სიახლეები

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

01.02.2024 • 4954
კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

ბათუმში, ადლიის #102-ში ოთხსართულიანი, დაუმთავრებელი შენობა დგას. წესით აქ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს უკვე განთავსებული, თუმცა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო ახალ კომპანიას ეძებს, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა – 1 295 248 ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არასრულად შეასრულა. არადა ამ თანხით სამსართულიანი, 1871 კვადრატული მეტრი შენობის აშენება და რემონტი იყო დაგეგმილი.

კომპანია, რომელსაც შენობის აშენების და ჩაბარების ვალდებულება ჰქონდა, ახლა შავ სიაშია. საბიუჯეტო ორგანიზაციას კი თავიდან მოუწია ტენდერის გამოცხადება, ამჯერად 1 125 875 ლარით. ანუ თითქმის იგივე თანხით, რაც ამ საქმეში უკვე გადაუხადა შავ სიაში მოხვედრილ კომპანიას.

ბათუმში, ადლიის ქუჩა #102ა-ში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ, შპს „ძმებმა“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ტენდერი 1 მილიონ 619 060 ლარზე იყო გამოცხადებული. შპს „ძმებმა“ სამუშაოს შესრულებაში სააგენტოს 300 000 ლარით ნაკლებად შესთავაზა და გაიმარჯვა.

ხელშეკრულება გარემოს ეროვნული სააგენტოს და შპს „ძმებს“ შორის 2021 წლის 12 აპრილს გაფორმდა 1 295 248 ლარზე. მისი მოქმედების ვადად კი 2022 წლის 25 მარტი განისაზღვრა.

ასევე სამუშაოების შესრულების ვადა შემსყიდველმა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ასე განსაზღვრა: „სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი მოთხოვნიდან, გეგმა გრაფიკის შესაბამისად 10 თვე [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].“

გარემოს ეროვნული სააგენტოს მაშინდელი უფროსის, ანდრო ასლანიშვილის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანებით [#48] მშენებლობის კონტროლი ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, პაატა ვადაჭკორიას და მოწვეულ სპეციალისტს იოსებ მირიანაშვილს დაევალა.

პირველი მიღება-ჩაბარების აქტი 2021 წლის ივლისში გაფორმდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, 2021 წლის 12 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 13 ცვლილება შევიდა. ბოლო ცვლილების თარიღი  2023 წლის 30 ივნისია.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში, საზედამხედველო კომპანიად დაფიქსირებულია – „ზაისი და კომპანია“. ეს კომპანია ასრულებდა ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირებას. შესაბამისად, კონტროლი ამ კომპანიის პასუხისმგებლობაც იყო.

სააგენტოს პორტალზე არსებული დოკუმენტებით, მშენებლობის პროცესი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად მიმდინარეობდა. ამას ადასტურებდა ზედამხედველი კომპანიაც.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ ვადის გადაწევა რამდენიმეჯერ ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

2023 წლის 31 ივლისით დათარიღებული ინსპექტირებისა და ტექნიკური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ფაქტობრივად შესრულებული მორიგი სამუშაოების ხარჯი გამოუთვალეს და ჩაუთვალეს. 2 თვეში კი ვითარება რადიკალურად შეცვალა.

2023 წლის 12 სექტემბერს გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად გელაშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ შპს „ძმებთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 1 სექტემბერს ამოიწურა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მოითხოვა სააგენტოს შეესწავლა კომპანიის ფინანსური ვალდებულებები და შესაბამისი პროცედურები დაწყებულიყო.

ზვიად გელაშვილი ხელმძღვანელს ატყობინებდა ასევე, რომ კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყო 103 875 ლარი.

2023 წლის სექტემბერშივე, მიმწოდებლის, ანუ შპს „ძმების“ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინება დოკუმენტებში გამოჩნდა.

მოთხოვნის საფუძვლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიმწოდებელმა, ანუ შპს „ძმებმა“ სამუშაოები აწარმოა სისტემატური შეფერხებით, დაბალი ტემპით და ფინანსური, ასევე კალენდარული გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდებთან ჩამორჩენით და დარღვევით.

„სამუშაოების წარმოების პროცესში შემსრულებლის მხრიდან იკვეთებოდა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება და დარღვევა, სამუშაოების შენელებული ტემპი და ხშირ შემთხვევაში სამუშაო პროცესის სრული წყვეტა“,- ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი აწერს.

კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნაზე შეტყობინებაში სააგენტო ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად, მათ შორის, დროულად შესრულების მიზნით ყველა საშუალება გამოიყენა და გაატარა სამართლებრივი ღონისძიებები.

ამავე შეტყობინებაში ვასილ გედევანიშვილი განმარტავს, რომ „სააგენტოს მიადგა ზიანი, რომლის გამოსწორებაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.“

შესყიდვების ვებპორტალის მიხედვით, მიუხედავად პრობლემებისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა, კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 1 მილიონ 295 248 ლარი ჩაერიცხა.

იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იგივე თანხით – 1 მილიონ 125 875 ლარით.

დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

სააგენტოს ხელმძღვანელი ცდილობს განმარტოს, რატომ მიიღო კომპანიის შავ სიაში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება დაგვიანებით, ანუ რატომ არ შეუწყვიტა კომპანიას ხელშეკრულება უფრო ადრე.

„დამატებით განვმარტავთ, რომ ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვის ვადაში. მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა სამუშაოების დასრულება.

სააგენტომ არ მიმართა მიმწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს და ცდილობდა მიმწოდებლისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი, რათა მას უზრუნველეყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სამშენებლო პროცესის დასრულება.

ამ მიზეზით რამდენჯერმე განხორციელდა ახალი ფინანსური, ასევე კალენდარული გრაფიკის შედგენა. აგრეთვე, არაერთხელ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა,“ – წერს ვასილ გედევანიშვილი

მხარეებს შორის 2023 წლის 30 ივნისს გაფორმებული [N13] შეთანხმების აქტის თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დამატებით ვადად განესაზღვრა 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით პერიოდი – სამ დეკადად [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].

შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ, 2023 წლის 20 ივლისის ჩათვლით [ორ დეკადაში] გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად და უპირობოდ შეეწყვიტა 2021 წლის 12 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. მიმწოდებელმა არ შეასრულა 2023 წლის 30 ივნისის N13 შეთანხმების აქტით დადგენილი პირობები.

„ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერილობით გაუგზავნა შეკითხვები. დავინტერესდით, რატომ ჩაურიცხა სააგენტომ კომპანიას მილიონ ლარზე მეტი თანხა მაშინ, როცა აშკარა იყო, რომ შპს „ძმები“ ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს. ასევე, დავინტერესდით რატომ არ გამოიყენა სააგენტომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის მექანიზმები ბიუჯეტის სახსრების ეფექტურად განსაკარგად.

სააგენტოდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მათი განმარტება მასალაში აისახება.

ბათუმში, ადლიის #102-ში სამუშაოების დასასრულებლად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, 1 მილიონ 125 875 ლარით.

ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ინტერ კონსტრუქშენი“ და შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“ დისკვალიფიცირებულია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამ ტენდერში შპს „ინტერ კონსტრუქშენი“ გაიმარჯვებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ 1 მილიონ 125 875 ლარად  უნდა მოაპირკეთოს სააგენტოს შენობა, ასევე უნდა მოაწყოს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების, წყალ-კანალიზაციის, ელექტრო გაყვანილობის და სუსტი დენების სისტემები.

წესით ეს სამუშაოები შპს “ძმებს” უნდა გაეკეთებინა.

სატენდერო განაცხადს თან ერთვის ფოტო მასალა, თუ რა მდგომარეობაშია ახლა შენობა, რომლის დასრულების ვალდებულებაც ახალ კომპანიას ექნება.

სქრინი სატენდერო დოკუმენტიდან: ასე გამოიყურება შენობის შიდა ინტერიერი, რომელიც ახალმა კონტრაქტორმა უნდა დაასრულოს

  • ვის ეკუთვნის შავ სიაში მოხვედრილი კომპანია

შპს „ძმები“ 2019 დაფუძნებული კომპანიაა და მისი ასივე პროცენტი მარად ჯიმშერაძეს ეკუთვნის.

შპს „ძმები“ დაკავშირებულია კომპანია შპს „ნიკასთან“. ეს უკანასკნელი კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს იგებს.

იმისთვის, რომ 2021 წელს ტენდერში გაემარჯვა, შპს „ძმებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სწორედ შპს „ნიკასთან“ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია წარუდგინა, როგორც მტკიცებულება, რომ ანალოგიური სამუშაოს ჩატარების გამოცდილება ჰქონდა.

  • კითხვები, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს და კომპანიის მიმართ არსებობს

მაშინ, როცა აშკარა იყო, რომ კომპანია ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რატომ არ შეწყვიტეს მასთან ხელშეკრულება და რატომ ჩაურიცხეს თანხა სრულად შპს „ძმებს“ – ეს არის კითხვა, რომლითაც „ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

ასევე დავინტერესდით, რა მექანიზმებით გეგმავს სააგენტო შეუსრულებელ სამუშაოებში უკვე გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას. ასევე დავინტერესდით დაწყებულია თუ არა სამართლებრივი დავა კომპანიასთან და თუ არის, რა ეტაპზეა.

პასუხი სააგენტოსგან ჯერჯერობით არ მიგვიღია.

„ბათუმელები“ იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ შეასრულა შპს „ძმებმა“ ტენდერით აღებული ვალდებულებები, დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს, მარად ჯიმშერაძესაც.

„თქვენს ნომერს მივაწოდებ და გაგცემენ ყველაფერზე პასუხს,“ – გვითხრა მარად ჯიმშერაძემ ჩვენი შეკითხვის პასუხად.

მარად ჯიმშერაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გააკეთებს კომპანიის სახელით კომენტარს.

კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში, ის მასალაში აისახება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: