სიახლეები

ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

26.01.2024 • 5898
ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა“ – წერს PHR-ი დღეს, 26 იანვარს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის  გიორგიმ აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა.

ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ მას მასწავლებელმა სცემა.

მშობელმა პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე.

რამდენიმე თვის განმავლობაში 3.5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. მშობელმა ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.

საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 8 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.

აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.

გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა  კომიტეტს მიმართეს.

2022 წლის 7 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

კომიტეტმა განმარტა, რომ გიორგის საჯარო ბაღში მისვლისას სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, რაც განმტკიცებული იყო სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის ბებიის მონათხრობით, რომ მას ხშირად უნახავს იგივე აღმზრდელი როგორ სჯიდა მის შვილიშვილსაც. ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. აღმზრდელის მითითება, რომ ბავშვის სახეზე დაზიანება ალერგიის შედეგი იყო, არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებით.

კომიტეტმა გაითვალისწინა, განმცხადებლის (გიორგის) მოწყვლადობა, რომ ბავშვი იყო  3,5 წლის, მასწავლებლის ავტორიტეტი და გავლენა, ასევე ბავშვზე კონტროლის შესაძლებლობა, საჯარო ბაღის როლი რაც გულისხმობს საჯარო ფუნქციის განხორციელებას – იზრუნოს და განათლება მიაწოდოს ბავშვებს.

კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოექცა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ფარგლებში.

კომიტეტმა, დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი.

კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი.

კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაციის გაცემა ბავშვზე.

სახელმწიფომ ასევე უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი რომ უზრუნველყოს მსგავსი დარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით სხეულებრივი დასჯის შემთხვევათა სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება ბავშვის სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ, სადაც კომიტეტმა სახელმწიფოს ბავშვის უფლებების დარღვევა დაუდგინა“ – წერს PHR.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: