განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება, რასაც სწავლობდა ბებია, დედაჩემი ან მე, უცვლელად გადმოვიტანოთ დღეს სკოლაში

04.02.2024 • 15058
როგორ შეიძლება, რასაც სწავლობდა ბებია, დედაჩემი ან მე, უცვლელად გადმოვიტანოთ დღეს სკოლაში

როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძველი ქართულით დაწერილი ნაწარმოებები ისე, რომ მოსწავლეებმა მათი გააზრებაც შეძლონ და არ გაუჩნდეთ გაუცხოება ტექსტების მიმართ?

და საერთოდ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ლიტერატურა ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლომიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, ბოლო დღეებია, საზოგადოება მსჯელობს თემაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. ნაწილი ამბობს, რომ იმ ფორმით არა, რაც დღეს გვაქვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

ბოლოდროინდელმა აჟიოტაჟმა აჩვენა, რომ ეს თემა არის მტკივნეული, მწვავე და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს კარგია.

ასევე, რაც ამ დისკუსიამ გამოავლინა არის ის, რომ ძალიან გვიჭირს განსაზღვრა და გამიჯვნა ერთმანეთისგან ორი რაღაცის – პირველი ის, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ძველი ტექსტების სწავლება: 15-16 წლის მოზარდებს მთელი წლის განმავლობაში ძველი ქართულით ვასწავლით.

და მეორე – ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების მხატვრული, ისტორიული, კულტურული, ეროვნული ღირებულება სადავო არ არის, მაგრამ ამ ტექსტების სწავლება რომ პრობლემურია სკოლაში, ეს არის ობიექტური მოცემულობა. დისკუსიისას, რატომღაც, მეტწილად სწორედ ამ ღირებულებაზეა ხოლმე გამახვილებული ყურადღება და არა სწავლა-სწავლების თანმდევ პრობლემებზე.

საკამათო არ არის ძველი ქართული ლიტერატურის ეროვნული, ისტორიული, მხატვრული და ლიტერატურული ღირებულება. სკოლებში სწავლების მეთოდოლოგია კი პრობლემურია და ამას ადასტურებს კვლევებიც, მათ შორის 2016 წელს მაგისტრანტების ჯგუფის კვლევა, რომელსაც ვხელმძღვანელობდი.

ასევე, მასწავლებლები გულწრფელად, ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მეათე კლასში, რადგან სწორედ აქ იყრის თავს ჰაგიოგრაფიული ტექსტები, შემდეგ ისწავლება „ვეფხისტყაოსანი“ და წელი სრულდება სულხან-საბა ორბელიანისა და გურამიშვილის შემოქმედების შესწავლით.

  • შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც ძველი ლიტერატურის შესწავლისას იკვეთება?

პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ძველი ქართული ენა. ჩვენ გვეამაყება, რომ ენის განვითარების კვალდაკვალ დღესაც შეგვიძლია ძველი ტექსტების წაკითხვა და გაგება. რეზი თვარაძის მიერ მე-20 საუკუნეში შემოთავაზებული მშვენიერი სიტყვათშეთანხმება „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობაც“ ხშირად ისმის ხოლმე ამ კონტექსტში, როგორც დასტური იმისა, რომ ენამ შეინარჩუნა ეს მთლიანობა, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ძველი ქართული ენის სინტაქსი და ლექსიკა თანამედროვე მოზარდებისთვის რთულად გასაგებია.

სპეციალისტებსა და ზრდასრულებს კი გვესმის, ვკითხულობთ და გვხიბლავს კიდეც მშვენიერება და სიმდიდრე ძველი ქართულის, მაგრამ როგორც შესასწავლი და დასამუშავებელი ტექსტი, ის რთულად გასაგებია მოზარდისთვის.

ამის შეუმჩნევლობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ვიქმნით ილუზიას –  „ესმით“, „კითხულობენ და ყველაფერი მშვენივრად არის“ და არ გვსურს დავინახოთ რა სირთულეების წინაშე არიან. ამ ასაკის მოსწავლეებს უჭირთ ძველი ტექსტების გაგება და თუკი ვერ გაიგო წაკითხული, იქ გააზრებაზე საუბარიც ზედმეტია.

  • აქ ვიღაც იტყვის, „აბა რისთვის არის მასწავლებელი? გააგებინოს“, აუხსნას და ასწავლოს.

რასაკვირველია, მასწავლებელი უხსნის და ასწავლის და სახელმძღვანელოც ისეა აწყობილი, რომ შეიძლება ერთ აბზაც ტექსტს მთელი ფურცელი განმარტება მოჰყვებოდეს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი დრო შეიძლება გამოყოს მოსწავლემ თუნდაც ერთი თავის ან აბზაცის ჯეროვნად, ხარისხიანად დასამუშავებლად? მერწმუნეთ, ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს მას ამისთვის.

მე მაგალითად, როცა პირველად ვიწყებთ „შუშანიკის წამებას“ და ტექსტს ვაძლევ მოსწავლეებს დასამუშავებლად, ვეუბნები, წარმოიდგინეთ თქვენ ხართ კრიპტოგრაფები და უნდა გაშიფროთ უძველესი ტექსტი. შედეგად – რამდენი მოსწავლეც არის, იმდენ განსხვავებულ ვარიანტს ვიღებ. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც წარმოგვიდგენია. ძველი ქართული ენის გაგება უჭირთ მოსწავლეებს.

  • თქვენ თქვით, რომ ტექსტებს მოჰყვება ვრცელი განმარტებები. არის ასევე თანამედროვე ენაზე გადმოცემული ვარიანტებიც. თუკი ეს ტექსტები იმ დონეზეა დამუშავებული, რომ გაიგოს მოსწავლემ შინაარსი, რატომ უჭირთ მაინც ტექსტის გააზრება?

აქ თავს იჩენს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თქვენ რაზეც საუბრობთ, თანამედროვე ტექსტების გამოყენება. ეს „მკრეხელობად“ მიიჩნევა სკოლაში, რადგან მასწავლებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დაუშვებელია თანამედროვე ენით პარაფრაზირებული ვარიანტების გამოყენება, ამას მასწავლებლები უფრთხიან და აქაც იქმნიან ილუზიას, რომ მოსწავლეები არ გამოიყენებენ გაშინაარსებულ ვარიანტებს.

სწორედ ასე უწოდებენ მოსწავლეები – გაშინაარსება.  „ამას არ იკადრებს“, – ფიქრობს მასწავლებელი, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მოსწავლეები შინ ძველი ტექსტებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ უმეტესობა მაინც სარგებლობს პარაფრაზირებული ვარიანტებით.

თანაც ინტერნეტში საკმაოდ მდარე ხარისხის მასალაა გავრცელებული. არადა, არის კარგად, ხარისხიანად გაკეთებული პარაფრაზირებული ვარიანტებიც. სკოლებში დაშვებული უნდა იყოს მათი გამოყენება.

  • ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების ღირებულება რა არის. ის, რომ მოსწავლეებმა ძველი ქართული ისწავლონ, თუ გაიგონ რა პრობლემებზე გვესაუბრება უძველესი ტექსტი, პარალელები გაავლონ თანამედროვეობასთან, დაეხმაროს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში თუ რაზე კეთდება აქცენტი?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე მასწავლებელს ნათელი და ცხადი წარმოდგენა პროცესში არ აქვს. ჩემი აზრით, ამ დოზით ძველი ქართული ტექსტების შესწავლა საუნივერსიტეტო, ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელ ეტაპს უფრო შეშვენის და ეს არ უნდა იყოს საშუალო სკოლის მიზანი. ფილოლოგიური კვლევა-ძიებები, ფილოლოგის კომპეტენციები არ არის სასკოლო კომპეტენციები.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს გათავისებული, რა შედეგებს ვიღებთ ძველი ქართული ლიტერატურის ამ დოზით სწავლებით. ან საერთოდ რას გვინდა რომ მივაღწიოთ და რას ვაღწევთ. ეს არ გვაქვს გაცხადებული.

ჩვენ გვაქვს ილუზიები, მაღალი იდეალები და მოლოდინები, გვინდა, რომ რაღაც კავშირები შეინარჩუნოს მოსწავლემ ეროვნულ ლიტერატურასთან, შეიყვაროს, იგრძნოს ულამაზესი ძველი ქართულის ხიბლი… ბევრი ილუზორული მოლოდინი, გვაქვს, მაგრამ რომ ვსვამთ კითხვას, – პრაქტიკაში რას ვიღებთ ამით? – პასუხად კითხვის ნიშანია.

თქვენს კითხვაზე პასუხად კვლევის პროცესში გამოკვეთილი ერთი საინტერესო დაკვირვება შემიძლია გაგიზიაროთ. სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტის შესწავლის შედეგები, რომლებიც გაწერილი იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში, პარალელურად ერთმანეთს ფარავს. ანუ სამივე ტექსტი ერთი და იმავე შედეგების მიღწევას ემსახურება მცირედი განსხვავებით.

განსხვავებებიც პირობითია, რადგან ერთი ტექსტის ფარგლებში მონიშნული ნებისმიერი შედეგის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი შედეგების, საგნობრივი კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად სამი ტექსტის შეტანა არაა საჭირო. აქ პრობლემა ან შედეგების, მისაღწევი მიზნების ჩამონათვალშია, ან იმ მეთოდში, რომლითაც გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგებს.

  • სტატუსების, კომენტარების დონეზე რაც წავიკითხე, პედაგოგების არგუმენტები იყო ის, რომ ამ ტექსტების შესწავლით, ბავშვებს ვასწავლით „ჩვენს რელიგიას“, „ეროვნულობას“ და ასე შემდეგ. თქვენ რა არგუმენტები მოგისმენიათ ძირითადად და თუ იზიარებთ რომელიმეს?

„პატრიოტიზმი“ და „ეროვნულობა“ არ ისწავლება. ეს არაა დასწავლადი ცნებები. რასაკვირველია, შესაძლებელია ლოზუნგები დაასწავლო და ამეორებინო მოსწავლეს. ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირში და კარგად ვიცით, რა შედეგებსაც ვიღებთ ამ დასწავლილი პატრიოტიზმით. ეს ვერ იქნება ჩვენი მიზანი.

როცა მეათე კლასის მოსწავლეს ზედოზირებით ვასწავლით მისთვის გაუგებარ ან რთულად გასაგებ ტექსტებს, მას გაუჭირდება ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად, წიგნიერ ადამიანად, ზედოზირებით უკუშედეგს ვიღებთ. როცა ასე ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, პროცესშია რაღაც შეცდომა დაშვებული.

ტექსტები სკოლაში უნდა იყოს სამარჯვი იმ უნარების, კომპეტენციებისა და ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ. ტექსტი არ უნდა იყოს თვითმიზანი.

რეალურად, სავალალო მდგომარეობა გვაქვს: მოსწავლეების უმეტესობა სკოლას ისე ამთავრებს, რომ უჭირს წერა-კითხვა, წაკითხულის გაგება,  შესაბამისად – გააზრება, ნააზრევის მოწესრიგება ზეპირად და წერილობით, სწორად საუბარი, დამაჯერებელი არგუმენტირება, ეთიკური დისკუსიის წარმართვა. ეს არის ჩვენი საზოგადო ჭირი.

ამ პირობებში – ვნარნარებთ ნეტარად რაღაც ილუზორულ მოლოდინებში, გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორ შევაყვარებთ ძველ ლიტერატურას მოსწავლეს, ჩავუნერგავთ ეროვნულ ღირებულებებს და რა ხდება რეალურად საკლასო ოთახში, რა უჭირთ მოსწავლეებს, რატომ უჭირთ, რატომ ვერ ახერხებს სასკოლო კურსით ლიტერატურის საბაზისო უნარების განვითარებას, რატომ ვერ ვახერხებთ რომ წიგნი გავხადოთ მოსწავლეების ცხოვრების თანამგზავრი და მოვამზადოთ ისინი ზრდასრული ცხოვრებისთვის, ამის გააზრებას ვერ ვახერხებთ.

  • ასეთი არგუმენტიც მოვისმინე, რომ თუ ჩვენ სკოლაში არ დავაძალებთ ვთქვათ ჰაგიოგრაფიის შესწავლას, ისე არასდროს წაიკითხავენ ბავშვები ამას და ეს ტექსტები სრულიად დაკარგული იქნება მომავალი თაობისთვის. თქვენ თუ იზიარებთ ამ აზრს?

ამ არგუმენტით, გამოდის, რომ სასკოლო განათლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ  წაკითხული, გადაკითხული ან ყურმოკრული, გადაფურცლული მაინც უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ესა თუ ის ნაწარმოები. და აქ დავსვათ შემხვედრი კითხვა – რას ვიღებთ აქედან? თუკი „წაკითხული მაინც ექნება“ ბავშვს, თუკი ეცოდინება ესა თუ ის ნაწარმოები სათაურის დონეზე ან შეეძლება ჩამოთვალოს მთავარი გმირები, ეს საკმარისია?

თუ ასეა, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია წარმოდგენილი ლიტერატურის სასკოლო კურსის მიზნები და ამოცანები. ეს იქნება მხოლოდ შინაარსის კონსერვირება და ვხუფოთ მაშინ შინაარსები. რას მივიღებთ ამით? უცნაური არგუმენტია.

ზოგადად, რატომ უნდა ვასწავლოთ ლიტერატურა, ეს ესგ-შიც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, ჩვენ უბრალოდ მისაღწევ მიზნებსა და პროცესს შორის გვაქვს აცდენა. არის კიდევ მეორე „არგუმენტი“, ამავე „კალიბრის“ – ჩვენც ვსწავლობდით და უწინაც ასე ისწავლებოდა. ან – „სულ ზეპირად გვახსოვს აბზაცები.

ასე გვასწავლიდნენ და ვსწავლობდით და რა მერე…“ აქ გამაოგნებელია, რამდენად აცდენილია ადამიანი რეალობას, როგორ უჭირს ობიექტური მოცემულობის აღქმა და შეფასება. როგორ შეიძლება დღევანდელი მოზარდის ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების ან ახლანდელი დროის გაუთვალისწინებლობა და იმის თქმა, რომ რომ 30-40 წლის წინ რომ „მე ვსწავლობდი ზეპირად“, მშვენიერი იყო ყველაფერი და რატომ ახლა იგივე არ არის?

  • ასეთი მსჯელობის შედეგი ხომ არ არის ისიც, რომ თავის დროზეც არ იყო გააზრებული რა უნდა ესწავლებინათ და როგორ ამ ტექსტებიდან მოსწავლეებისთვის?

აი ეს არის ზუსტად საინტერესო სიმპტომი. ჩვენ სწორედ იმ ტიპის განათლების  შედეგებს ვიმკით. ვხედავთ, რომ  კრიტიკული აზროვნების ან მოსაზრების მიღება გვიჭირს ან გვიჭირს მოსაზრებების დამაჯერებლად, არგუმენტირებულად გამოხატვა. გვაქვს რაღაც შაბლონები, კლიშეები და ამით ვხელმძღვანელობთ.

ასეთია „ჩვენც ვსწავლობდით“, „ახლანდელი თაობა წამხდარია“, „ყველაფერს ეროვნულს ერჩიან“, „როგორ შეიძლება ძველი ლიტერატურის ძეგლების ხელყოფა“ და მსგავსი. ეს არის ჩემთვის სიმპტომი იმის, თუ როგორ არ ამართლებს სწავლების ეს მოძველებული მეთოდოლოგია და დღეს  არათუ 20-30 წლის წინანდელი, 10 წლის წინანდელიც ინტერესებიც კი განსხვავებულია ბავშვებისთვის და ძალიან რთულია ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე კლასში შესვლა.

აბსოლუტურად განსხვავებულია რეალობა. რანაირად შეიძლება პროგრამა არ იცვლებოდეს და  რასაც სწავლობდა ჩემი ბებია, დედაჩემი ან მე რასაც ვსწავლობდი, რანაირად შეიძლება ეს უცვლელად გადმოიტანო დღევანდელ სკოლაში.

კი, რამდენჯერმე მოხდა სასწავლო გეგმების, პროგრამების რევიზია, რაღაც ნაწარმოებებიც ამოიღეს, რაღაც ჩაამატეს პროგრამაში, მაგრამ არსებითად, ბევრი არაფერი შეცვლილა.

პირველ რიგში რაც არ შეცვლილა, ეს არის სწავლების მეთოდოლოგია, სწავლების პრინციპი. ძველი ქართულის ყველა ტექსტი თავმოყრილია მეათე კლასში და ეს ტექსტები როგორც შინაარსობრივად,თემატურად, ასევე ფორმის თვალსაზრისითაც, ძალიან რთულია გასაგებად.

ბევრი მართლა კარგი მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ასწავლიან თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მსჯელობენ ძალიან ბევრს, მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც რთულია დააინტერესო, შეინარჩუნო მოსწავლის ინტერესი ბოლომდე, როცა მასალა არ გაძლევს ამის საშუალებას.

  • როგორ ვასწავლოთ მაშინ ჰაგიოგრაფია ან სხვა ძველი ტექსტები სკოლაში?

მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი. მისი შემოქმედებითი თავისუფლება მიმაჩნია ამოსავალ წერტილად. უნდა აღვნიშნო, რომ ახლა რითაც ვხელმძღვანელობთ, ის პროგრამა მასწავლებელს ანიჭებს იმის უფლებას, რომ სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან მინიმუმ ორი ასწავლოს და ეს არჩევანიც ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

რამდენი გაბედავს და ისარგებლებს ამ თავისუფლებით, ეს სხვა საკითხია. მთავარია, იყოს დაშვებული, იყოს ალტერნატიული გზაც შემოთავაზებული. ახლა მასწავლებელი მეათე კლასში თვითონ განსაზღვრავს სამივე ნაწარმოები შეიტანოს კლასში თუ არა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცვლილებებისთვის მზაობა.

საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, ობიექტურად შეაფასოს არსებული და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. ამასთან, მოსწავლეც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწავლა მუდმივად ვერ იქნება სიამოვნება და ამ პროცესში რაღაც უნდა დაძლიოს ან გამოაწრთოს საკუთარი ნება.

  • სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან, თქვენ რომელზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ?

ამასაც დავტოვებდი მასწავლებლის ინდივიდუალურ არჩევანად და ამ ეტაპზე არ ვაქცევდი სამსჯელო საკითხად, რადგან ახალ ქაოსს შექმნის და სულ სხვა ვითარებისკენ წაიყვანს მსჯელობას.

მაგალითისთვის ჩემი წლევანდელი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ გავიარეთ „შუშანიკის წამება“ და „აბოს წამება“ და ახლა ვუღრმავდებით „ვეფხისტყაოსანს“.

„გრიგოლ ხანძთელი“ გადავიტანე მეორე სემესტრის ბოლოსკენ და იდეა მაქვს, რომ ინტეგრირებული გაკვეთილები გავაკეთო ისტორიის მასწავლებელთან და ასე შევიტანო მეათე კლასში, ინტეგრირებულად.

უცხოური გამოცდილებაც შეგვიძლია აქ ვახსენოთ.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლიან თავიანთ კლასიკურ ტექსტებს, მაგრამ არა ამ რაოდენობით, როგორც ჩვენ. ეს საკითხიც საგანგებოდ მაქვს ნაკვლევი. მქონდა საუბრები უცხოელ კოლეგებთან. გერმანიაში, კასელის საერთაშორისო კონფერენციაზე, ლიტერატურის მასწავლებლებს ფოკუს-ჯგუფის ორგანიზება ვთხოვე და ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთის, ამერიკის შეერთებული შტატების მასწავლებლების მოსაზრებები მოვისმინე.

მაგალითად, გერმანიაში  ჩემი კოლეგა ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალს“ ასწავლის მაღალ კლასებში. ესეც მე-12 საუკუნის ტექსტია. მოსწავლეები ხელმძღვანელობენ თანამედროვე პროზაული ტექსტით. რა თქმა უნდა, ვითარება განსხვავებულია და ძველი გერმანული მხოლოდ სპეციალისტს ესმის, ვინც საგანგებოდ შეისწავლა ენა, მაგრამ ენობრივ ბარიერზე ზევითაც ვისაუბრე.

უჭირთ მოსწავლეებს ძველი ენის გაგება და პარაფრაზირებულ ვარიანტებს კი არ ვთავაზობთ. ამასთან, იქ ფრთხილად არჩევენ თემებსაც და ცდილობენ, თანამედროვე მოზარდების ინტერესებს, ასაკობრივ თავისებურებებს მოარგონ შესასწავლი შინაარსები და თემები. ანუ ასწავლიან დოზირებულად და თანამედროვე, მათთვის გასაგები ენით.

თემატურად არჩევენ მოსწავლეებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ნაწარმოებებიდან. ჩვენთან კი მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოჩაღოს მასწავლებელმა და საკმაოდ რთულად გასაგები მასალა მოარგოს თანამედროვეობას.

კლასიკური ლიტერატურა ეს არის საგანძური, მაგრამ თუკი არასწორად მივაწვდით მოზარდებს, მივიღებთ უკუეფექტს.

თუ გვინდა რომ სწორად ვასწავლოთ კარგი ლიტერატურა, უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვეობა, ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და ასევე შესასწავლი ტექსტების რაოდენობა.

კომპლექსურია ეს პრობლემა და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ ასპექტზე, მაგრამ ამ პირობებში, რა პირობებიც ახლა გვაქვს, მასწავლებლებისთვის ალტერნატივის და თავისუფლების მინიჭება იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი.

მაშინ, როცა დღეს შემოთავაზებული გვაქვს სწავლების ერთადერთი უალტერნატივო პრინციპი – ქრონოლოგიური, იგივე ისტორიზმის პრინციპი, მასწავლებელიც შეზღუდულია. ამ პირობებში რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ისე კი, სისტემური, მნიშვნელოვანი ცვლილებებია დასაგეგმი და სრულიად ახლებური ხედვაც ჩამოსაყალიბებელი, როგორ ვაპირებთ იმ პრობლემების დაძლევას, რის წინაშეც დღეს დგას სკოლა.

კაბინეტებში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად არაა ის გზა, რაც საუკეთესო ცვლილებებისკენ წაგვიყვანს. ცვლილებები უნდა დაიგეგმოს საკლასო ოთახში დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: