ ძირითადად რეზონანსული საქმეების განხილვა ჭიანურდება.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“ კი, საიას შეფასებით, ცალსახად დაარღვია სასამართლომ კანონი.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების  საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაიწყო. ის 2019 წლის 1-ელ იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასამართლომ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მისი დარღვევიდან 5 წლის შემდეგადაც ვერ მიიყვანა საქმე კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე [განაჩენამდე]. არარელევანტურია ყოველგვარი არგუმენტი იმის გასამართლებლად, რომ პირველ ინსტანციაში საქმე შეიძლება 8-9 წლის განმავლობაში განიხილებოდეს და მასზე სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანოს, რა მიზეზებიც არ უნდა არსებობდეს [საქმის სირთულე, დასაკითხ მოწმეთა რაოდენობა, მოსამართლის შეცვლა და ა.შ.]. ამ საქმეში ცალსახად იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად საიას მხრიდან ამ საკითხზე წლების განმავლობაში აპელირებისა, სისტემამ დღემდე ვერ მოახერხა ეფექტიანი ბერკეტის შემუშავება გაჭიანურებული სამართალწარმოების თავიდან ასაცილებლად,“ – წერს საია.

საიას მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა სასამართლოს ღიაობის და გამჭვირვალობის პრობლემაც, მაგალითად, პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება. საიას საჯარო ინფორმაციებიც გამოუთხოვია, თუმცა სასამართლოებიდან საიმ ინფორმაცია ვერ მიიღო.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება მოსამართლეების მხრიდან შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევაა:

„რამდენიმე გახმაურებულ საქმეში გამოიკვეთა მოსამართლის მხრიდან შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევა – მოსამართლე მოწმეს ბრალდების მხარის სასარგებლო კითხვებს უსვამდა.

ორ გახმაურებულ საქმეში, რომლებსაც საიას მონიტორი აკვირდებოდა, „ვაკის პარკის საქმეში“ მოსამართლე, თავისი აქტიური მონაწილეობით, აშკარად არღვევდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ ის აწარმოებდა მოწმეთა ჯვარედინ დაკითხვას და მიმანიშნებელი კითხვებით ცდილობდა მათგან ინფორმაციის მიღებას. საყურადღებოა ისიც, რომ მოსამართლე მოწმეებთან მიმართებით ავლენდა წინასწარგანწყობებს, მაგალითად, სანამ მოწმე, კონკრეტულად, ექსპერტი ისაუბრებდა თავის კვალიფიკაციაზე, მოსამართლე დადებითად აფასებდა მის კვალიფიკაციას. საიას აზრით, სასამართლო მოტივირებული უნდა იყოს, სისხლის სამართლის პროცესში ჭეშმარიტება დაადგინოს ისე, რომ არ გასცდეს სისხლის სამართლის ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. მოსამართლის მხრიდან მოწმეთა დაკითხვის პროცესში დაცვის მხარის დამაზიანებელი აქტიურობა ორ სხვა გახმაურებულ საქმეშიც გამოვლინდა“, – ვკითხულობთ საიას ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: