მთავარი,სიახლეები

ვალაგებ ოთახს, სადაც სოფლის ბიჭები ჯოკერს თამაშობენ – დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე, „ოცნების“ სასარგებლოდ | ვიდეო

12.02.2024 • 3434
ვალაგებ ოთახს, სადაც სოფლის ბიჭები ჯოკერს თამაშობენ – დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე, „ოცნების“ სასარგებლოდ | ვიდეო

„10-20 წუთი სჭირდება დალაგებას, დილით ავდივარ 9 საათზე და ვბრუნდები, დიასახლისი ვარ,“ – გვიყვება ცირა მსხალაძე. იგი ქედაში, სოფელ გულებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველია და თითქმის ერთი წელია, რაც სოფლის ცენტრში „შეხვედრების ოთახში“ მუშაობს.

„შეხვედრების ოთახში“, როგორც ცირა გვიყვება, სოფლის ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ, დომინოს ან ნარდს. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს კი, დღეში მაქსიმუმ 20 წუთის საქმე აქვს.

ცირა მსხალაძე გამონაკლისი არაა – სოფლებში სოციალურად დაუცველების წინასაარჩევნოდ მასობრივად დასაქმება გრძელდება: თუ წონიარისში ტანკის დამლაგებლები გამოჩნდნენ, ახოში გვითხრეს, რომ „2-3 საათი უწევთ შრომა კვირაში, ან 10 დღეში ერთხელ“. სოფლებში „ალაგებენ“ დათოვლილ გზებსაც.

ხშირ შემთხვევაში დასაქმება ფორმალურია. ეს პროგრამა არჩევნების დასრულების შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რაც აჩენს კითხვას: რეალურად, ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა ხომ არ არის საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად გამოყენებით? 

გასულ წელს, დასაქმების სააგენტომ სოციალურად დაუცველი ადამიანების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დეტალებზე „ბათუმელებს“ ინფორმაცია არ მოაწოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ფეისბუქგვერდის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამით უკვე 33 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია დასაქმებული.

„ბათუმელები“ დასაქმებულ სოცდაუცველებს ამჯერად ქედის ცენტრში, ასევე სოფლებში – გულებსა და ორცვაში ესაუბრა.

„ვალაგებ თავშეყრის ადგილს, კმაყოფილი ვარ, კარტს თამაშობენ, ჯოკერს, ნარდს. ბიჭები იკრიბებიან, ქალები არა…

4 წელი დაგვპირდნენ იქნებაო და არ ვიცი, რა იქნება. არ უნდა შეწყდეს, შეწყდება და ვიქნებით სახლში,“ – გაღიმებას ცდილობს ცირა მსხალაძე და ხელით გვაჩვენებს „შეხვედრების ოთახს“, მისი სახლის აივნიდან რომ პირდაპირ მოჩანს.

ცირა მსხალაძე

„შეხვედრების ოთახი“ სოფელ გულებში

„შეხვედრების ოთახი“ სოფელ გულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 4 წლის წინ მოუწყვიათ. ხის ერთი ოთახი ხისავე ბოძებზე შემოუდგამთ ოთხკლასიანი სკოლის გვერდით.

ოთახში არავინ დაგვხვდა, თუმცა კარი ღიაა. გრძელ მაგიდაზე კარტი დაუტოვებიათ, დომინო, ქაღალდის რამდენიმე ფურცელი, ჯოკერისთვის რომ გამოუყენებიათ უკვე… ოთახის ერთ კუთხეში შეშის ღუმელია, რამდენიმე ჭიქაცაა თაროზე.

ცირა მსხალაძე და სხვა დასაქმებული სოცდაუცველი ადამიანებიც ქედის სოფლებში ენთუზიაზმით გვიყვებიან, რომ მათი საქმე დღეში სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

სოციალურად დაუცველებთან გასაუბრებით ასევე ირკვევა, რომ ხელისუფლებას ფიქციური ან არამიზნობრივი მასობრივი დასაქმების პარალელურად, თითოეულ სოფელში თითო სოციალურად დაუცველი ადამიანი მერის წარმომადგენლის თანაშემწედ დაუნიშნავს.

„თავკაცი“ – ასე მოიხსენებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები მერის წარმომადგენლის თანაშემწეს, რომლის ფუნქცია თანასოფლელი სოციალურად დაუცველების საქმიანობის და „სამსახურში გამოცხადების“ კონტროლია. „თავკაცები“ სოფლებში წინასაარჩევნოდ ჟურნალებით დადიან და დასაქმებულებს ხელს აწერინებენ.

სოფელ გულებში მერის წარმომადგენლის თანაშემწე, მაგალითად, ამირან დიასამიძეა, მას სოფლის გზაზე შევხვდით.

„გამგებელს კიდევ ერთი თანაშემწე ჰყავს ხუნკუდაში, ისიც სოციალურად დაუცველია. ყველა სოფელში ასეა,“ – გვიხსნის ამირან დიასამიძე.

თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი არ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია. პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დაეხმარება, რადგან დაასაქმეს და ამის გამო მმართველ პარტიას ემადლიერება.

„წინასაარჩევნოდ რასაც დამავალებენ, იმას გავაკეთებ, ეს იქნება ხალხის მოკრება, თუ შეხვედრა უნდათ ხალხთან, ყველას მოვიყვან…“ – ამბობს ამირან დიასამიძე.

ამირან დიასამიძე

ამირან დიასამიძე გვიდასტურებს, რომ მისი ფუნქცია მართლაც სხვა დასაქმებულების კონტროლია. სოფლის გზის დალაგება, შეხვედრების ოთახის ან სასაფლაოს, მისი საქმე არ არის. თანაშემწის ჯამაგირი, სხვა დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანების მსგავსად, თვეში 300 ლარია.

„კარგია, რომ ყველა დასაქმდა, ზოგი ამბულატორიას ალაგებს, ზოგიც მოსაცდელს, სტადიონს, სასაფლაოს, შიდა გზებსაც ყურადღება ექცევა, სოფელში სისუფთავე მეტი გამოჩნდა.

დილის ათის ნახევრიდან იწყება სამუშაოები და მთავრდება 4-ზე, 5 საათზე. დილით რომ მივა სამსახურში, ხელს მოაწერს, საღამოსაც ხელს აწერს, იანვრის ჟურნალი უკვე დამთავრდა, ჩავიტანე და ჩავაბარე, თებერვლისა ჯერ არ მოუციათ, სამუშაო საათებში ვამოწმებ, თან ხელს ვაწერინებ,“ – თავისი სამუშაოს სპეციფიკას გვიხსნის ამირან დიასამიძე.

სხვა სოციალურად დაუცველების მსგავსად, ამირან დიასამიძეც ამბობს, რომ მისთვის ხელშეკრულება არ მიუციათ. გვიყვება, ასე მითხრეს, 4 წელი კიდევ იმუშავებო.

„თბილისიდან მოვიდა სიები, აზრზე არ ვიყავი, რა იქნებოდა. დამირეკეს ჩვენი გამგეობიდან, ჩვენი ხელისუფლებიდან და თანაშემწედ დამნიშნეს,“ – დაგვემშვიდობა ამირან დიასამიძე.

„რას აკეთებს და ის მოდის, ჩვენ ვმუშაობთ“, – ასე აღწერს „თავკაცის“ საქმეს დიანა აბულაძე, ის ქედის სოფელ ორცვაში ცხოვრობს. იქაც ერთი სოციალურად დაუცველი სხვა სოციალურად დაუცველების საქმის მაკონტროლებლად დაუნიშნავთ.

დიანა აბულაძე სოფლის გზებს ალაგებს. ახლა გზები თოვლიანია, თუმცა დასაქმებული სოციალურად დაუცველი ირწმუნება, რომ ყოველდღე დადის სამსახურში.

„დღეში 3 საათი მიწევს მუშაობა, კლუბსაც ვალაგებთ, მერე ხელს ვაწერთ ბადრი ნაკაშიძესთან კლუბში, თავკაცია,“ – დასძინა დიანა აბულაძემ.

დიანა აბულაძე

„ჩვენ „ოცნებაში“ ვართ, „ოცნების“ დამკვირვებლები ვიყავით,“ – ეს ნატალია ქობულაძემ გვითხრა. მისი ქმარი ამირან ქობულაძეა, რომელიც შინ არ დაგვხვდა. ამირან ქობულაძე ერთ-ერთია იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს შორის, რომელიც სოფელ ორცვაში სოფლის გზებს უვლის.

„ერთი წელია, რაც დასაქმდა, გზებზე დადიან, წმენდენ, ასუფთავებენ, სადაც დაუძახებენ, იქ მივლენ… ფოთლებს ხვეტავდა, ხის ტანი გადმოსულიყო და იმას ჭრიდნენ, ასუფთავებენ გზებს… მითითებებს სოფლის თავკაცი აძლევს,“ – გვიხსნის ნატალია ქობულაძე.

ნატალია ქობულაძე

ავთანდილ ნაკაშიძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს.

„მე წყლის გაწმენდაზე ვმუშაობ, წყალს მოაქვს ნალექი, ამიტომაც საჭიროა გაწმენდა ხშირად, სარეცხ მანქანას აფუჭებს… წყლის ეს სისტემა ახლა გაკეთდა, ერთი წლის წინ,“ – გვითხრა ავთანდილ ნაკაშიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ სხვებისგან განსხვავებით მას მართლაც აქვს რეალურად საქმე.

ავთანდილ ნაკაშიძე

ხომ არ გამოდის ისე, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს იყენებს ხელისუფლება, რადგან წინასაარჩევნოდ მათ ასაქმებს და ამით გულის მოგებას ცდილობს?

„ვერ გეტყვით ვერაფერს, გამორიცხული არაფერია,“ – გვიპასუხა ავთანდილ ნაკაშიძემ.

სოციალურად დაუცველს არ ახსოვს, სულ რამდენი კაცია დასაქმებული ორცვაში, სადაც ზაფხულობით 63 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ იცის, რომ ყველა დასაქმდა, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

„ეს არის ხალხის მოსყიდვა ტოტალურად“, –  ქედის ცენტრში გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ, რომელიც სოფელ ახოში ცხოვრობს. მისი თქმით, ახოში, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანი დაასაქმეს მენახირედ მაშინ, როცა სოფელში ძროხა აღარაა.

„ყველგან ერთი და იგივეა. ივანიშვილმა რა ქნა: დაამშია ხალხი, მშიერი ხალხის მოსყიდვა ძალიან  მარტივია. მაგალითად, სკოლებში დაასაქმეს დამლაგებლების დამხმარეებად სოციალურად დაუცველები. დამლაგებლის ხელფასი 150-200 ლარია, დამხმარის – 300 ლარი. თან ეუბნებიან, ის დამლაგებელი არ შეაწუხოო.

ეს არის პირდაპირ იმაზე გათვლილი, რომ მოისყიდონ მოსახლეობა,“ – დარწმუნებულია ემზარ ბოლქვაძე.

ქედის ცენტრშივე ვპოულობთ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველს, რომელიც სოფელ ახოში დაუსაქმებიათ. მამუკა თავდგირიძე გვიყვება, რომ ისიც გზებს ალაგებს, „ასუფთავებს ეკალ-ბარდისგან“.

„დღეში რამდენი საათი გიწევთ მუშაობა?“ – ვეკითხებით სოციალურად დაუცველს.

„გაჩნია, ერთი-ორი-სამი საათი – კვირაში ერთი ან 10 დღეში ერთი. „ოცნებამ“ დაგვასაქმა, ეს იცოდეთ,“ – იღიმის მამუკა თავდგირიძე. მას ვუხსნით, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსებით კი არ დასაქმდა, არამედ ეს სახელმწიფო პროგრამაა და მისი ხელფასისთვისაც ბიუჯეტის ფული იხარჯება.

„რომ დავსაქმდი, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, მე ისე ვიცი, რომ „ოცნებიდანაა“, მეტი არ ვიცი. დანარჩენი არ ვიცი,“ – გვიპასუხა სოციალურად დაუცველმა.

მამუკა თავდგირიძე

კიდევ ერთი დეტალი: დასაქმებულ სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ დასაქმების პროგრამა 2025 წელს იწურება. სოციალურად დაუცველი ადამიანების დიდ ნაწილს აქვს ვერსია, რომ პროგრამა კიდევ 4 ან 5 წელი გაგრძელდება. „ასე გვითხრეს სააგენტოში“, „ასე თქვეს ქედის მერიაში“, – ამბობენ ისინი.

სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ხელშეკრულება ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომლითაც გაირკვეოდა დამსაქმებელთან მათი შრომითი ურთიერთობა, მათ შორის, ეს დეტალი.

ამ თემაზე:

ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 ათასი სოციალურადა დაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: