სიახლეები

როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ

02.02.2024 • 4417
როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ

სხვადასხვა წყაროს თანახმად, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1921 წლისთვის, საქართველოში 1 450 ეკლესია და 25 მონასტერი მოქმედებდა, ღვთისმსახურებას კი დაახლოებით 1600 სასულიერო პირი ეწეოდა.

საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, გაანადგურეს, სასულიერო პირები კი ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს ან დახვრიტეს.

1921 წლის 15 აპრილს, საბჭოთა ოკუპაციიდან არასრულ ორ თვეში, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დადგენილება, რომელი მე-14, მე-15 მუხლები ასეა ფორმულირებული: „არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არ აქვს უფლება, იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პირის უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“.

საბჭოთა ხელისუფლებამ სასულიერო პირების დევნას 1922 წელს ფართო მასშტაბი მისცა და დააპატიმრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი. კათალიკოს-პატრიარქის სასჯელი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, მაგრამ ასაკის გამო (დაპატიმრების დროს ამბროსი ხელაია 61 წლის იყო), დახვრეტა ქონების კონფისკაციით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს.

1923 წლიდან საქართველოს რევკომმა დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა და დანგრევა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცულია ფოტო, რომელზეც ასახულია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდგარი მთავარი საკათალიკოსო ტაძრის გუმბათიდან ჯვრის ჩამოხსნის მომენტი.

ჯვრის მოხსნა ქუთაისის საკათედრო ტაძრის გუმბათიდან, 1923 წლის 8 მარტი

1924 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას ჯერ ლენინის ძეგლი დადგეს, შემდეგ კი სტალინის ძეგლი.

სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ.

სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს.

„ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ამ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ,“ – ამბობს თეოლოგი ვლადიმერ ნარსია.

ვლადიმერ ნარსია ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში და საბჭოთა კავშირში რელიგიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვლადიმერ, როგორ და რატომ ებრძოდა სტალინი რელიგიას?

ალტერნატივა არ უნდა ყოფილიყო. ეს ტოტალიტარული რეჟიმია. ტოტალიტარიზმი რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ არსებობს ექსკლუზიური ერთი კონტროლის იდეოლოგია. ის ვერ გუობს ალტერნატიულ მოძღვრებებს.

ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ.

1943 წლამდე სტალინი ცდილობს დაამტკიცოს ერთგულება ლენინის იდეების მიმართ. ლენინის იდეა გახლავთ ის, რომ რელიგია არის ძირითადი მტერი იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ის ქმნის.

ლენინი რელიგიის სახით ებრძოდა ალტერნატივას. კონტროლის ტოტალიტარული მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ ერთი ექსკლუზიური იდეოლოგია უნდა მართავდეს მასებს. ყველა სხვა დანარჩენი მისი მტერია, მათ შორის რელიგიაც.

ლენინი ქმნის სრულიად ახალ, სოციო-პოლიტიკურ იდეას, რომელიც ვერ ჰგუობს რელიგიას, რადგან ეს იდეა ტოტალიტარული კონტროლის პრეტენზიით გამოდის. ტოტალიტარული კონტროლი გულისხმობს იმას, რომ სხვა რაიმე ტიპის იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს მის გვერდით. ტოტალიტარიზმის ექსკლუზიური უფლებაა, რომ მხოლოდ მან გააკონტროლოს საზოგადოება.

ამიტომ ებრძვის ლენინი რელიგიას, როგორც ალტერნატიულ იდეოლოგიას. 1919 წელს შექმნილი ძალიან ცნობილი თეზაა, სადაც ის ამბობს, რომ „იმპერიალისტებმა რელიგიის მრავალფეროვნების იდეა შექმნეს სოციალიზმის და კომუნიზმის აღმოსაფხვრელად“.

ამიტომ თვლიდა ლენინი, რომ რელიგია, როგორც ალტერნატიული იდეა, ხელს უშლის ტოტალიტარულ, კომუნისტურ იდეოლოგიას მასების კონტროლისთვის. აი, ამიტომ გააქრეს ის.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებით სტალინი უმტკიცებს პარტიის დანარჩენ წევრებს, რომ ის არის ლენინის იდეების ერთგული.

ეს ერთგულება გრძელდებოდა 1943 წლამდე. 1943 წელს კი იცვლება ვითარება და სტალინი გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს რელიგიის რეაბილიტაციას.

რა არის აქ ყველაზე მთავარი ამბავი? სტალინი ხვდება, რომ რელიგიის გაქრობა შეუძლებელია და ძალიან დიდი მარცხიც კი შეიძლება იყოს.

რელიგია ეს არის სოციალური მაკავშირებელი, გამაერთიანებელი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ლენინი ისახავდა მიზნად, რომ მისი ალტერნატივა შეექმნა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა.

სტალინი კი მიხვდა, რომ რელიგიის გაქრობით შეიძლება დაკარგოს იდეოლოგიური ბერკეტები მასებზე, ამიტომ ის ცვლის ამ პოლიტიკას და 1943 წელს იბარებს სამ სასულიერო პირს თავისთან (აქედან ორი შემდეგ პატრიარქი ხდება), შეხვედრას ესწრება უშიშროების კომიტეტის მდივანი კარპოვი და აყალიბებს საკუთარ ეკლესიას.

საკუთარი ეკლესია ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ სტალინი გადაწყვეტს რელიგიური ფაქტორებით, რომელიც [ტოტალიტარიზმის] ბუნებისთვის არის მნიშვნელოვანი, შეძლოს საზოგადოების იდეოლოგიური გაერთიანება.  ეს ფაქტორები და ბუნება გამოიყენეს, მაგრამ მასში სრულიად ახალი სული ჩასვას, ჩადგას – ეს არის სტალინისტური ეკლესია.

ვლადიმერ ნარსია

ახლა ფულბრაიტის პროგრამით ვარ აშშ-ში. ვმუშაობ ბეილორის უნივერსიტეტში მდებარე უნიკალურ, კესტონის არქივში. კესტონის არქივი დაარსებულია დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში და 2009 წლამდე იყო იქ. შემდეგ გადმოიტანეს აშშ-ში, ბეილორის უნივერსიტეტში. ეს არქივი საინტერესოა იმით, რომ თავს უყრის საბჭოთა პერიოდში არსებულ ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ეხება უშუალოდ რელიგიას.

სტალინი 1943 წლის შემდეგ ქმნის საბჭოთა, წითელ ინტელიგენციას, წითელ სამღვდელოებას, წითელ იერარქიას.

ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინდელი კაგებე. ხოლო შემდეგ მისი სხვადასხვა ვერსიები  – რუსული სპეცსამსახურები იქნება ეს თუ რუსეთის გავლენების ქვეშ არსებულ ქვეყნებში არსებული უშიშროების სამსახურები, რომლებიც მაქსიმალურ კონტროლს აწესებენ რელიგიაზე.

რატომ არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე ან გუშინდელი წარსული? – იმიტომ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არსებითად არის ზუსტად კლონი იმ საბჭოთა პოლიტიკის, იმ კაგებეს პოლიტიკის, რომელიც შექმნა სტალინმა. კესტონის არქივში არის შესანიშნავი მასალები, მაგალითად, კარპოვის მოხსენება რელიგიის საკითხებზე.

ამ დოკუმენტების გაცნობა ერთი-ერთზე გიჩვენებს, თუ რამდენად ჰგავს კაგებეს პოლიტიკური ტექნოლოგია, რელიგიასთან დაკავშირებით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების და რელიგიის სააგენტოს პოლიტიკას რელიგიასთან დაკავშირებით.

გაგაოცებთ რა მზაკვრული გეგმით მოქმედებს კაგებე რელიგიის სფეროში. ერთი მხრივ თითქოს ურთიერთობებში შედის დასავლურ ინსტიტუციებთან – ამყარებს კავშირებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის სხვადასხვა რელიგიურ ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. რუსეთში, მოსკოვში იწვევს დასავლური რელიგიური პლატფორმების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ალიბისთვის, რომ თითქოსდა რუსეთში კაგებეს მიერ მართული რელიგიის პოლიტიკა არის მრავალფეროვნების და რელიგიური თავისუფლების დამცველი პოლიტიკა.

ზუსტად იმავეს აკეთებს დღეს რელიგიის სააგენტო.

თუ მათ საჯარო აქტივობას მიადევნებ თვალს, ერთი შეხედვით ეს ორგანიზაცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ალიბი. რეალურად ეს ორგანიზაცია ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკეთებდა კურედოვის, კარპოვის და კაგებეს დროინდელი ინსტიტუციები. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მომხდარიყო დაახლოება საქართველოში არსებულ მცირე რელიგიურ ჯგუფებთან. გაეკონტროლებინა ისინი მაქსიმალურად.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ როცა საჭიროა ამ მცირე რელიგიურმა ჯგუფებმა გამოხატონ პროტესტი სახელმწიფოს ან ეკლესიის მხრიდან არასწორ რელიგიურ პოლიტიკაზე, ასეთ შემთხვევაში ისინი შებოჭილები არიან რელიგიის სააგენტოსთან ამ მჭიდრო ურთიერთობების გამო.

ეს მჭიდრო, ვითომ ურთიერთობა აგებულია იმაზე, რომ ისინი ფინანსდებიან და ეს ფინანსები ერთგვარი პრობლემაა თავისუფალი სიტყვის, მათი პროტესტის გამოხატვის გზაზე.

ეს მნიშვნელოვნად აზიარებს დემოკრატიულ პროცესს და თავად ამ რელიგიურ მცირე ორგანიზაციებს, რადგან მათ რეალურად პრობლემები რომ შეექმნათ, ხმის ამომღები არავინ აღარ იქნება.

ეს არის სტალინისეული პოლიტიკა, რომელიც წარსული კი არ არის, არამედ დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში.

დღეს თუ ვლაპარაკობთ სტალინზე, არ ვლაპარაკობთ წარსულზე, არამედ ვილაპარაკოთ სტალინზე, რომ მისი სახით საფრთხე არის ყველაზე ხილული ჩვენს რეალურ პოლიტიკაში.

სტალინი კი არ მოკვდა, ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სტალინი ცოცხალია.

ცოცხალია ის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა თუ პირების წარმოდგენებში. ათასგვარი მითების საშუალებით მათ სურთ გააცოცხლონ სტალინი, უპირველეს ყოვლისა ყველაზე წმინდა სივრცეში – ეკლესიაში.

რატომ შემოჰყავთ ის ამ სივრცეში?

იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამ გზით დაინახოს, რომ სტალინი ბოროტება კი არ იყო, ეს ყველაფერი მოიგონა დასავლეთმა, ამერიკამ თუ ვიღაცამ და რეალურად სტალინი იყო ღირსეული ადამიანი.

  • რა ზიანი მიაყენა სტალინმა საქართველოს ეკლესიას და სასულიერო პირებს?

როდესაც დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ აენაზღაურებინათ ეკლესიისათვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანი, მაშინ დადგა ეს საკითხი, რომ დაეთვალათ დანგრეული ეკლესიების, გადასახლებული ან რეპრესირებული სასულიერო პირების და მათი ოჯახების ოდენობა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.

იყო ასეთი რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვი, რომელიც მოკლა კაგებემ. ეს კაცი იყო ძალიან პატიოსანი მეცნიერი, რომელსაც ამ მოვლენების საინტერესო შეფასება აქვს. ის ამბობს, რომ თუ ოდესმე ქართული საზოგადოება და აკადემიური სფერო დასვამს შეკითხვას, თუ რა გააკეთა რუსეთმა ამ პერიოდში საქართველოში, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან დარცხვენილები საქართველოს წინაშეო.

  • რატომ გავაწმინდანეთ სტალინი, რატომ შევიყვანეთ ეკლესიაში?

სტალინი დღეს სჭირდება რუსეთს, როგორც ადამიანი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთს და აქ ფაშიზმი იგულისხმება.

მაგრამ შემდეგში რუსეთში განვითარებული პოლიტიკური იდეოლოგიების დახმარებით გამოიძერწა ე.წ. რუსული იდეა, სლავური იდეა, რომ არსებობს რუსეთი, როგორც წმინდა მიწა და არსებობს მეორე ალტერნატიული სამყარო – დასავლეთი.

ამ დასავლეთთან გამკლავება შეძლო სტალინმა, იგულისხმება აქ მეორე მსოფლიო ომი და კოლექტიური დასავლეთის სახე ამ შემთხვევაში არის ნაცისტური გერმანია.

ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ნაცისტური გერმანია იყო ბოროტება, მაგრამ არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად სტალინს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია აშშ-მა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა.

ეს დისკურსი მთლიანად ამოვარდნილია და სტალინი ამ ისტორიაში წარმოგვიდგება დასავლეთის წინააღმდეგ, ნაციზმისა და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ ლიდერად, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა.

რატომ გახდა დღეს აუცილებელი ისევ ამ სტალინის რეაბილიტაცია? იმიტომ, რომ პუტინი პრაქტიკულად არის სიმბოლიზებული სტალინთან – ის ამბობს, რომ უკრაინაში ის ებრძვის არა კონკრეტულად უკრაინელ ხალხს, არამედ ებრძვის დასავლეთს.

და რატომ სჭირდებათ მათ სტალინი? სჭირდებათ იმიტომ, რომ პუტინმა საკუთარი თავის სიმბოლიზება მოახდინოს სტალინში და თქვას, რომ „სტალინი არის ადამიანი, რომელიც გაუმკლავდა ამ ბოროტებას. მეც წარმოვადგენ სტალინის პოლიტიკის გაგრძელებას. მეც უნდა დავუპირისპირდე დასავლეთს, როგორც ბოროტებას“.

ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის სტალინის შემოყვანა წმინდა სივრცეში.

ამას გააჩნია თუ არა რაიმე რეალური საფუძველი, ამაზე დავა შეუძლებელია, სისულელეა. მაგრამ თქვენ იცით, რომ ზოგჯერ სისულელეებიც კი საღდება ისტორიაში სიბრძნედ და გონივრულობად, თუ მას მიახმარს პროპაგანდისტული სახელმწიფო მანქანა საკუთარ ძალას, ძალაუფლებას.

ძალაუფლებები, რასაც სახელმწიფო აწარმოებს დღევანდელი ტექნოლოგიებით, საშინელია, ეს მითოლოგემები. ადრე ეს ასე სწრაფად არ ხდებოდა. ახლა სწრაფად ხდება სოციალური სივრცეებისა და სოციალური კავშირების გამოყენებით.

ამ მითებში იქმნება რაღაც ისტორიები, რომ სტალინი იყო მორწმუნე, იქ სემინარიაში სწავლობდა, დედამისი იყო მორწმუნე ადამიანი, უნდოდა, რომ ის ყოფილიყო სასულიერო პირი და ა.შ.

  • სტალინი რომ დღემდე „ცოცხალია“ და არის მისაღები პიროვნება, რაზე შეიძლება ეს მიანიშნებდეს?

სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი. სულ იყო ამაზე საუბარი, რომ არსებობს ბოროტი დასავლეთი, ეშმაკი, რომლისკენ გახედვა არ შეიძლება და არსებობს მეორე ალტერნატივა, ეს არის წმინდა რუსეთი.

მასებს ეს მთელ სხეულში გამჯდარი აქვთ. ადამიანი, რომელიც მთელი ნერვული სისტემით აღიქვამს სამყაროს ამ პარადიგმაში, რომ არსებობს ბოროტება და არსებობს სიკეთე, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისთვის მხსნელის იდეაში დარწმუნება ადვილია.

მხსნელი არის სტალინი.

სტალინი, რომელმაც დაამარცხა დასავლეთი, არის ერთ-ერთი გადამრჩენელი.

ახლა ვხედავთ უკრაინაში ამდენი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების და მოხუცების განადგურებას. ფაქტია, ერთ მხარეს დგანან მოძალადეები, მეორე მხარეს უდანაშაულო ხალხი, მაგრამ არ არის ეს მარტივი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროპაგანდისტული მანქანებით ათწლეულების განმავლობაში დაარწმუნეს, რომ არსებობს „ბოროტი დასავლეთი“ და ახლა საჭიროა, რომ ამ ბოროტი დასავლეთისგან გავთავისუფლდეთ.

ამიტომ უნდათ მათ ეს სტალინი, როგორც მესია, როგორც მხსნელი, რომელიც მათ გაათავისუფლებს ბოროტი დასავლეთისაგან.

ხშირ შემთხვევაში ამ „ბოროტი დასავლეთის“ მითებით სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც თავად არიან დასავლური კულტურის მომხმარებლები.

დადიან დასავლური მანქანებით, ცხოვრობენ სახლში, რომელიც ღირს მილიონი, ყველაფერი, რაც აქვთ სახლში არის დასავლური კულტურის, ცივილიზაციის თუ ტექნოლოგიის შედეგად შექმნილი, მაგრამ მაინც არის ასეთი.

ეს ამოუხსნელი ფენომენია.

ეს შიში რელიგიური შიშია თავისი არსით. რელიგიური იმ გაგებით, რომ ადამიანია თავად ასეთი არსება – მას სჯერა ბოროტისა და კეთილის. ეს თანდაყოლილი ადამიანური თვისებაა. შეიძლება ეს გააქრო სეკულარიზმმა, მაგრამ მაინც რჩება ადამიანში გარკვეული ტიპის დიფერენციაციის უნარი. განასხვაოს ერთმანეთისაგან რა არის სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, სასარგებლო და მიუღებელი მისთვის. ეს თავისი არსით არის რელიგიური ინტუიცია.

როცა თაობები გაგვზარდეს ისე, რომ აი, ეს ბოროტებაა და ახლა მხსნელი გვჭირდება, რომ დაგვიცვას და დაგვიფაროს ამ ბოროტებისაგან, სტალინი შემოდის, როგორც მხსნელი – ოდესღაც გამარჯვებული ლიდერი ამ ბოროტებასთან. დღეს ეს ბოროტება ისევ უნდა დაამარცხოს ახალმა სტალინმა, ანუ პუტინმა, რომელსაც ხატად ჰყავს სტალინი იმიტომ, რომ ეს უკვე დამთავრებული ისტორიაა და ოდესღაც გაიმარჯვა. ამიტომ შემოჰყავთ სტალინი ამ წმინდა სივრცეში.

  • ის, რომ ეკლესიამ დაუშვა სტალინის გამოსახულებიანი ხატის ქვეყნის მთავარ ტაძარში შეტანა, რას ნიშნავს? რა განაცხადია საქართველოს ეკლესიის მხრიდან?

პროფესიით კანონიკური სამართლის სპეციალისტი ვარ.

უნდა არსებობდეს საეკლესიო წესი, თუ რას ნიშნავს განზრახვა მორწმუნისა ან არამორწმუნის შესწიროს ეკლესიას ხატი. ამ წესს სჭირდება ჩამოყალიბება. უნდა არსებობდეს ასევე ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული წესი.

შუა საუკუნეებში წმინდანებს გამოსახავდნენ გარკვეული ნივთებით ხელში. ზოგჯერ იარაღითაც. ხმალი არის მაგალითად ხატზე დატანილი.

ახლა მე რომ მოვინდომო, ხატი შევწირო – მაგალითად, ჩოგბურთელი ან ფეხბურთელი გახდა ისტორიის გმირი და გამიჩნდეს სურვილი, რომ ჩოგბურთის ბურთი დავხატო ხატზე. ან ფეხბურთის ბურთი ან ბუცი დავხატო. ასეთი ხატი რომ მივიტანო ეკლესიაში შეიძლება თავში ჩამარტყან, მაგრამ ვინ წყვეტს ამას?

ეს კონკრეტული ადამიანი, ვინც ახლა იქ გვეუბნება, რომ მას დაავიწყდა თურმე შეეთანხმებინა საპატრიარქოსთან ხატის შესახებ, გვატყუებს.

მორწმუნეებმა და ეკლესიის წევრებმა უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს კანონიკური ხატი. რა არის კანონიკური ხატის განსაზღვრება. რა დეტალები უნდა იყოს ხატზე, რა არ უნდა იყოს, რას უნდა გამოსცემდეს ხატი და ა.შ.

ეს წესები და რეგულაციები დაგვაზღვევდა მსგავსი ფაქტისაგან.

მომავალშიც იქნებოდა კარგი მაგალითი, რომ არ განმეორდეს მსგავსი. ვინც იქნებოდა, ვისაც კეთილი სურვილი აქვს, მაგალითად შესწირავს ხატს, უნდა ვიცოდეთ, რომ დაცულია ამ ხატის კანონიკა იმ წესების მიხედვით, რაც გამოქვეყნებული აქვს საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციულ ორგანოს.

ეს დაგვაზღვევდა რეალური საფრთხეებისა თუ უსიამოვნებისაგან. ეკლესია არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს რაღაცის სწამთ, ვიღაცას სტალინის სწამს…

არ არის მისაღები და კარგი, რომ ქალბატონმა ფერაძემ საღებავი შეასხა ხატს [იმ ხატის გვერდით იყო სხვა წმინდა ხატებიც], ეს წმინდა ადგილია, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტზე რეაგირების და ამ ფაქტის ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რატომ გახდა ეს საჭირო.

ეს [ნატა ფერაძის ქცევა] გახდა საჭირო სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ათეული წლებია უკვე ვუყურებთ ეკლესიას, რომელიც არ რეაგირებს მოსახლეობის და საზოგადოების არანაირ მოთხოვნაზე, არანაირ თხოვნაზე. ასეთი ფაქტები ათეულობითაა ჩვენს უახლოეს ისტორიაში.

თითქოს ეს იყო განწირული რეაქცია ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენა და ამით თქვა, რომ თუ თქვენ ისევ არ მოახდენთ რეაგირებას, მე მოვახდენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს არ გააკეთებდნენ საიმისოდ, რომ ეს ხატი გაეტანათ. პირიქით, დაგვცინებდნენ, როგორც ადრე ხდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: