მთავარი,სიახლეები

„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე

24.01.2024 • 3354
„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე

„საკმაოდ მაღალი ფასები იყო დასაწყისში და დასასრულშიც, შემიძლია თამამად გითხრათ ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიან ციტრუსზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს ირაკლი ონიანი, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი. მას დაუკრეფავად დატოვებულ მანდარინის ბაღებსა და მოსავლის დალპობის პრობლემამდე არასტანდარტული მანდარინის მიმღებ საწარმოზე ვკითხეთ, სადაც მანდარინის მიღება უკვე შეჩერდა.

ერთ-ერთმა მეციტრუსემ ქობულეთიდან მოგვწერა, რომ არასტანდარტული მანდარინი ჩასაბარებელი აქვს, საწარმომ კი მუშაობა შეაჩერა. წელს არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია 25 თეთრია, საწარმო კი, ფერმერს 5 თეთრს უმატებს. საწარმომ მუშაობა ქობულეთში გუშინ, 23 იანვარს შეაჩერა.

„ამ ეტაპზე ქარხანამ გააჩერა მუშაობა ნედლეულის არქონის გამო. მიმდინარეობს მუშაობა, რომ თუ სადმე დარჩენილია ციტრუსი, მოხდეს არასტანდარტული მანდარინის ორგანიზებულად შეგროვება, ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩაირთოს ქარხანა და გადაამუშავებს. რა თქმა უნდა, მანდარინი არ უნდა იყოს გაფუჭებული და არ უნდა ჰქონდეს სიმჟავე.

ჯერჯერობით ციტრუსის შტაბში ასეთი მოთხოვნა არ შემოსულა,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა. მას ვუთხარით, რომ მანდარინის სეზონზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან პირველი კომენტარი დღეს მივიღეთ, სეზონის დასრულების შემდეგ. იმ დღეებში, როცა მეციტრუსეებს მანდარინი ულპებოდათ, „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზზეც არ უპასუხეს.

ირაკლი ონიანს ვკითხეთ იმის შესახებ, რაც ქობულეთელმა მეციტრუსეებმა გვითხრეს: რეალურად 15 თეთრად იყიდება არასტანდარტული მანდარინი, რადგან ტრანსპორტირება ძვირია და საწარმოსთანაც დიდი რიგებია.

„მე ვერ დაგეთანხმებით, რომ რეალურად 15 თეთრად აბარებდნენ, რადგან ქარხანა საკუთარი ტრანსპორტითაც მიდიოდა მაღალმთიან სოფლებში, საიდანაც რთული იყო მოწოდება და იქ 20 – 25 თეთრს იხდიდნენ.

იმ ფერმერებს, რომლებიც ახერხებდნენ საკუთარი ძალებით, საკუთარი ტრანსპორტით თუ ასე შემდეგ მანდარინის ჩამოტანას და საწარმოში ჩაბარებას, რა თქმა უნდა, 30 თეთრი უნაზღაურდებოდათ… შეიძლება, რომელიმე შორეულ სოფელში მისულიყო ვიღაც და ტრანსპორტის ხარჯებიდან გამომდინარე, 25 თეთრის ნაცვლად 20 თეთრი ეთქვა.

წელს რიგები არ გვქონია, რადგან ქარხანა იყო კარგ მდგომარეობაში, ახერხებდა 24 საათის განმავლობაში 400 ტონა ციტრუსის გადამუშავებას. რიგი თუ გვქონდა, მაქსიმუმ იყო 10 – 12 საათი. ის, რომ 2 დღე ან ერთი დღე ვინმე გაჩერებულიყო, ასეთი რამ არ ყოფილა. დილით თუ მოვიდოდა ფერმერი, მაქსიმუმ ღამით გავუშვებდით აუცილებლად,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.

ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, სეზონის დასაწყისში მანდარინი საშუალოდ 70 – 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა დაახლოებით 15 დეკემბრიდან, როცა უხვმოსავლიანობის გამო მანდარინის ბაღები ჯერ კიდევ არ იყო დაკრეფილი, მანდარინის გაყიდვა პრობლემა გახდა. 15 იანვრიდან მანდარინის გადამყიდველები ისევ აქტიურად გამოჩნდნენ – ბოლო დღეებში საშუალო ხარისხის მანდარინი დაახლოებით 60 – 70 თეთრად იყიდება. მანდარინის ნაწილი მეციტრუსეებს დაულპათ. მანდარინის ბაღების ნაწილი კი, დაუკრეფავი დარჩა, რადგან მეციტრუსეების თქმით, დაბალი ფასი რეალურ დანახარჯს ვეღარ ასწორებს. 

„საკმაოდ მაღალია ახლა ფასი“ – გვითხრა საუბრის დროს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკმა.

„60 თეთრია მაღალი ფასი?“ – ვკითხეთ ირაკლი ონიანს.

„90 თეთრი და ზევით არის, შეგიძლიათ, მოიკითხოთ ნებისმიერ ადგილას... ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკოორდინაციო შტაბს, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვაკავშირებთ ერთმანეთს, როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ იმას, რომ 70 და 50 თეთრად იყიდება,“ – აღნიშნა ირაკლი ონიანმა. მას ვუთხარით, კონკრეტული მეციტრუსეებისგან გვაქვს ინფორმაცია, ბოლო დღეებში მანდარინი 50 და 60 თეთრად რომ გაყიდეს.

მანდარინის დაუკრეფავი ბაღი ქობულეთში, სოფელ ალამბარში

„რა თქმა უნდა, იყო პრობლემები,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა. მან მანდარინის რეალიზების პრობლემა ისევ მეციტრუსეს დააბრალა, დროულად ვერ დაკრიფეს მანდარინიო.

„უხვმოსავლიანი სეზონი გვქონდა, სარეკორდო მოსავალი იყო: 12 ათას ტონაზე მეტი გადამუშავდა არასტანდარტული ციტრუსი, ხოლო 38 500 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია. დღემდე მუშაობდა შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები. დღეისთვის მოსავლის დაახლოებით 10%-ია მოსახლეობაში დარჩენილი. მოგეხსნებათ, ჩვენი ფერმერები საუკეთესო ნაყოფს ინახავენ და თებერვალში ყიდიან, ან მარტში.

მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლოს არის კრეფის აქტიური სეზონი. მანდარინის კრეფის სეზონი გაჭიანურდა, რადგან წვიმიანი დღეები დაემთხვა, ფერმერების უმეტესმა ნაწილმა დეკემბერში დაიწყო კრეფის აქტიური სეზონი. საექსპორტო ფასი მაშინ იყო 80 თეთრი და ზევით. ექსპორტიორები პირიქით ეძებდნენ, ვის ჰქონდა მოკრეფილი მანდარინი. მოსახლეობა ამ დროს მოგვმართავდა, რომ ჰქონდათ მუშახელის დეფიციტი, ვერ ასწრებდნენ დაკრეფას და ასე შემდეგ. შესაბამისად, კრეფის დასრულების ვადა გადაიწია.

ამას დაემატა ისიც, რომ, სამწუხაროდ, პიკურ სიტუაციაში ლარსის უღელტეხილი ჩაიკეტა დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო. წინასაახალწლოდ ერთი კვირა გზა ჩაკეტილი იყო. მაქსიმალურად მოკლედ დროში მოხერხდა გზის გაწმენდა და მანქანების გაშვება ურიგოდ.

ნაწილობრივ სეტყვაც იყო. შესაბამისად, ვინც დასეტყვილი მანდარინი ვერ გაყიდა, ლოგიკურია: იმ ექსპორტიორს, რომელსაც ახლა გააქვს მანდარინი, მას სურს დაუსეტყვავი მანდარინი და ასე შემდეგ,“ – განმარტა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ირაკლი ონიანი

რატომ შეიქმნა მუშახელის პრობლემა, როცა ქობულეთისა და ხელვაჩაურის ციტრუსის ბაღებით სავსე სოფლებიდან ადამიანები თურქეთში გადადიან სეზონური სამუშაოზე? – ჩავეძიეთ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს.

„ჩვენ ახლა ძალიან გლობალურში გადავალთ,“ – პასუხის გაცემისგან თავის არიდება სცადა ჩინოვნიკმა. მას მეციტრუსეების განმარტება გავუზიარეთ, რომ მუშახელი გაძვირდა და როცა მანდარინის გაყიდვა მეციტრუსეს 60 თეთრად უწევს, იგი ამჯობინებს, მანდარინი დაუკრეფავი დატოვოს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენთან, საკოორდინაციო ჯგუფში, შემოვიდა ასობით ზარი. აბსოლუტურად ყველა დაკვალიანდა, ყველამ მიიღო მომსახურება. დღეს საბაზრო ეკონომიკაში ზოგი იხდის 70 თეთრს, ზოგი 80 თეთრს, ზოგიც – ლარს. ჩვენ ფასების რეგულირებას ვერ მოვახდენდით,“ – გვიპასუხა ირაკლი ონიანმა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მანდარინი ადგილობრივ ბაზარზე ლოგიკურ ფასად ხვდებოდეს, როცა საშუალო ხარისხის მანდარინი ბათუმის დახლებზე საშუალოდ 2 – 3 ლარი ღირს?

„ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, რომ რეგიონში ყოფილიყო მიმღებ-დამხარისხებელი საწარმოები, რომლებიც გარკვეული პირობით იმუშავებდნენ. ამ პირობით გადაეცათ მათ შენობა-ნაგებობები… ამ მიმართულებით სადაც ხდებოდა ციტრუსის ჩაბარება, ამ პუნქტებში დღესაც არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია, თუმცა იმ ბიზნესოპერატორებს ხელი შევუწყოთ გადაიარაღებაში, სერტიფიცირებაში, რომ სწორედ მსგავსი საკითხები გადაიჭრას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ონიანმა.

მანდარინის გაყიდვის ძირითადი ბაზარი წელსაც რუსეთი იყო. რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ციტრუსის ევროპის ბაზარზე გატანას?

„უკრაინა იყო ერთ-ერთი კარგი სატრანზიტო გზა ლოჯისტიკურად ევროპის მიმართულებით. ომის გამო, მოგეხსენებათ, გაიზარდა ლოჯისტიკური ხარჯი. ციტრუსის ექსპორტიორებს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ იქ წაიღონ, ან აქ წაიღონ. ბაზარი არის გახსნილი. იყო შემთხვევები, როცა მიუხედავად ომის და ლოჯისტიკური ხარჯებისა, უკრაინაშიც წავიდა ციტრუსი.

ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ეს იქნება ხარისხის, თუ სერტიფიცირების ნაწილი, რომ ციტრუსის ახალი ბაღები გაშენდეს, არსებული ბაღების მოვლა-პატრონობაში მეციტრუსეებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დავეხმაროთ, ვეხმარებით ე.წ. პავილიონებს იმაში, რომ ევროპის ბაზრის სტანდარტებს დაუახლოვდნენ. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანი ევროპული ქვეყნების. ამისთვის გვჭირდება დრო და საშუალება,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.

როდისთვის არის მოსალოდნელი ქართული მანდარინის ევროპის ბაზარზე გასვლას? – დაკონკრეტება ვთხოვეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს.

„ეს დარგის სპეციალისტებს ჰკითხეთ, მე დარგის სპეციალისტი არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ როცა ჩვენი საწარმოები გადაიარაღდება და ყველა მოვა იმ სტანდარტების ქვეშ, რომელიც არის ევროპული ბაზრის შესაბამისი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. ევროპის ბაზარი საკმაოდ ძვირია და მისაღები ჩვენთვის,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი.

მეციტრუსეების თქმით კი, სამინისტრო მათ იმასაც კი ვერ ეუბნება, რომელი პრეპარატით შეწამლონ მანდარინის ბაღები. იმის გამო, რომ პრეპარატი ხშირად შედეგს ვერ იღებს, მეციტრუსეების ნაწილს უჩნდება განცდა, რომ არც პრეპარატის ხარისხს ამოწმებს ვინმე.

ამ შემთხვევაშიც შტაბის ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ 24 საათი ხალხის სამსახურში არიან.

„ჩვენ გვყავს ექსტენციის სამსახურები, რომლებიც ფერმერებს 24 საათის განმავლობაში უწევენ კონსულტაციას. გვაქვს მოძრავი ლაბორატორია და ასე შემდეგ. ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რაც ფერმერებს სჭირდებათ“, – გვიპასუხა ირაკლი ონიანმა.

ამ თემაზე:

„ხომ დავრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა? – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: