მთავარი,სიახლეები

შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ 

24.01.2024 • 7212
შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ 

„შეიძლება ვთქვათ, რომ მძღოლები გაჩერებულები არიან. აქციის ჩატარებაც იგეგმება“, – უთხრა „ბათუმელებს“ საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა, ანზორ დავითაძემ.

მან დაადასტურა კიდევ ერთი მძღოლის ინფორმაცია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ცხელ ხაზზე არავინ პასუხობს და სწორედ ამის გამო, მძღოლები „ცუდ დღეში ჩაცვივდნენ“.

ტრაილერის მძღოლის, ანზორ დავითაძის თქმით, მძღოლები საპროტესტო აქციის მოწყობას უახლოეს დღეებში განიხილავენ.

საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვას, რომლის მიღებასაც მძღოლები დაახლოებით ათი დღეა ვერ ახერხებენ.

მაგალითად, სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ტვირთი თურქეთიდან ყაზახეთში რომ გადაიტანონ საქართველოს გავლით, სჭირდებათ ნებართვა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს.

ნებართვის მიღება ორ ეტაპიანია.  მძღოლმა ან გადამზიდავმა ჯერ სააგენტოს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვით წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო შემდეგ მივიდეს ნებართვის ასაღებად სააგენტოში.

რეგისტრაციის გარეშე ნებართვა არ გაიცემა, სწორედ ამიტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ: ერთ-ერთი მათგანის თქმით, შავ ბაზარზე საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვაში ზოგიერმა მძღოლმა 1000 დოლარიც კი გადაიხადა.  

„1171-ჯერ დავრეკე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გუშინწინ. გუშინ 57-ჯერ დავრეკე. ჯამში რომ მოვთვალო, ბოლო დღეებში 3000 ზარი მაინც მექნება გაშვებული. ერთადერთხელ მივაღწიე იმას, რომ მეორე დავრჩი მომლოდინეთა რიგში, მაგრამ ტელეფონი გაითიშა, რადგან 30 წუთი გავიდა ზარის წამოწყებიდან,“ – გვიყვება ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც „ბათუმელები“ ამ დღეებში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეხვდა [მძღოლის იდენტიფიცირებას მისივე თხოვნით არ ვახდენთ].

მძღოლმა თავისი ტელეფონიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ერთ დღეში 1171-ჯერ დარეკა

მძღოლი ამბობს, რომ მისთვის და სხვა კოლეგებისთვის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მიღება ლეგალური გზით დაუძლეველ ბარიერად იქცა.

კიდევ ერთი პირი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებშია ჩართული და რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა გვიყვება, რომ მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვა დიდ თავის ტკივილად იქცა.

„ერთი წელია, რაც ამ საქმიანობაში ვარ. 2023 წლის დასაწყისში შედარებით იოლი იყო. მერე გართულდა წინასწარი რეგისტრაციის გავლა და ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია. გაჩვენებთ ტელეფონს  რამდენჯერ დავრეკე 22 იანვარს სააგენტოში რეგისტრაციის გასავლელად, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ რაც ჩვენ არ გამოგვდის, შეუძლია სხვას. 300 დოლარი და 200 ლარი ღირს ნებართვის მიღება ერთი მიმართულებით. იმ ქვეყნიდან ცარიელი ხომ არ წამოვა მძღოლი, ამიტომ მე პირადად გადამიხდია 600 დოლარი და 400 ლარი იმისათვის, რომ ნებართვა მიმეღო,“ – გვითხრა ამ მოქალაქემ.

„ბათუმელები“ ყველა რესპონდენტს პირადად შეხვდა, თუმცა მათი თხოვნით ვინაობას არ ვასახელებთ.

„პრობლემებს შეგვიქმნიან და საერთოდ ვეღარ ვიმუშავებთ“, – ასეთი იყო მათი არგუმენტი, თუ რატომ არ სურდათ ვინაობის გამხელა.

ოფიციალურად დაწესებული გადასახადით, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, მესამე დღეს ნებართვის მისაღებად მძღოლებმა 140 ლარი უნდა გადაიხადონ, ხოლო თუ ერთ სამუშაო დღეში სურთ დოკუმენტის გაფორმება, მაშინ 200 ლარი.

300-1000 დოლარი, რომელზეც „ბათუმელების“ რესპონდენტები საუბრობენ არის თანხა, რომელსაც ე.წ. შუამავლებს უხდიან – რადგან მათი თქმით, ოფიციალური და ლეგალური გზებით მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მიღება შეუძლებელია.

სატვირთო ავტომობილის მძღოლები და გადამზიდავები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციას სთხოვენ სერვისები სისტემურად გამართონ და ხელოვნურ დაბრკოლებას ნუ უქმნიან საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ პირებს.

იმ ფაქტს, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შეფერხება აქვს, სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს.

კერძოდ, 18 იანვარს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო წერდა, რომ მაღალი მიმართვიანობის გამო სატელეფონო ხაზები გადაიტვირთა.

„თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე -3 ქვეყანაში / მე – 3 ქვეყნიდან 2024 წლის ნებართვის მისაღებად მიმდინარე რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება მომავალ კვირასაც,“ – წერდა სააგენტო.

სააგენტოს განცხადება

სქრინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფეისბუქ გვერდიდან

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებაა. „ბათუმელებმა“ სცადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ნომერზე დარეკვა და პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით კომენტარისთვის მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, რა ტიპის ხარვეზი ჰქონდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემაზე და როდის აღმოიფხვრებოდა ეს ხარვეზი?

ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა ცნობილი მათთვის სააგენტოში შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა წინასწარი რეგისტრაციის პროცედურის გაუქმებას ხარვეზის გამოსწორებამდე, რის შედეგადაც მძღოლებს უშუალოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შეეძლებოდათ ნებართვების აღება და არ მოუწევდათ რეგისტრაციის ვერ გავლის გამო დამატებითი თანხის გადახდა.

ამ და სხვა კითხვებზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

თუკი სამინისტრო პასუხებს მოგვაწვდის ის მასალაში აისახება.

განახლება: სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ კითხვებზე პასუხი სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 25 იანვარს მოგვაწოდა. 

სააგენტოს პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი მძღოლებს – „ნებართვის გაცემა უხარვეზოდ მიმდინარეობს“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: