სიახლეები

2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა

03.02.2024 • 4713
2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა

2 წლის სანდროს ძალიან მალე ორი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება – დედის თქმით, ერთი ოპერაცია თავზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორე შარდის ბუშტზე. სანდრო დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ქალი ორ შვილთან ერთად თავს ირჩენს ფეისბუქშემწირველების დახმარებით. ზოგჯერ, როცა სანდრო კარგად არის, დედა დალაგებაზე გასვლასაც ახერხებს. ქალის თქმით, სოციალური დახმარება იმ მოტივით არ დაუნიშნეს, რომ არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი.

სანდროს „ბათუმელების“ მკითხველი 1 წლის წინ დაეხმარა, მაშინ მას მენინგიტი და ჰიდროცეფალია დაუდგინეს. ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია, ჰიდროცეფალიის მილი ჩაუყენეს, ხუთი მცდელობა დასჭირდა, თუმცა შედეგი არის – ბავშვს სმენა და მხედველობა აღუდგა.

სანდროს ახლა ერთი წლის წინ თავში ჩადგმული შუნტის გამოცვლა და სხვა მანიპულაციების ჩატარება ესაჭიროება. ამისთვის მინიმუმ 3 ათასი ლარია საჭირო.

აი, რას ჰყვება 2 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია.

„ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია ოთხი თვიდან, 5 ოპერაცია გაუკეთდა. ახლა შუნტი აქვს ჩაყენებული თავში, უნდა გადავუღოთ კატე, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაა და გაუკეთდეს ოპერაცია შუნტის შესაცვლელად.

შარდის ბუშტზე აქვს 10 მილიმეტრიანი კენჭი – უნდა გაკეთდეს ლაპარასკოპიული ოპერაცია. ჰქონდა ბაქტერია, რისგანაც განვიკურნეთ უკვე, ოპერაცია აქამდე ამ ბაქტერიის გამო ვერ კეთდებოდა.

ჯერ კეთდება ოპერაცია შარდის ბუშტზე, 400 ლარამდე თანადაფინანსება მაქვს გადასახდელი. მრტ-ზე, რომელიც უნდა გადავიღოთ თავზე და ხერხემალზე, გვექნება 1200 ლარამდე გადასახდელი. 1000 ლარამდე იქნება თავის ოპერაციაც და ასევე გვაქვს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია.

დაფინანსება შარდის ბუშტის ოპერაციაზე ბიუჯეტიდან გვაქვს მხოლოდ 80 %-ი. დანარჩენი, რასაც ვიღებთ თავზე – კატე, ანალიზები, ექოსკოპია, ექიმთან ვიზიტი, არაფერი არ გვიფინანსდება.

სანდროს ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ მხოლოდ ამერიკულ ჰოსპიტალში დამყავს, სადაც ვიზიტი 100 ლარი ღირს. ყოველ კვირას მივდივართ ექიმთან“.

მაკა ზარანდიას თქმით, ის და ბავშვები ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიხაშკარში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ფიზიკურად თბილისში ცხოვრობენ. „ბავშვისთვის ექიმთან ახლოს ყოფნაა აუცილებელიაო“, – ამბობს მაკა.

ქალი ორ შვილთან ერთად ამ ეტაპზე ერთ-ერთ სარდაფში ქირაობს საცხოვრებელს – „რუსების შემოსვლის შემდეგ ბინიდან გამოგვიშვეს და უფრო ძვირად გააქირავესო“. სწორედ ამიტომ მაკა ამ დრომდე სოციალური შემწეობის მიღება ვერ მოახერხა.

ისევ მაკა ზარანდიას მონათხრობი:

რეგისტრაციის გაკეთება ვცადეთ თბილისში, მაგრამ არავინ არ ჩაგვწერა თავისი სახლის მისამართზე – მე და 2 ბავშვი. მეორე შვილი 8 წლის არის.

მისამართზე, სადაც ვიყავით დაფიქსირებული ქირაში, სოციალურზე რომ მივიდნენ, იქიდან გამოგდებული ვიყავი, რუსების შემოსვლის დროს, უფრო ძვირად გააქირავეს. მე კლინიკაში მყავდა სანდრო მაშინ და არ მქონდა იმის დროს, რომ მისამართის შეცვლის გამო ისევ მერბინა სოციალურში. არც ვიცოდი, რომ ეს საჭირო იყო.

ახლა მითხრეს, მუდმივი საცხოვრებელი რომ არ გაგაჩნია, მისამართის შეცლის გამო შეზღუდვა გვაქვს 5 აპრილამდე, მანამდე ვერც კი განვიხილავთ თქვენს მდგომარეობასო.

ბავშვის 150 ლარს ვიღებდით. რეალურად ხალხის დახმარებით გაგვაქვს თავი, პოსტებს მიდებენ. საჭმელსაც ფეისბუქში დადებული პოსტებით ვჭამთ. მე დალაგებაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ბავშვი ცუდადა და ვეღარ ვმუშაობ. სანდროს ვერ ვტოვებ. თუ მომეცა შანსი ერთი-ორი დღით დალაგებაზე კი გავრბივარ.

სანამ მეუღლეს დაიჭერდნენ, [ერთ წელში გამოდის ციხიდან] ისეთი ცხოვრება მქონდა, რომ სოციალური არ მჭირდებოდა. სანდროს გამო ყველაფერი გავყიდეთ“.

მაკა ზარანდიას თქმით, პირველი ოპერაცია, რომლის თანადაფინანსებისთვის 400 ლარამდე სჭირდება ორშაბათს, 5 თებერვალს არის დაგეგმილი.

____

სანდროს დახმარების მსურველებმა ისარგებლეთ შემდეგი ანგარიშის ნომრებით:

🔶 საქართველოს ბანკი
🔷 თიბისი ბანკი
ლიბერთი
პ/ნ 19001068596
მიმღები დედა, მაკა ზარანდია.
___

სტატია, რომელიც „ბათუმელებმა“ ერთი წლის წინ გამოაქვეყნა: 1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: