მთავარი,სიახლეები

ექიმებმა ჩემს ინსულინზე მითხრეს, რომ საფრანგეთში წლებია ამოიღეს ხმარებიდან – მიგრანტი პაციენტი

26.01.2024 • 6895
ექიმებმა ჩემს ინსულინზე მითხრეს, რომ საფრანგეთში წლებია ამოიღეს ხმარებიდან – მიგრანტი პაციენტი

ფრანგული ორგანიზაცია Habitat-Cité-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არაეფექტურია და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის შეფასებაც, რომელშიც წერია, რომ „მიუხედავად 2013 წელს განხორციელებული რეფორმებისა, სახელმწიფო ცოტას ხარჯავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად, სამედიცინო მომსახურება კი ხარვეზებით ხასიათდება“.

საფრანგეთი ევროპის ის ქვეყანაა, სადაც ძირითადად მძიმე დაავადებების მქონე ქართველი პაციენტები ჩადიან სამკურნალოდ. ბათუმელი ნინო კვირიკაძეც ერთ-ერთი მათგანია.

ამბობს, რომ ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ბოლოს შაქარი აღარც ეზომებოდა. საქართველოში მკურნალმა ექიმმა ურჩია, რომ უცხოეთში წასულიყო. ნინო დაავადებას ვეღარ აკონტროლებდა.

დიაბეტმა დაუზიანა და ცალი თირკმლის ამოკვეთა გახდა საჭირო, ოპერაცია დასჭირდა რამდენჯერმე ცალ თვალზეც, ბოლოს ინფარქტი დაემართა.

ნინოს გაურკვეველი წარმოშობის დიაბეტი აქვს და მკურნალობის არაეფექტურობამ აიძულა ემიგრაციის გზა აერჩია. შვილთან და ქმართან ერთად წავიდა საფრანგეთში, სამედიცინო დაზღვევა მალევე მიიღო:

„სამედიცინო დაზღვევას აქ აძლევენ ყველას, მე ერთი თვეც არ დამჭირდა ლოდინი, მალევე მომცეს. ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მეტად ფასობს, ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და ამას ხელშესახებად გრძნობ. თუკი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, სიცოცხლე გახანგრძლივეს.

დეკემბერში ემიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავდა საფრანგეთის სენატი, მაგრამ ფრანგმა ექიმებმა საოცრება მოახდინეს, უზარმაზარი წერილი მისწერეს სენატს. წერდნენ, რომ მათთვის სულ ერთი იყო რას შეცვლიდა და შეზღუდავდა უცხოელი პაციენტებისთვის სენატი, ჩვენ მაინც ყველას ისევ ისე ვუმკურნალებთ, უსასყიდლოდ და არ დაგემორჩილებითო“, – გვიყვება პაციენტი საქართველოდან.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ სენატის შეთავაზებას, შეეზღუდათ მიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომა, მხარი არ დაუჭირა. არალეგალებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა საფრანგეთში შეინარჩუნეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სენატს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელიზაბეტ ბორნი დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა 2024 წელს აუცილებლად დაიწყება, რაც ქართველი მიგრანტების სამომავლო მდგომარეობას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ნინო 2018 წელს წავიდა საფრანგეთში, ხუთ წელზე მეტია ნანსში ცხოვრობს. ამბობს, რომ დიაგნოზის დასმის პრაქტიკა ძალიან სპეციფიკურია საფრანგეთში:

„დიდხანს გაკვირდებიან და გსწავლობენ, გიკვლევენ. მხოლოდ დიაბეტი არ იყო ჩემი სირთულე, ოთხი ქრონიკული დაავადება მაქვს ერთად. გულის და თრომბის ოპერაციები გამიკეთეს, 2 წლის წინ აღმომიჩინეს, რომ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მუდმივად დაღლილი ვიყავი, სულ მეძინებოდა, მავიწყდებოდა ყველაფერი და ამას დიაბეტს ვაბრალებდი.

ამ დიაგნოზის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩატარდა. დამინიშნეს სასუნთქი აპარატი, რითაც ყოველ ღამე მძინავს. ამ აპარატის გარეშე ჩემთვის ძილი არ შეიძლება, მაცილებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს“.

ნინო ამბობს, რომ სამედიცინო დაზღვევაში მედდის მომსახურებაც შედის ბინაზე. მედდა დღეში ორჯერ აკითხავს სახლში და აკონტროლებს ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გათვითცნობიერებულია და შეუძლია თავადაც მიიღოს მედიკამენტები და დაავადება შინ ყოფნისას მართოს, მაინც მედდა წარმართავს პროცესს ყოველთვის.

ნინო 12 დასახელების მედიკამენტს იღებს, რაშიც თვეში 800 ევრო იხარჯება. წამლების ფასს დაზღვევა სრულად ფარავს.

„მაღალხარისხოვანი, თანამედროვე აპარატურა და პროფესიონალები, რომლებიც ამ მექანიზმებს მართავენ იდეალურად, პაციენტის მიმართ ექიმის დამოკიდებულება და საოცარი დაზღვევა – ესაა ის, რასაც 5 წელი ვხედავ. ძალიან შთამბეჭდავია დიაგნოზის კვლევისას, მკურნალობისას კომპლექსური მკურნალობის აქაური პრაქტიკა, რის ნაკლებობასაც სულ ვგრძნობდი საქართველოში. მყავდა ჩემს ქვეყანაშიც კარგი ექიმები, მაგრამ ერთი კარგი ექიმი ვერაფერს გახდება, როცა გუნდი არაა ჩართული რთული შემთხვევების კვლევასა და მკურნალობაში“, – ამბობს ნინო.

იხსენებს, რომ საფრანგეთში მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა გამოჰკითხეს, თუ რა მედიკამენტებს იღებდა საქართველოში. ნინომ ინსულინი – აპიდა და ლანტუსი აჩვენა ექიმებს. ინსულინი მოუხსნეს. უთხრეს, რომ ეს პრეპარატი არაეფექტურია და საფრანგეთში წლების წინ ამოიღეს ხმარებიდან. ნინო ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ინსულინდამოკიდებულ პაციენტს რომელიც სულ ინსულინით მკურნალობდა, ერთ დღესაც მოუხსნიდნენ ამ საშუალებას. სანაცვლოდ სხვა მედიკამენტები დაუნიშნეს:

„პაციენტების მიმართ ექიმების დამოკიდებულებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ყველაფრის საქმის კურსში ხარ, გაწვდიან შენს დაავადებასა და მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რასაც ფლობენ, თითქოს ამ დარგის უდიპლომო სპეციალისტი ხდები. ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი ფუფუნებაა ისიც, რომ დაზღვევაში ყოველდღიურად მედდის ბინაზე მომსახურება შედის, ორჯერ მაკითხავს სახლში. ვერ გეტყვით რა შემთხვევაში დავბრუნდებოდით საქართველოში, ამ ეტაპზე ეს არც კი განიხილება.  რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შენს ქვეყანაში გრძნობ თავს, მაგრამ ასე ჩემს ქვეყანაში არავინ მიმკურნალებს.

საქართველოში კარგი სამსახური მქონდა, კარგი ხელფასი, მაგრამ როცა ქვეყანაში კანონი არ არის უზენაესი და ადამიანის სიცოცხლე არ არის ფასეულობა, ყველაფერი რთულდება. მთავარი კანონის უზენაესობა და სამართლიანობის აღდგენაა, როცა ელიტური კორუფცია აღარ იბატონებს, როცა სამართლიანობა აღდგება, მხოლოდ ამის შემდეგ აღარ იგრძნობენ თავს ადამიანები გაუბედურებულებად“, – გვეუბნება ნინო კვირიკაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ფულადი დახმარება ნინოს და მის ოჯახს არ აქვს, ის და მისი მეუღლე მუშაობენ და თავად უმკლავდებიან ხარჯებს. ორივე კონტრაქტითაა დასაქმებული – ქვეყანაში მუშაობის უფლება აქვთ.

ნინომ და მისმა მეუღლემ ენა ისწავლა. ნინო მკურნალობის პარალელურად ენის სასერტიფიკატო გამოცდაც ჩააბარა ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის რედაქტორის ასისტენტად მუშაობს, ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში ეხმარება.

ნინოს მეუღლე სამშენებლო კომპანიაშია დასაქმებული, შვილი კი ცოტა ხნის წინ ნანსის ჟანა დარკის სახელობის ცნობილ ლიცეუმში ჩაირიცხა მაღალი ქულებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო ხარჯი განსაკუთრებულ ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობის 40%-ს, ყველაზე ღარიბებს. მოსახლეობის გაღატაკების მიზეზი საქართველოში, 2013 წლის შემდეგ, სწორედ სამედიცინო ხარჯებია, კერძოდ: 2018 წელს მაგალითად, ჯანდაცვის ხარჯების 48% შედგებოდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხისგან, რაც ევროპულ მაჩვენებელზე, 30%-ზე გაცილებით მეტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: