განათლება,მთავარი,სიახლეები

„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ  

03.02.2024 • 49114
„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ  

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს.

როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა.

ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა.

„პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, ალბათ დირექტორთან არიან სტუმრად-მეთქი. მაგრამ, გაკვეთილზე სრულიად მოულოდნელად კარები შემომიღეს და რიტუალი დაიწყეს. გამიკვირდა.

არანაირი კითხვა – „ჩავატაროთ, არ ჩავატაროთ“, არანაირი განხილვა არ ყოფილა. შემოვიდნენ პირდაპირ, დირექტორი შემოუძღვა, რიტუალი ჩაატარეს, კედელზე ჯვარი გააკრეს და წავიდნენ. როგორც ვიცი, სხვა კლასებშიც შევიდნენ.

მეორე კლასელი მოსწავლეები მყავს, მკითხეს „რა ხდება მასწავლებელო?“ და ვერაფერი ვუთხარი. როგორ ავუხსნა ბავშვს, როცა წინასწარ არც ყოფილა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი? მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უფრო მეტნი ვართ მუსლიმი პედაგოგები და ბავშვები“, – ამბობს ლია შავაძე.

მისი თქმით, აღნიშნული საჯარო სკოლა 2004 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა კლასებში რელიგიური რიტუალის ჩატარების შემთხვევა, პირველად დაფიქსირდა.

„ამ სოფელში ქრისტიანებიც ვცხოვრობთ და მუსლიმებიც, მაგრამ სასკოლო სივრცეში რელიგია წინა პლანზე არასდროს ყოფილა. აქ სწავლობენ სასულიერო პირების შვილებიც, ხშირად მოდიან თავად სასულიერო პირებიც სკოლაში, მაგრამ ასეთი რიტუალები საგაკვეთილო პროცესში რომ ჩატარებულიყო, არ ყოფილა“, – ამბობს ლია.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“

„საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის რელიგიური რიტუალების ჩატარების ადგილი, ჩვენც ამას ვაპროტესტებთ“, – ამბობს ლია შავაძე.

ამავე სკოლაში კიდევ ერთ მასწავლებელს, ოთარ შაინიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც გეოგრაფიას ასწავლის.

„ამ ამბავს მე პირდაპირ არ შევსწრებივარ, მაგრამ შემდეგ გახდა ჩემთვისაც ცნობილი. ამ ფაქტით მოხდა კანონის უხეში დარღვევა, რადგან ეს არის სკოლის საქმეებში ჩარევა. ჩვენი ქვეყანა სეკულარული სახელმწიფოა და ამით არა მარტო კანონი დაირღვა, მუსლიმი ბავშვების და მასწავლებლების უფლებებიც დაირღვა.

თუ დომინანტური რელიგიის წარმომადგენლები ასეთ რიტუალებს ჩაატარებენ, ჩვენ რა ვქნათ, მოლა და ხოჯა მოვიყვანოთ და სკოლაში რიტუალები ვატაროთ?“ – ამბობს ოთარ შაინიძე.

მას ვკითხეთ, თუ ჰქონდათ სკოლის დირექტორთან ამ თემაზე საუბარი და რა არგუმენტები მოისმინეს მისგან?

ოთარ შაინიძის თქმით, დირექტორთან არ უსაუბრიათ ამ თემაზე, რადგან სწორედ ის იყო ამ პროცესის უშუალო მონაწილე.

„დირექტორმა უნდა აუხსნას სამღვდელოებას, რომ სკოლაა ეს და კანონი კრძალავს მსგავს რიტუალებს. მაგრამ როგორც ბავშვებმა მითხრეს, ნაკურთხ წყალს თვითონ დირექტორი ასხამდა კლასის კედლებზე და რაზე ვესაუბროთ.

ვიცი, რომ რელიგიური სიმბოლიკების სკოლაში შეტანა არ შეიძლება, მით უმეტეს რიტუალების ჩატარება“, – ამბობს შაინიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მშობელსაც, რომელიც ამბობს, რომ კლასების კურთხევის დღეს სკოლაში იმყოფებოდა.

„პარასკევს დილით, ავედი სკოლაში დაახლოებით პირველის ნახევრისკენ, დირექტორთან ვაპირებდი გასაუბრებას სამსახურის თემაზე და შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ სკოლაში იყვნენ სასულიერო პირები და გაკვეთილების დროს ნაკურთხი წყალი ასხურა.

მე ამაზე მქონდა რეაგირება, რაზეც, სამწუხაროდ, მივიღე შეურაცხყოფა, ზოგიერთი მასწავლებლისგან, რომ რა მოხდა მერე, ქრისტიანულ ქვეყანაში თუ ვაკურთხეთ სკოლა და თქვენმა შვილმა ნაკურთხი წყალი თუ მიისხა, ამით სარწმუნოებას არ შეიცვლისო.

მე, პირადად, ვარ მუსლიმი და ისიც ვიცი, რომ კანონმდებლობა კრძალავს სკოლაში რიტუალებს. არსად წერია, რომ სასულიერო პირი შეიძლება მივიდეს საჯარო დაწესებულებაში, სადაც სხვა რელიგიის აღმსარებელი ბავშვებიც არიან და იქ ჩაატაროს მსგავსი რიტუალი.

თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, მოვკიდებ ჩემს სამ შვილს ხელს და წამოვიყვან სკოლიდან“, – ამბობს ნაზი პაიჭაძე.

მომხდარის თაობაზე „ბათუმელები“ დავუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფრიდონ დავითაძესაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ამ ეტაპზე ყველანაირი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – გვითხრა დირექტორმა.

„ბათუმელები“ წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, არსენ ჯმუხაძესაც ესაუბრა.

მისი თქმით, ფაქტის შესახებ ახლახან გაიგო და მომხდარზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება ექნება.

„არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და ორშაბათს მოვიკვლევ ამ ამბავს.

როგორც ვიცი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რელიგიური რიტუალების ჩატარება საჯარო სკოლაში, ამის თაობაზე ინფორმირებულია ყველა დირექტორი და რატომ მოხდა ეს, გავარკვევთ“, – ამბობს არსენ ჯმუხაძე.

მისი თქმით, ის საქმის კურსში ჩააყენებს სამინისტროსაც.

„მოვიკვლევთ ჯერ ფაქტს, გავაცნობთ სამინისტროს და შემდეგ ზემდგომი ორგანო გადაწყვეტს რა პასუხისმგებლობა დაეკისრება დირექტორს“, – გვეუბნება ის.

___________________

მსგავს თემაზე:

„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: