სიახლეები

წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე

02.02.2024 • 6180
წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები საქართველოში  ძვირადღირებულ მკურნალობაზე, ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და სადაზღვევო კომპანიებზე წერენ.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის სწრაფმა პრივატიზაციამ და არასაკმარისმა რეგულაციებმა გააჩინა ხელსაყრელი პირობები არასრულყოფილი და ოლიგოპოლიური ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, სადაც ჯანდაცვის სერვისების ფასების რეგულირება რამდენიმე კერძო აქტორის ხელშია.

რახან რეფორმების განხორციელებამდე რეგულაციები არ არსებობდა, დაინტერესებულმა კომპანიებმა კონკრეტული სამედიცინო სფეროების მონოპოლიზაცია შეძლეს საქართველოში. დიდი სახელმწიფო საავადმყოფოები რამდენიმე კერძო სტრუქტურამ იყიდა, ძირითადად ბანკებმა, ფარმაცევტულმა და სადაზღვევო კომპანიებმა.

Habitat-Cité-ს მიერ 2022 წლის თებერვალში ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, ამ სისტემას საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აღიქვამს, როგორც წამახალისებელ სისტემას პრაქტიკანტი ექიმებისთვის, სისტემას, რომელშიც დაურეგულირებლად იზრდება მკურნალობის ფასი და ინიშნება ბევრი ანალიზი, რათა მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი შემოსავალი პაციენტების ჯანმრთელობის შერყევისა და ფინანსური ზიანის ხარჯზე.

„საქართველოში ექიმები მაფიის ბოსები ან ბიზნესმენები არიან“აცხადებს საქართველოს მოქალაქე კვლევისას ჩაწერილ ინტერვიუში. ქალი საფრანგეთში ქალიშვილის მკურნალობის იმედით ჩავიდა.

მედიკამენტები პაციენტებისთვის ძალიან ძვირია. ჯანმრთელობის ხარჯებს შორის ყველაზე მეტი ფული ხალხს ამაში ეხარჯება, ბევრი პრეპარატი არ ფინანსდება სახელმწიფო დაზღვევით ან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2016 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ფარმაცევტული ინდუსტრიის ბაზარს ეხება, წერია, რომ დომინანტურ პოზიციას ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია იკავებს. ორგანიზაციის შეფასებით სახელმწიფო სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის და სამედიცინო ბაზრის რეგულირების საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

„ხუთი წლის შემდეგაც ეს რეალობა არ შეცვლილა“, – წერია ფრანგულ კვლევაში.

საქართველოში სამი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ფლობს ბაზრის დაახლოებით 79%-ს. იგივე აქტორები არიან წარმოდგენილები ჭარბად ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში. მაგალითად  კომპანია GHG-ს წამლის ბაზრის 32% -ს ფლობს, ფლობს ასევე სადაზღვევო ბაზრის 25%-ს [„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“]. 

შემდეგ მოდის კომპანია PSP, რომელიც ბაზრის 28%-ის მფლობელია. ავერსი ბაზრის 19%-ს ფლობს. (2022 წლის მონაცემებით).

ეს სტრუქტურა ხელს უწყობს დომინანტურ კომპანიებს, ბოროტად გამოიყენონ საკუთარი პოზიციები და დააწესონ მკურნალობის ყველაზე მაღალი ფასი.

გამოკითხულთა თქმით, სამედიცინო ბაზრის ოლიგოპოლიური სტრუქტურით აიხსნება მკურნალობის მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

ფრანგ მკვლევრებთან საქართველოს ბევრი მოქალაქე აღნიშნავს, რომ იძულებულები გახდნენ სამკურნალოდ წასულიყვნენ მეზობელ თურქეთში, სადაც მათი დაკვირვებით მედიკამენტები, მკურნალობა, ხშირად 4, 5-ჯერ იაფია საქართველოსთან შედარებით.

ჯანდაცვის ბაზარზე მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კომპანიების დომინანტობა იწვევს მოსახლეობის უნდობლობას მთლიანად სისტემის მიმართ. ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, სისტემა ჯანდაცვის პროვაიდერებს უბიძგებს და ახალისებს გაზარდონ თავიანთი მოგება, იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების განზრახ გამოწერით, რასაც სახელმწიფო დაზღვევა არ აფინანსებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია MAC Georgia-ს წარმომადგენელი საკითხს ასე ხსნის: „დაზღვევა ჰოსპიტლებსა და კლინიკებს თანხას იმის მიხედვით უხდის, თუ რამდენ დღეს უმკურნალებენ ისინი პაციენტებს. შესაბამისად დაინტერესება დიდია, რომ საკუთარი მოგების გასაზრდელად ჩაატარონ რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მანიპულაცია, რადგან ამისთვის მათ სახელმწიფო დააფინანსებს. არ აქვს მნიშვნელობა სჭირდება თუ არა პაციენტს ეს მკურნალობა რეალურად“.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მძლავრი რეგულაციების არარსებობა და ბაზრის სტრუქტურა ხელს უწყობს პოლიფარმაციას, (მედიკამენტების ჭარბად დანიშვნა) ახალისებს სიმპტომატურ მიდგომებს (რაც გულისხმობს თითოეული სიმპტომის ინდივიდუალურად მკურნალობას) და არ უწყობს ხელს ეტიოლოგიური მიდგომის დანერგვას. (ეტიოლოგიური მიდგომა გულისხმობს პათოლოგიის მკურნალობას სიმპტომების წარმოშობის გათვალისწინებით) ასეთი სისტემა კი დრამატულად ზრდის პაციენტების სამედიცინო ხარჯებს.

არსებობს ასევე ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ პრაქტიკოს ექიმებს კოლეგებთან შეთანხმება აქვთ. პრაქტიკოსები თავიანთ პაციენტებს კოლეგებთან ამისამართებენ, რაშიც კონსულტაციის ფასის პროცენტს იღებენ.

  • საქართველოში მკურნალობა ხელმიუწვდომელია

ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებათა კომიტეტის შეფასებით, ჯანდაცვის მომსახურება, მოწოდებული საჯარო თუ კერძო ოპერატორების მიერ, ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. თანასწორობა მოითხოვს და გულისხმობს, რომ ყველაზე ღარიბი ოჯახები არ დაზარალდნენ ჯანდაცვის დანახარჯებით მდიდარ ოჯახებთან შედარებით.

ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაცია, ოლიგოპოლიური სამედიცინო ბაზარი და ხარვეზიანი სადაზღვევო სისტემა განაპირობებს მკურნალობის არახელმისაწვდომობას საქართველოში.

„ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ფრანგულმა მხარემ, იმ ქართველი პაციენტების პირადი მდგომარეობის შეფასებისას, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ითხოვენ საფრანგეთში მკურნალობის მიზნით“, – წერია ფრანგულ კვლევაში.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კვლევა – 2021 წელი 

„საქართველოში ჯანდაცვის ხარჯებით გაღატაკების ყველაზე მაღალი და კატასტროფული მაჩვენებელია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. კატასტროფული ხარჯები გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან უწევს მედიკამენტების და ექიმების ზოგადი კონსულტაციების ფულის გადახდა.

საკუთარი ჯიბიდან იხდიან ასევე ჰოსპიტალიზაციისა და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯებს, რაც ყველაზე დიდ ტვირთად ღარიბ ოჯახებს აწვებათ“, – წერია ანგარიშში, რომლის სათაურია, „შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ჯანდაცვის საფასურის გადახდა საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: