მთავარი,სიახლეები

გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან

04.02.2024 • 4020
გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან

ონკოპაციენტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტი – 25 ათასი ლარი და პაციენტი სრულად დაფინანსდეს.

„ძალიან ბევრი წელია, ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს. მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, წერია, რომ სრულად დაფინანსება მოიაზრებს წლიურად 25 000 ლარის ლიმიტს, რაც არ არის საკმარისი და არ ნიშნავს სრულად დაფინანსებას.

ყურადღების ნაცვლად, ონკოპაციენტები ვიღებთ დეზინფორმაციას და ტყუილებს ჯანდაცვისგან. ეს არის ხელისუფლების წარმოუდგენლად სამარცხვინო მოპყრობა საკუთარ მოქალაქეებთან.

სახელმწიფოს გულგრილობამ გვაიძულა მოვაწყოთ აქცია, საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“, – ამბობენ ონკოპაციენტები.

როცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ „ჩვენ ონკოპაციენტებს ყველაფერს ვაძლევთ უფასოდ“, გამოვიდნენ და გვითხრან, რა არის უფასო? აი, ამ „ყველაფრის“ ჩამონათვალი გვინდა.

გარდა ამისა, გვინდა იმ წამლების ჩამონათვალიც, რომლებზეც საუბრობს სამინისტრო. დაკონკრეტდეს, რისი მიხედვით იქნება გაცემული ეს მედიკამენტები და დაწყებულია თუ არა ამ წამლების გაცემა, ესეც არავინ იცის. მიხედონ მედიკამენტების ნორმალურ ადმინისტრირებას.

ასევე, მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვამ უფრო კვალიფიციური ადამიანები დასვას ცხელ ხაზზე, რომ ონკოპაციენტების შესაბამისი ინფორმირება შეძლონ.

მეც ონკოპაციენტი ვარ და ექიმთან კონსულტაციისთვის მინიმუმ 80 ლარი უნდა გადავიხადო. გარდა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე მჭირდება ექოსკოპია და სხვადასხვა გამოკვლევა, რაც ძალიან ძვირი მიჯდება. მაშინ რაში იხარჯება ის 25 ათასი ლარი, როცა მე ყველაფერში ფულს ვიხდი?“ – ამბობს ასმათ მიქაძე.

ონკოპაციენტები მოითხოვენ, სახელმწიფომ დიაგნოსტირება და ყველა გამოჯანმრთელებული ონკოპაციენტისთვის აუცილებლად საჭირო, მკურნალობის შემდგომი გეგმიური კვლევებიც დააფინანსოს.

„ყველა ონკოპაციენტმა უნდა მიიღოს დროულად სრულფასოვანი, უწყვეტი მკურნალობა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: