მთავარი,სიახლეები

რას უპირებენ ძველ ბათუმს, გამოყოფილია 200 მილიონი – პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს

12.02.2024 • 4325
რას უპირებენ ძველ ბათუმს, გამოყოფილია 200 მილიონი – პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. თუმცა კომპანიაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს სპეციალისტების ჯგუფს, რომელმაც ბათუმის ყველაზე ღირებული უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მოამზადოს. ვინ შედის ამ ჯგუფში და სარგებლობენ თუ არა ეს სპეციალისტები ნდობით საზოგადოებაში, პროფესიულ წრეებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებში.

ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან, მხოლოდ ბათუმში, ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 225 მილიონი ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო.

„საბა კონსტრაქშენმა“ ამ საკითხზე პასუხების მისაღებად შემსყიდველ უწყებაში – „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ გადაგვამისამართა: „ის არის კომპეტენტური ამ კითხვაზე გიპასუხოთ, ყველა ინფორმაცია მათ აქვთ“.

ძველი ბათუმის, როგორც ქალაქის არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული ნაწილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე კარგად სცოდნიათ მუნიციპალური განვითარების ფონდში. კითხვაზე – ვინ იმუშავებს რეაბილიტაციის პროექტზე, გვიპასუხეს, რომ შიშობენ „სენსიტიურ თემაზე“ მათი პოზიცია კონტექსტიდან ამოვარდნილად არ გავაშუქოთ. ამიტომაც ინფორმაციას ზეპირად არ მოგვცემენ და ურჩევნიათ წერილობით მოგვაწოდონ:

„გამოითხოვეთ წერილობით“.

გამოთხოვილი ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო უწყებები უმეტეს შემთხვევაში 10 სამუშაო დღეს იყენებენ და ხშირად არც ამ ათი სამუშაო დღის შემდეგ გვაქვს სრული პასუხი მათგან.

თუმცა „სენსიტიურ თემაზე“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ არავის მიუჩნევია თავი ვალდებულად, რაიმე განმარტება გამოექვეყნებინა საზოგადოებისთვის. მინიმუმ ის მაინც ეთქვა ვინმეს, რა დაზღვევა არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, სატენდერო მოთხოვნაში. შეითანხმებდა თუ არა პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ასე შემდეგ.

შეითანხმებს თუ არა პროექტს ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე და დასჭირდება თუ არა პროექტს საკრებულოში დამტკიცება, ამ კითხვაზე მერიისგან პასუხს 2 დღე უშედეგოდ ველოდეთ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ჯერ არ იციან რა ფორმით ჩაერთვება სააგენტო ამ პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა ბათუმში ამ უწყების პირდაპირი მოვალეობაა.

კანონით ნებისმიერ სამშენებლო გადაწყვეტილებაზე, თუ პროექტი მეხუთე კლასის მშენებლობას არ ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს უნდა შეათანხმონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სამუშაოები უშუალოდ ძეგლს შეეხება, გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იღებს.

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის 200- მილიონიანი ტენდერი „საბა კონსტრაქშენმა“ მოიგო. კონტრაქტი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პროექტის მომზადებას და შემდგომში სამუშაოების ამ პროექტის შესაბამისად განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კომპანიას უკვე ჩაერიცხა 63 მილიონ 972 ათას 473 ლარი [აქედან 60 მილიონი ავანსის სახით].

ძველი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტები „ურბანული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ანა ბიბილაშვილმაც შეისწავლა. მისი განმარტებით, მაშინ, როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება, სატენდერო დოკუმენტაცია მეტ დაზღვევას უნდა ითვალისწინებდეს:

„ტექნიკურ დავალებაში, არც ერთ ნაწილში არ არის ნახსენები ექსპერტების ჩართვის ვალდებულება. წესით, კი უნდა მოეთხოვათ საპროექტო ჯგუფის სია. ერთი ძეგლიც რომ იყოს პროექტში, სავალდებულოა ქალაქგეგმარებით დოკუმენტებში მოითხოვონ ურბანისტების ჯგუფის ვინაობა, მათი კომპეტენციის დადასტურება სახელებითა და გვარებით, გამოცდილების დადასტურებით. არც ერთ ნაწილში ეს არ წერია. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ პრეტენდენტს [ტენდერში მონაწილეობის მსურველს] უნდა დაედასტურებინა შესაბამისი ღირებულების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება.

ერთ ნაწილში წერია, რომ ხუთი სამუშაოდან ერთი უნდა იყოს ძეგლზე შესრულებული, მაგრამ კომპანიას საპროექტო ნაწილში აქვს სია მხოლოდ წარდგენილი. #3 ოქმში, რომელიც სექტემბერშია შედგენილი, მითითებულია, რომ კომპანიას არ აქვს წარდგენილი უძრავ ძეგლებზე სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტი. დამატებით აღარ იძებნება, წარადგინა თუ არა ეს სია. მოთხოვნა იძებნება მხოლოდ. ეს სერიოზული პრობლემაა“.

მუნიციპალური განვითარების ფონდს „ბათუმელებმა“ ძეგლებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე კითხვები გასულ წელს, შესყიდვის პროცედურის დასრულებამდეც გაუგზავნა. ფონდიდან მოგვწერეს, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხა პროექტის მომზადების შემდეგ დაზუსტდება. ასევე განმარტეს, რომ „სამუშაოები, დადგენილი წესით შეთანხმებულია ყველა შესაბამის უწყებასთან.“

„საბა კონსტრაქშენისთვის“ ძველი ბათუმი არ არის ერთადერთი პროექტი ქალაქში – ეს კომპანია მუშაობს ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირის განახლების პროექტზეც, საქართველოს მთავრობის პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.

კომპანიამ ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის განახლების პროექტი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა. მიუხედავად ამისა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის კომპანიის გაფრთხილების ან დაჯარიმების შესახებ დოკუმენტები. სამაგიეროდ ატვირთული დოკუმენტებიდან შეიძლება იმის გაგება, რომ კომპანიამ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირის განახლება საქართველოს მთავრობის პროექტის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2021 წელს დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მრავალმილიონიან ტენდერებს ძირითადად „საბა კონსტრაქშენი იგებს“.

8.02.2024

ბათუმი, ხეივანი ჟიული შარტავას გამზირზე / 12.01.2024

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივანში სამუშაოებზე პირველი შესყიდვა 2021 წლის მაისში განხორციელდა [გარდა ხეივნისა, კომპანიას აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოც უნდა ჩაეტარებინა]. პირობა სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება იყო.

ყველა სამუშაო [მათ შორის შარტავას გამზირზეც] 2022 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დაესრულებინათ. თუმცა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება და 2022 წლის 28 ოქტომბერი განსაზღვრეს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადად. პირველი ეტაპის ვადის გადაწევა კი, საერთო ვადის გადაწევასაც გულისხმობდა. თუმცა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც საბოლოო ვადა იქნებოდა დაფიქსირებული, შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორმა, ლევან თარგამაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდს საავანსო თანხის 30-დან 40%-მდე გაზრდა მოსთხოვა. ამავე ხელშეკრულებაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით კი, საერთო თანხა 2 მილიონი ლარით გაზარდეს.

2023 წლის 27 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ბათუმელების“ წერილის პასუხად გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ფონდიდან ასევე მოგვწერეს, რომ შარტავას გამზირზე პირველი ეტაპის სამუშაოებში 7 315 132 ლარი დაიხარჯა.

გმირთა ხეივანში სამუშაოების დასრულებაზე ფონდმა მეორე ტენდერი გამოაცხადა და ხელშეკრულება 2022 წლის 2 დეკემბერს „ამხანაგობა მეგობრობის ხიდს“ გაუფორმეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელი ხელშეკრულებას „საბა კონსტრაშენის“ დირექტორმა, ლევან თარგამაძემ მოაწერა. საქმე ისაა, რომ „ამხანაგობა მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარე თავად „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორია.

ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა [„დამატებითი სამუშაოების“ გამო] 18 მილიონ 096 ათას 153 ლარამდე გაიზარდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 15 მილიონ 608 ათას 335 ლარი.

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც ჰკითხა, რა დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა აუცილებელი შარტავას გამზირზე, თუმცა კითხვაზე არ გვიპასუხეს და აქაც გვირჩიეს, ინფორმაცია გამოვითხოვოთ.

რაც შეეხება მეორე ეტაპის დასრულების ვადას, ხელშეკრულებით 2023 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული. ეს ითვალისწინებდა შარტავას გამზირზე [ბაგრატიონის ქუჩიდან მოცეკვავე შადრევნებამდე] სკვერის გახსნას, თავისი საფეხმავლო ხიდებით ახალ წლამდე, თუმცა ესეც გადაწიეს და ბოლო ცვლილებით სამუშაოები 2024 წლის 20 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

თუ ორივე ეტაპზე დახარჯულ და დასახარჯ თანხას შევკრებთ, გამოდის, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით გმირთა ხეივანში ჯამში 25 მილიონ 411 ათას 285 ლარი დაიხარჯება. 

8.02.2024

„საბა კონსტრაქშენი“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 100 პროცენტს „საბა ინვესტი“ ფლობს. ეს კომპანია კი 2019 წელს სლავა შერაზადაშვილს დაუფუძნებია. ორივე კომპანიის დირექტორი ბიზნესმენი ლევან თარგამაძეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: