სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ცხვირის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე – ქირურგის რჩევები

02.02.2024 • 4319
რა უნდა ვიცოდეთ ცხვირის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე – ქირურგის რჩევები

რინოპლასტიკა ცხვირზე ოპერაციული ჩარევაა, რომელსაც ატარებენ როგორც ცხვირის ვიზუალური ცვლილებისთვის, ისე დეფორმაციებისა და დეფექტების გასასწორებლად, ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგიული ჩარევაა მსოფლიოში. 

„ბათუმელებთან“ რინოპლასტიკის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების ასოციაციის წევრი, ზურაბ კეკელია საუბრობს. 

  • ბატონო ზურაბ, როგორია რინოპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაცია და რამდენ ხანს გრძელდება ის?

ცხვირის წვერს, ცხვირის ზურგის მიდამოს, ნესტოებსა თუ ცხვირის ნებისმიერ მონაკვეთზე ქირურგიულ ჩარევას ეწოდება რინოპლასტიკა, არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის, რა ზომის ან რა მოცულობის ჩარევა კეთდება. რეაბილიტაცია იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ოპერაცია სრულდება, პაციენტს დაედო თაბაშირის სამაგრი და დაიწყო გამოღვიძება – ჯერ იწყება შეშუპება, ანუ მოცულობის გაზრდის ეტაპები (რომელიც უნდა დაცხრეს).

მოვლა იწყება პაციენტის გამოღვიძებისთანავე. კერძოდ, სიფრთხილეა საჭირო, რომ სახეზე არ გადაბრუნდეს, ხელი არ მოიხვედროს და ა.შ. თუმცა უფრო ინტენსიური მოვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პაციენტი გაეწერება შინ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ტამპონების ამოღების შემდეგ. ცხვირის ღრუს მოვლა ამ შემთხვევაში ნიშნავს სავლების გამოყენებას, რომ არ დაგროვდეს შიგნით ლორწო, არ გაჩნდეს ქერქები და ცხვირის ღრუ იყოს სულ სუფთა.

  • რატომ არის აუცილებელი სავლების გამოყენება და ცხვირის დატენიანება?

საქმე ის არის, რომ როდესაც ცხვირზე კეთდება ოპერაცია, ნებისმიერ შემთხვევაში ცხვირის ღრუში არსებული ლორწოვანი გარსი შუპდება, ამ დროს ლორწოვანის ნაკეცებში გროვდება იქ გამომუშავებული ლორწო (ბლანტი სითხე, შეიძლება მცირედი რაოდენობით იყოს სისხლის კოლტებიც), რომელიც უნდა გამოიწმინდოს; რომ შემდგომში არ მოხდეს ბაქტერიების დაგროვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არსებული შეშუპების გახანგრძლივება, სუნთქვის გაძნელება, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დაინფიცირება და ჩამოყალიბდეს ანთება. ასეთ დროს ანთება შეიძლება გადავიდეს ჩირქოვან ანთებაში, რომელსაც უკვე სხვა მკურნალობა სჭირდება. 

ოპერაციის შემდგომ ცხვირის ღრუ საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას, რომ იყოს სულ სუფთა. გამოსაწმენდად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მარილოვანი ხსნარები.

სავლებების გამოყენება რეკომენდებულია დაიწყოს ტამპონების ამოღებიდან დაახლოებით 6-12 საათის შემდეგ. გამოწმენდის ინტენსივობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით გროვდება ცხვირის ღრუში ლორწო და უშლის პაციენტს ხელს სუნთქვაში. ისე კი – ოპტიმალურია დღეში 3-4 ჯერ.

ახლა დატენიანების მნიშვნელობაზე – ოპერაციის შემდეგ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი არ არის ბოლომდე აღდგენილი, შესაბამისად, ის ვერ გამოიმუშავებს ლორწოს და ვერ იტენიანებს თავის თავს. 

თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანი რეაგირებს სხვადასხვა გარემო პირობებზე, მაგალითად სიცივეზე, ლორწოვანი გარსი მასზე უფრო ფაქიზია. ამიტომაც, ისეთ პაციენტებს, ვისაც ცხვირის ღრუში სიმშრალე აწუხებთ, ვუნიშნავთ სხვადასხვა ტიპის ზეთოვან ხსნარებს და ეს ძალიან ეფექტურია, ლორწოვანი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას.

რა რეკომენდაცია არსებობს რინოპლასტიკის შემდეგ ცივ ან ცხელ გარემოში გაჩერებასთან დაკავშირებით?

ნებისმიერი ნაოპერაციები უბანი, რა ნაწილიც არ უნდა იყოს სხეულის, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, არ არის რეკომენდებული, რომ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ გარემოში იყოს დიდ ხანს [თუ კონკრეტულად რაიმე ჩვენება არ არის].

ცხვირში ოპერაციის, ანუ ტრავმის შედეგად დარღვეულია სისხლის მიმოქცევა, რომელიც უნდა აღდგეს, სიცივე კი სისხლის მიმოქცევისთვის ქმნის პირობებს, რომელშიც სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები ვიწროვდება და სისხლი არ მოედინება და არც გაედინება. ეს ცუდია, რადგან შეშუპებას ახანგრძლივებს და შეხორცების პროცესსაც უშლის ხელს.

სიცხეში პირიქით ხდება, ფართოვდება სისხლძარღვები, სითხისა და სისხლის მოდინება ხდება, მაგრამ გადინება – არა, რადგან გაფართოებულ სისხლძარღვებში ვერ ასწრებს იმ რაოდენობის სისხლი გადინებას, რა რაოდენობაც მოედინა და ესეც ახანგრძლივებს შეშუპებას.

ოპერაციის შემდეგ ოპტიმალურია ის გარემო, რა გარემოშიც ადამიანი ცხოვრობს, რასაც შეჩვეულია და რაც კომფორტულია მისთვის. ზოგიერთისთვის ოდნავ უფრო ცივი გარემოა კომფორტული, ზოგისთვის – შედარებით თბილი; მაგრამ გადაჭარბებული სითბო ან სიცივე არ ვარგა. 

  • რინოპლასტიკის შემდეგ ძილის პოზას რა მნიშვნელობა აქვს? 

მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, თუმცა ეს ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში ადამიანებს თავისუფლად სძინავთ ნაოპერაციებ ცხვირზე არაფერი მოსდით, ზოგი ადამიანი კი ექვსი თვის შემდეგ იწყებს გვერდზე წოლას და ამ დროის მერე იწყებს ცხვირი დეფორმაციას.

ზოგადად ძვლების შეხორცებას სახეზე 100-180 დღე, ანუ ექვსი თვე სჭირდება, თუმცა რიგ შემთხვევებში ცხვირის ძვლები არის ძალიან თხელი, მოკლე, ძალიან ფაქიზი, ამასთანავე, მათ შორის დიდი დაშორებებია და სწრაფად ვერ ხორცდება. რიგ შემთხვევებში ძგიდე არის მაგარი და სახეზე წოლაც კი არაფერს ცვლის, მაგრამ თუ ძგიდე და ცხვირის ძვლებიც თხელია, ამ შემთხვევაში ცხვირი მოფრთხილებას საჭიროებს დაახლოებით 6-9 თვე.

გარდა ამისა, ზოგადად ერთ მხარეზე წოლის ჩვევა განაპირობებს იმას, რომ სითხე [ლიმფა და სისხლი] ერთ მხარეს უფრო აქტიურად მონაცვლეობს, ვიდრე მეორე მხარეს. შესაბამისად, ერთ მხარეს უფრო გააქტიურებულია ცირკულაცია, მეორე მხარეს კი სპაზმირებულია და შევიწროებულია სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები. ამიტომ ყველა პაციენტს ვაფრთხილებთ და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაიძინონ კისრის ბალიშით.

ზოგჯერ არის, რომ სხვადასხვა მხარეს იხრება ცხვირი. ცხადია, ასეთ დროს პირველ რიგში თავის ქირურგს უნდა მიმართოს პაციენტმა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის მასაჟები, ასევე – დამხმარე ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომლებიც ეხმარება ცხვირის შეხორცებისა და დაცხრობის პროცესს.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ცხვირის ოპერაციის შემდეგ, თუ დაცემინების აუცილებლობას ვგრძნობთ?

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააცემინოთ პირღიად, რადგანაც პირის ღრუ და ცხვირის ღრუ ერთმანეთთან ანატომიურად არის დაკავშირებული, ისინი მთლიანად არ არიან გამიჯნული ერთმანეთისგან. შესაბამისად, დაკეტილი პირით დაცემინებისას წნევა მაქსიმალურად იმატებს ცხვირის ღრუში, მაგრამ როდესაც პირის ღრუ იღება, წნევა ცოტათი უფრო ნაკლებია, ვიდრე დახურული პირის დროს.

წნევის მომატება კი შეშუპებას ახანგრძლივებს და შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვებიც, რაც საბოლოოდ აისახება სუნთქვაზე და შესაძლოა აისახოს ცხვირის ფორმაზეც კი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: