სიახლეები

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გზშ-ს საჯარო განხილვას ითხოვენ

05.02.2024 • 3343
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გზშ-ს საჯარო განხილვას ითხოვენ

„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას მიმართავენ.

აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ.

„კუნძულის გზშ-ს განხილვა საახალწლო დღეებში დაინიშნა და დაინტერესებული მხარეების, პროექტთან მიბმული ადამიანების გარდა სამი აქტივისტი ვესწრებოდით მხოლოდ. ამიტომ ის განხილვა ვერ ჩაითვლება საჯაროდ.

შემოგვთავაზონ უფრო კვალიფიციური, სანდო კვლევები, რაც მთავარია, შემოგვთავაზონ საჯარო განხილვა, რომელიც იქნება ნამდვილად საჯარო.

აუცილებელია პროექტი განიხილონ საჯაროდ, მთელი ქალაქის, მათ შორის იქ მცხოვრებთა ჩართულობით. კომპანია სარგებლობს მარტო სარეკლამო არხებით, ძირითადად სარეკლამო  სტატიები გვხვდება ამ საკითხზე და საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული,“- თქვა თამარ მამეიშვილმა, დღეს 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა კუნძულის მშენებლობას მიუძღვნეს.

„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა დღეს, 5 თებერვალს საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ბათუმის მერიაში 12 იანვარს გაიმართა.

როგორც „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ამბობენ, დოკუმენტმა, ბევრი კითხვა გააჩინა და უფრო თვალსაჩინო გახადა ის გამოწვევები, რაც პროექტის განხორციელებას მოჰყვება.

„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტების თქმით, მათ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა სპეციალისტთან, რომლებთან კონსულტაციის შემდეგაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს შენიშვნები ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით.

სპეციალისტებზე დაყრდნობით აქტივისტები ამბობენ, რომ „გზშ-ს დოკუმენტი რიგ შემთხვევაში შეიცავს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს“.

ასეთი მიდგომა კი პროექტის არეალში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკოლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.

„პროექტის არეალი ნავთობით ისტორიული დაბინძურების ადგილია, რაც აჩენს გრუნტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს. გზშ-ს ანგარიში კი ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა) არ მოიცავს. ნავთობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფას გამოიწვევს მთელი სანაპირო ზოლისთვის.

ასევე, რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობა – მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩამდინარე მდინარეების ფაქტორის უგულებელყოფა და სხვა, – გააჩენს პრობლემებს როგორც პროექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბეშიც, იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, რისკის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა სახეობების არსებობას.

გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალმთიანი ლოკაციებიდან, ქედიდან და ქობულეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის,“ – თქვეს „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ხაზს უსვამენ იმ ურბანულ და ეკონომიკურ საფრთხეებს, რასაც პროექტის განხორციელება მოიტანს. კერძოდ:

  • პროექტის გავლენის საზღვრები სცდება საპროექტო საზღვრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ანგარიში მოიცავდეს კვლევებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი მთლიანად ქალაქზე, ადგილობრივ ეკონომიკურ სექტორებზე და მისი სარგებლიანობა ამ კუთხით იქნას განხილული.
  • ბათუმის ერთ-ერთი გამოწვევა ერთ დარგზე დამოკიდებულება – მონოფუნქციურობაა, რომლის დასაძლევადაც საჭიროა ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაა. აღნიშნული პროექტი კი პირიქით, ქალაქის ისევ მონოფუნქციურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტურიზმზე მიბმული პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ჩაითვლება მომგებიანად.
  • გზშ-ში მოხსენიებული სხვა ქვეყნების ანალოგიები ძირითადად საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას შეეხება. ხელოვნური კუნძულის პროექტი კი პირიქით – პორტის გაფართოებისთვის ხელისშემშლელიც შეიძლება იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შედარება და დაპირისპირება პორტის გაფართოების პერსპექტივასთან.
  • რისკების ანალიზისას მნიშვნელოვანია, კომპანიამ წარმოადგინოს, როგორ დააზღვევს პროექტს წარუმატებლობისაგან და ქალაქის შესასვლელში არ გააჩენს „მკვდარ უბანს“. ამასთანავე, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი და ხარჯების გამწევი.
  • ქალაქი 2020 წლიდან ამუშავებს გენერალურ გეგმას, რომელიც წელს უნდა დამტკიცდეს. ამ დროს კი ქალაქში ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება სრულიად შეცვლის ქალაქის განვითარების კონცეფციას და აზრს მოკლებულს ხდის გენერალური გეგმის მუშაობას. გენერალური გეგმის მომზადებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პროექტის გზს-ზე ვრცელ შენიშვნებს აქტივისტები გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეს, 5 თებერვალს გაუგზავნიან. რას გაითვალისწინებს ან გაითვალისწინებს თუ არა საერთოდ ხელისუფლება რამეს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.

კუნძულის მშენებლობა 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა ხელისუფლებამ.

ხელისუფლებამ კუნძულის მშენებელ კომპანიას  89 ჰექტარი ზღვა 1 ლარად გადასცა. კუნძულის მშენებლობა ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: