სიახლეები

ქართველმა მინისტრმა ფრანგ ექიმებს უთხრა, რომ პრემიერმაც უცხოეთში ურჩია მკურნალობა – კვლევა საქართველოზე

05.02.2024 • 3830
ქართველმა მინისტრმა ფრანგ ექიმებს უთხრა, რომ პრემიერმაც უცხოეთში ურჩია მკურნალობა – კვლევა საქართველოზე

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები საქართველოში შეუსაბამო რეცეპტებზე, უშედეგო სიმპტომურ მკურნალობაზე, არასწორი დიაგნოსტირების ხშირ შემთხვევებზე, საეჭვო სამედიცინო შეცდომებზე, ექიმებისა და პაციენტების კომუნიკაციაზე წერენ.

  • სიმპტომური მკურნალობა, გადაჭარბებული და ზოგჯერ გაუმართლებელი რეცეპტები

ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურები კერძო მფლობელობაშია, რაც ხელს უწყობს სიმპტომატური მკურნალობის დანერგვას. ასეთ დროს, როცა ეტიოლოგიური მკურნალობა უგულებელყოფილია, ვერ დგინდება ზუსტი დიაგნოზი და ინიშნება გადაჭარბებულად ბევრი მედიკამენტი – ყველა სხვადასხვა სიმპტომის სამკურნალოდ.

მაგალითად, შშმ ბავშვების შეუსაბამო მედიკამენტებით მკურნალობა საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. UNICEF-ის ანგარიშში შშმ პირთა შესახებ წერია „ფსიქიატრები მხოლოდ შშმ ბავშვებს უნიშნავენ წამალს, მათი მხრიდან დახმარება და მკურნალობა მხოლოდ წამლის გამოწერით შემოიფარგლება. ისინი სოციალური ქცევებისაც კი მედიკამენტებით მკურნალობენ, მაშინ, როცა შესაძლებელია ჩარევის სხვა ფორმების გამოყენებაც“, – წერია UNICEF-ის ანგარიშში.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჰოსპიტლებში უგულებელყოფილია საერთაშორისო გაიდლაინები, რითაც აიხსნება სიმპტომატური მკურნალობის მეთოდის გავრცელება და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა.

კვლევისას ჩაწერილი ინტერვიუები ადასტურებს ასევე, რომ ექიმებს ერთმანეთთან შეთანხმება აქვთ პირადი გამორჩენის მიზნით: თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაწერილ ინტერვიუში ექიმი ამბობს, რომ პრაქტიკანტი ექიმები მეგობარ კოლეგებთან ხშირად ამისამართებენ პაციენტებს, უსარგებლო და დამატებითი კვლევების ჩასატარებლად, რაც მათ საერთოდ არ სჭირდებათ. ამისთვის შესაბამის თანხას იღებენ კოლეგებისაგან, კონსულტაციის საფასურის ნაწილს.

  • არასწორი დიაგნოსტირების ხშირი შემთხვევა და საეჭვო სამედიცინო შეცდომები

დაავადების არასწორი დიაგნოსტირება ხშირადაა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მიზეზი.

„საქართველოში ჩემს შვილს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, მაგრამ რახან არ ვენდობოდი აქაურ ექიმებს, წავედით თურქეთში დიაგნოზის გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ არანაირი სიმსივნე არ ჰქონდა“, – გამოუტყდა კვლევის ავტორებს „ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის პრეზიდენტი საქართველოში“.

კვლევისას გამოკითხული ქართველი პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში მათ საკუთარმა ექიმებმა ურჩიეს, შეეწყვიტათ საქართველოში მკურნალობა და წასულიყვნენ საზღვარგარეთ.

„ექიმმა გვითხრა, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ წასვლა იყო“, – ამბობს კვლევის ავტორებთან ბავშვის მამა, რომლის შვილსაც პანიკულიტის დაავადების იშვიათი ფორმა აქვს (პანიკულიტი – იგივე კვანძოვანი ერითემა, რომელიც ვლინდება მტკივნეული, არაწყლულოვანი, ერითემატოზული კვანძის სახით).

მკურნალობის ხარისხის მიმართ უნდობლობა და დიაგნოსტიკური შეცდომები დიდწილადაა განპირობებული იმითაც, რომ ჯანდაცვის სტრუქტურები კერძო პირების ხელშია.

ჯანდაცვისა და მედიცინის გამჭვირვალობის მკვლევარი მარი ჩოხელი ფრანგული კვლევის ავტორებთან განმარტავს, რომ: „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებს ფინანსური სარგებლის გასაზრდელად მოუწოდებენ მიიღონ რაც შეიძლება მეტი პაციენტი. პაციენტებს არ ეძლევათ სიღრმისეული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა, რაც ხშირად არის შეცდომების მიზეზი“.

ფრანგული ასოციაცია Habitat-Cite-ს მფარველობის ქვეშაა ახლა ასევე დედა, რომელიც უჩივის სამშობიარო საავადმყოფოს სამედიცინო დაუდევრობის გამო, რამაც მისი შვილი შშმ პირად აქცია. როდესაც მისი ქალიშვილი დაიბადა, კინაღამ დაიხრჩო, რადგან საავადმყოფოს თანამშრომელმა საწოვარას ნაცვლად ბავშვს პირში ქირურგიული ხელთათმანი ჩაუდო, რამაც ასპირაცია და ცერებრალური დამბლა გამოიწვია – ტვინს ჟანგბადი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

ქალმა კლინიკის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან კლინიკის მენეჯერი მთავრობის წევრზეა დაქორწინებული, მეტიც, კლინიკის წინააღმდეგ საჩივრის გამო ქალს თვეების განმავლობაში ავიწროებდნენ.

ამის შემდეგ ჩვილის დედამ სხვა ცნობილ და ძალიან ძვირადღირებულ ექიმს მიმართა საქართველოში, რომელმაც დედას უთხრა, რომ მის შვილს არ ესმოდა. ექიმმა ჩვილს ძალიან ძვირიანი წამლები გამოუწერა, რაც მას რეალურად არ სჭირდებოდა, კერძოდ ბევრი ანტიბიოტიკი, რამაც ჩვილს სმენა და მხედველობა დააკარგვინა.

ბავშვს დედა ახლა საფრანგეთში მკურნალობს. მას მხოლოდ D ვიტამინი და რეგულარული ფიზიოთერაპია აქვს დანიშნული. ეს მტკიცებულებები კარგად აჩვენებს რეალობას, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ქვეყანაში არ ენდობიან.

  • კომუნიკაცია ექიმებსა და პაციენტებს შორის

ექიმების მიმართ უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი პაციენტებისთვის სრული და ამომწურავი  ინფორმაციის არახელმისაწვდომობაცაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიში, რომელიც საქართველოში პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხს ეხება, დაწვრილებით აღწერს თუ როგორ არ მოქმედებს არანაირი მექანიზმი, რომ საკუთარ ქმედებებზე ექიმებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ან შესაძლებელი იყოს ამ პასუხისმგებლობის ერთმანეთში გადანაწილება.

საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც მოითხოვს პაციენტისგან ინფორმირებულ თანხმობას, თუმცა პრაქტიკაში ეს კანონი არაეფექტურია.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული პაციენტების 74%-ს ჰქონდა ხელი მოწერილი ოპერაციის თანხმობის ფორმაზე, მათგან მხოლოდ 56%-მა იცოდა საკუთარი დიაგნოზი, რის გამოც ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 44%-მა კი საერთოდ არ იცოდა საკუთარი დიაგნოზი ზუსტად. თუმცა გამოკითხული პაციენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უფრო დეტალურად და სრულად მიწოდებული ინფორმაცია მათი მკურნალობის შესახებ გაცილებით მეტ ნდობას გააჩენდა ექიმების მიმართ.

ინფორმაციის არახელმისაწვდომობა მკურნალობის შესაბამისობასა და ხარისხზე ბადებს ეჭვს.

მედიცინის ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოში ექიმებს ჰკითხეს, თუ რა იყო პაციენტების მხრიდან ნდობის ნაკლებობის მიზეზი. ამაში ისინი მედიას ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მედია ამახვილებს ზედმეტად ყურადღებას „წარუმატებელ შემთხვევებზე“ და ასეთი გამოცდილების მქონე პაციენტებზე.

დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევების სიმრავლეს ქართველი ექიმი კვლევის ავტორებთან ასე ხსნის:

„საქართველოში დაგვიანებით მიმართავენ ექიმს. შინ რჩებიან მანამ, სანამ სიმპტომები არ დამძიმდება. პალიატიური შემთხვევები ხშირად ასეთი მიდგომითაა გამოწვეული.

გვაქვს ფილტვის, სწორი ნაწლავის სკრინინგცენტრები, მაგრამ მაგალითად ქალები მხოლოდ მაშინ მიდიან კვლევაზე, როცა მკერდში ძლიერ ტკივილს გრძნობენ და დაავადება უკვე გართულებულია“, – ამბობს ქართველი ექიმი.

ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული განსხვავებების მიუხედავად.

კვლევის ავტორების თქმით, ამასვე მოწმობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის შემთხვევა, რომელსაც ლიმფომა აღმოაჩნდა და ქართველი სპეციალისტების რჩევით სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.

„რამდენიმე ახლობელმა ექიმმა მირჩია საზღვარგარეთ წავსულიყავი სამკურნალოდ, რჩევა პრემიერ-მინისტრს და ჩემს სხვა კოლეგებსაც ვკითხე, მათაც იგივე მირჩიეს და გერმანიაში წავედი“, – ამბობს გიგლა აგულაშვილი მკვლევრებთან.

ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეები თავად იცნობიერებენ სისტემის ნაკლს და შეზღუდვებს. ნდობის ნაკლებობა და ხარისხიანი მკურნალობის არახელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეების ნაწილს აიძულებს ემიგრაციას, რაც მათგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

მკვლევრები წერენ, რომ სოციალური ქსელები საქართველოში სავსეა პოსტებით, როცა მკურნალობის ფულს შემოწირულებებით აგროვებენ პაციენტების ახლობლები და ოჯახის წევრები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: