მთავარი,სიახლეები

„2 ტონა ყურძენი უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე, შხამ-ქიმიკატების ხარისხს არ ამოწმებენ“ – ქედელი მევენახე 

02.02.2024 • 5069
„2 ტონა ყურძენი უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე, შხამ-ქიმიკატების ხარისხს არ ამოწმებენ“ – ქედელი მევენახე 

„2 ტონა [ყურძენი] უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე“, – გვითხრა ქედაში, სოფელ ორცვაში მცხოვრებმა თამაზ ნაკაშიძემ. მას ტრადიციულად ჩხავერი და ცოლიკაური მოჰყავს.

ამავე სოფელში სხვა მევენახეების თქმით, ქედაში წელს ყურძნის მოსავალი მასობრივად განადგურდა.

„სახლისთვისაც ვერ დავწურე ღვინო, მხოლოდ წინა წლების ღვინო გვაქვს… ყველა ამბობს, რომ ეს შესაწამლი პრეპარატების ბრალია, თუმცა ეს არავის მოუკითხავს, არავის დაუდგენია,“ – ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას მევენახე.

ქედელი მევენახეების თქმით, მათ ბაღებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაქირავებული აგრონომები პერიოდულად ჩნდებიან, მაგრამ არავინ ამოწმებს შხამ-ქიმიკატების ხარისხს.

„დამწიფებამდე გახმა ნაყოფი და ჩამოცვივდა, არც კი მოგვიკრეფია,“ – ჩხავერის დათოვლილ მწკრივებს შორის დადის მევენახე და ხელით გვაჩვენებს ვენახის ტოტზე მიმხმარ ნაყოფს, ჯერ კიდევ რომ არ ჩამოცვენილა.

„ჩვენთან განსაკუთრებით დაზიანდა ყურძენი,  წელს ორცვაში მხოლოდ ორ ოჯახს ჰქონდა გასაყიდი ყურძენი, სენსაცია მოხდა,“ – დასძინა თამაზ ნაკაშიძემ.

ვენახის შესაწამლავი პრეპარატების ხარისხში მევენახის წლებია ეჭვი ეპარება, თუმცა მას ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ ეხმარება. წინა წლებში თამაზ ნაკაშიძე კილოგრამ ჩხავერს დაახლოებით 5 ლარად ყიდდა.

„გარკვეული შემოსავალი გამოდის, არავინ მოსულა, მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია ამაზე, რით დაზიანდა. იქნებ, ხალხმა არ იმუშავა, ან წამალი იყო უვარგისი?“ – კითხულობს მევენახე და პაუზის შემდეგ ამატებს, ჩემი ძველი საწნახელიც მინდა გაჩვენოთ, მე აღმოვაჩინეო.

„ეს დაახლოებით 40 წლის წინ იყო… ბაღჩის გასუფთავება რომ დავიწყე, ზიდვა დავიწყე ქვების, აქ ქვის საფარი იყო დიდი, მერე გამოჩნდა ხვრელი, ერთი წელი ვიმუშავე დაახლოებით, ვასუფთავე აქაურობა და ამოჭრილი ქვა დამხვდა, აღმოჩნდა რომ საწნახელია.

მანამდე აქ აღმოჩენილი იყო ქვევრები, ქვევრი თუ არის, საწნახელიც იქნებოდა,“ – დარწმუნებულია მევენახე და თოვლით დაფარულ საწნახელთან მივყავართ, ვენახის მწკრივების ბოლოს, ბაღის განაპირას.

თამაზ ნაკაშიძის თქმით, საწნახელზე სპეციალისტები პერიოდულად მუშაობდნენ, თუმცა მისთვის უცნობია, რა დაადგინეს მეცნიერებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: