მთავარი,სიახლეები

თუ აშშ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე – ზელენსკი

29.01.2024 • 4749
თუ აშშ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო დასუსტდება და ეს საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს გადანაწილებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ზელენსკის პრესსამსახური ციტირებს.

„ეს კომპლექსური საკითხია. პირველ რიგში, მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას იმ დონეზე, რასაც აქამდე იღებდა უკრაინა, ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. სავარაუდოდ, თუ მთელი ევროპა იქნება ერთიანი, მას შეუძლია საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს გავლენა – როდესაც სიგნალები არ არის დადებითი, ამას გავლენა აქვს ევროპის ზოგიერთ ლიდერზე.

ამიტომ, მე მჯერა, რომ თუ, ღმერთმა ნუ ქნას, შეერთებულ შტატებში შეფერხდება უკრაინის მხარდაჭერის პროცესები – ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე.

და აქ არის თანმდევი პრობლემები. პირველი – ესაა იარაღის და ფინანსების დეფიციტი უკრაინაში. მეორე – ვფიქრობ, რომ აშშ-სა და ევროპას შორის კავშირი დაიკარგება. მესამე – თავად ევროპა მიხვდება, რომ ეს არის სიგნალი: თუ უკრაინა ვერ გაუძლებს და პუტინი წინ წავა, ეს არის სიგნალი შეერთებული შტატებისგან, რომ ევროპა მარტო დარჩება ნატოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაუპირისპირდებიან რუსეთს.

ეს იქნება სერიოზული საფრთხე. პუტინი ამით ისარგებლებს 100 პროცენტით. და ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ნატო ასე ძლიერი არ იქნება“.

ზელენსკის თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაშორდება ნატოს, მაშინ ნატოს სხვა წევრებსაც ექნებათ განსხვავებული აზრი უსაფრთხოების ალიანსთან დაკავშირებით, რადგან მათ აქვთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და შედეგად, მსოფლიოში გავლენების ხელახალი გადანაწილებაა მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: