მთავარი,სიახლეები

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე“ – ეტლით მოსარგებლე ქალი ბათუმიდან

03.02.2024 • 11458
„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე“ – ეტლით მოსარგებლე ქალი ბათუმიდან

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ“-ამბობს „ბათუმელებთან“ 23 წლის თამარ მიქელაძე.

თამარი ეტლით მოსარგებლეა. დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია.

„16 წლის ასაკში, „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში გავემგზავრე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როცა მშობლების გარეშე სადღაც მარტოდ წავედი. გარეთაც კი იშვიათად გამოვდიოდი მანამდე. თუმცა ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა.

ამერიკაში ცხოვრება კი კიდევ უფრო დამეხმარა ჩემს გადაწყვეტილებაში. მასპინძელი ოჯახი მაძლევდა შესაძლებლობას, თითქმის ყველაფერი მეკეთებინა სხვისი დახმარების გარეშე, რაც კი შემეძლო.

როცა დავბრუნდი, მშობლებს განვუცხადე, რომ ცალკე გადავდიოდი საცხოვრებლად, რადგან თავისუფლება ჩემთვის ყველაფერი იყო“ – ამბობს თამარ მიქელაძე.

მისი თქმით, მშობლებმა თავიდან ინერვიულეს, რადგან უჭირდათ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა გადაადგილებულიყო ისეთ ქალაქში მარტო, რომელიც სრულად არ იყო ადაპტირებული და ბევრი საფრთხე არსებობდა ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ქუჩაში.

თამარ მიქელაძე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

„თუმცა მე მქონდა არგუმენტები, თუ რატომ მინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრება. პირადი ცხოვრება გაგაჩნია, შეგიძლია ნახო მეგობრები, დაიწყო მუშაობა, გაისეირნო მაშინ, როცა ეს შენ გსურს და არ იყო სხვისი ცხოვრების გრაფიკზე დამოკიდებული.

იმ სახლში კი, სადაც მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, ლიფტი არ იყო. არც კიბე ჰქონდა ადაპტირებული, ამიტომ მთლიანად სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და ჩემი პირადი ცხოვრება არ არსებობდა.

ექვსწლიანი ბრძოლის შემდეგ, ამ ყველაფერს მივაღწიე. ეს ყველაფერი თვითშეფასებას გიმაღლეს და უფრო სრულფასოვნად გრძნობ თავს. ძალიან ვაფასებ ჩემს ოჯახს ამის გამო, რადგან ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს“ – ამბობს თამარი.

ახლა თამარი ბათუმის ერთ-ერთ უბანში, მაღალსართულიანი კორპუსის პატარა, ფერად ბინაში, ნაცრისფერ, ფუმფულა კატასთან ერთად ცხოვრობს.

თამარი და „ჰერკულესი“

„ჰერკულესი“ ჩემი მეგობარია, არასდროს მტოვებს. აი, ასე მიზის ხოლმე კალთაში, როცა რაიმეს ვაკეთებ. ჩემთან ერთად სძინავს და ვთამაშობთ კიდეც ერთად“-ამბობს თამარი.

თამარის კორპუსი ახალაშენებულია. მიუხედავად იმისა, რომ თამარმა მშენებელს სთხოვა, კორპუსის შესასვლელი ადაპტირებული ყოფილიყო, მშენებელმა მაინც არასტანდარტული პანდუსი დაამონტაჟა.

„უსაშინლესი იყო, რადგან სკეიტბორდის ჩამოსასრიალებელს უფრო ჰგავდა, ვიდრე პანდუსს, ამიტომ რამდენჯერმე გადავაკეთებინე. თუმცა პანდუსი არც ახლა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მაღალი აქვს დახრილობა და რომ არა რკინის მოაჯირი, ძალიან გამიჭირდება შენობაში შემოსვლა“ – გვეუბნება თამარი.

კორპუსში შესასვლელი პანდუსი

შენობაში შესვლის დროს ეს პრობლემა მართლაც თვალნათლად ჩანს. თამარი ერთი ხელით რკინის მოაჯირს ეჭიდება, მეორე ხელით კი ეტლის ბორბალს ამოძრავებს და ასე, რთულად, მაგრამ მაინც აღწევს შენობაში.

კიბეები არაადაპტირებულია, მაგრამ თამარს შვებას ჰგვრის ის ფაქტი, რომ ლიფტი ფართოა და ეტლით გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. „მთავარია შუქი არ ჩაქრეს ან ლიფტი არ გაფუჭდეს“ – ამბობს თამარი.

თამარის პატარა და მყუდრო ბინაში ინტერიერი სრულიად ადაპტირებულია. მასზეა მორგებული ავეჯი, ტექნიკა, სველი წერტილები. თამარს სხვა ადამიანის დახმარება არ სჭირდება არც საჭმლის მომზადებისას. ადაპტირებულია ტანსაცმლის საკიდი და საწოლიც.

თამარი 6 თვეა რაც საკუთარ ბინაში, დამოუკიდებლად ცხოვრობს.

ადაპტირებული გარდერობი

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნის თამარი მისთვის სასურველ გარემოს თავისუფალი ცხოვრებისთვის.

თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს.

„ხახულის ქუჩაზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მხოლოდ ერთი მაღაზია და აფთიაქია ადაპტირებული. პრობლემაა საცხოვრებელი კორპუსების კიბეები.

პრობლემაა გადასასვლელები, ბორდიურები ისეთი მაღალია, ვერ სარგებლობ. ზოგჯერ იძულებული ვარ ავტომანქანის სავალ ნაწილზე გადავიდე, ამით კი საფრთხეში ვიგდებ თავს“ – ამბობს თამარი.

მასთან ერთად ქუჩაში გადაადგილებისას კარგად დავინახეთ, რამდენად რთულია ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ბათუმის ქუჩებში მოძრაობა.

ვნახეთ გადასასვლელები, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან არის ადაპტირებული, მეორე მხრიდან კი ეტლით ვერ გადახვალ. ამიტომ ეტლით მოსარგებლე ადამიანი იძულებულია წრეები ხაზოს, შორი მანძილიდან მოუხვიოს, გზა დაიგრძელოს, რომ როგორმე უსაფრთხოდ მიაღწიოს მეორე ნაპირს.

ასე უწევს ქუჩებში მოძრაობა თამარს და სხვა ეტლით მოსარგებლეებს.

ცალკე ამბავია შენობების შიდა ნაწილი, რომელზეც ასევე არ აქვს ნაფიქრი არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს.

„მერიაში არის ასასვლელი, მთავრობის შენობაში კი ვერ შეაღწევ, არაადაპტირებულია. ნახევრად ადაპტირებულია იუსტიციის სახლი, ბანკები და კლინიკების ნაწილიც.

აი, მაგალითად, იუსტიციის სახლში შედიხარ, გინდა ოპერატორს გაესაუბრო, ამ დროს ოპერატორი მაღალ მაგიდასთან ზის, მე კი ეტლში ვზივარ და ვერ ვხედავთ ერთმანეთს. მიწევს ვიყვირო, შევხტე ეტლიდან, რომ შემნიშნოს და პასუხი გამცეს.

ასეა კლინიკებშიც. ყველგან ვერ შეხვალ.

გადასასვლელების ნაწილი არაადაპტირებულია ან სანახევროდაა გაკეთებული.

ამერიკაში როცა ჩავედი, მქონდა კულტურული შოკი, ისეთი ადაპტირებულია გარემო.

სკოლა ერთსართულიანი იყო და კიბით ასვლა არსად მიწევდა. შესასვლელ კარებს ელექტრო ღილაკი ჰქონდა და სხვისი დახმარების გარეშე შემეძლო ყველგან გადაადგილება.

ავტობუსებიც ლიფტიანი იყო და არ მჭირდებოდა ვინმეს დახმარება ასვლა-ჩამოსვლისას.

ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს ყველგან. ჩემთვის გარემო იყო სრულყოფილი და ვგრძნობდი, ვიყავი ის, ვინც ვარ.

საქართველოში კი, იმის გამო, რომ სკოლა ადაპტირებული არ იყო, ვერ ვიარე. სამი კლასი ისე დავამთავრე, სახლში ვსწავლობდი. არც კლასელებს ვიცნობდი, არც დამრიგებელს. შემდეგ შეიცვალა დირექტორი და გააკეთა პანდუსი, მაგრამ მაინც არ ვარგოდა.

სველი წერტილი არ იყო ადაპტირებული და ამის გამო სახლში მიწევდა მოსვლა.

პანდუსიც რომ იყოს სკოლაში, კლასებთან მისასვლელი გზა მაინც არ არის და გიწევს სხვა ადამიანების დახმარება“ – ამბობს თამარი.

მისი თქმით, სკოლების, უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების დამოუკიდებლობისთვის.

„მე მაგალითად, პროფესიონალი ვიზაჟისტი ვარ და ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობ, რადგან სალონების დიდი ნაწილი ადაპტირებული არ არის. ამიტომ, HR-ის პროფესიასაც დავეუფლე და ახლა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში დისტანციურად ვმუშაობ.

თამარი

აუცილებელია განათლება მიიღონ შშმ ადამიანებმა, რადგან სწორედ ეს გვეხმარება ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები და ვცხოვრობდეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად.

ჩემს დამოუკიდებელ ცხოვრებას განსაზღვრავს ის, რომ დასაქმებული ვარ, ჩემი შემოსავალი მაქვს, ჩემი საცხოვრებელი, ვმოგზაურობ კიდეც და ეს ძალიან მეხმარება სოციალიზაციაში, იმაში, რომ გავიცნო ახალი ადამიანები, განვვითარდე და არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული, არც ფინანსურად და არც სხვა მხრივ.

მესმის, რომ ყველა ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახსრებით შეიძინოს ბინა, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ადამიანებს სოციალური საცხოვრისით, განათლებით და ღირსეული პენსიითაც“ – ამბობს თამარ მიქელაძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საცხოვრებელი გარემო შშმ ადამიანის საჭიროებებზეც იყოს მორგებული, აუცილებელია სახელმწიფომ ითანამშრომლოს შშმ თემთან.

„თუ ითანამშრომლებს სახელმწიფო შშმ პირებთან, პროფესიონალებთან, რომლებმაც იციან როგორ უნდა აშენდეს, ვთქვათ, პანდუსი, როგორ უნდა გაკეთდეს ბორდიური, როგორ უნდა დააყენონ ელექტრო ღილაკით ლიფტები თუ სხვა, სიტუაცია ამ ქვეყანაშიც შეიცვლება.

ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თუ თანამშრომლობა არ იქნება, სხვანაირად ვერ შეიქმნება ხელმისაწვდომი გარემო“ – გვეუბნება თამარი.

ნაცრისფერი „ჰერკულესი“ თვალს ადევნებს ჩვენს საუბარს, დრო და დრო ყავის ფინჯანს ჩასცქერის და კრუტუნებს.

„ადრე მეშინოდა ქალაქში გადაადგილების, თითქმის არ გავდიოდი გარეთ, მაგრამ ამერიკამ ამ შიშებისგან გამათავისუფლა. ვიცოდი, რომ დაბრკოლებები დამოუკიდებლად ცხოვრების შემდეგაც მექნებოდა, მაგრამ ისე მინდოდა ეს ყველაფერი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მივაღწიე“ – ამბობს თამარი.


 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: