განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი

23.01.2024 • 12688
სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი

ლერი მალაყმაძე შშმ ბავშვის მშობელია. მისი ორი შვილი სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს, თუმცა მეცხრე დღეა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. მშობლის თქმით, კომპანია, რომელსაც სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება ევალება, მძღოლებთან ხელშეკრულებას ისევ ვერ აფორმებს.

„ანასტასია მე-7 კლასში სწავლობს. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს და ფეხით გადაადგილება ამხელა გზაზეა არ შეუძლია. სკოლაში განცხადება დაწერილი მაქვს და იციან, რომ ჩემს შვილს ტრანსპორტი სჭირდება სკოლაში მისასვლელად. თუმცა, ამდენი ხანია სწავლა დაიწყო და ჩემი შვილები ჯერ სკოლაში არ წასულან.

მეორე ბავშვი მე-3 კლასშია და ისიც ვერ დადის სკოლაში უტრანსპორტობის გამო“, – ამბობს ლერი მალაყმაძე „ბათუმელებთან“.

ბავშვები სოფელ სამებაში ცხოვრობენ, სკოლა კი სალიბაურშია.

„მითხრეს, მძღოლებს გაფიცვა აქვთ და ამიტომ არ მოდიანო. მერე თქვეს, ავტობუსი ივლის ცენტრალურ გზაზეო, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, რადგან სოფელში ვცხოვრობთ და ბავშვი ცენტრალურ გზამდე ფეხით ვერ ივლის.

სკოლა გვეუბნება დაველოდოთ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ, მაისამდე? შემდეგ ისედაც დამთავრდება სწავლა. არავინ არაფერს გვეუბნება“, – ამბობს ლერი მალაყმაძე.

სავარაუდოდ, მსგავსი პრობლემაა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. დღეს, 23 ინვარს, „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტიდან სკოლის ავტობუსების მძღოლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათთან ხელშეკრულებებს ამ დრომდე არ აფორმებს, ხელშეკრულების გარეშე კი მათ მუშაობა არ სურთ.

მძღოლები რამდენიმე სოფელს ემსახურებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მალაყმაძეების მსგავსად, კიდევ ათეულობით მოსწავლე ვერ დადის სკოლაში.

„მე დაახლოებით 31 ბავშვს ვემსახურებოდი აქამდე და ახლა რამდენი იქნება, არ ვიცი. თუმცა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ბავშვის რომ იყოს მისაყვანი, ვალდებული ვართ მივაკითხოთ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა, კარლო ტაკიძემ.

მისივე თქმით, ის აქამდე ოთხ რეისს ასრულებდა – სვანივრის უბანი, აბუქეთის დაკიდული ხიდი და შემდეგ უკან, სახლში მიჰყავდა მოსწავლეები.

„კომპანიის წარმომადგენელი მესამე თუ მეოთხედ მოვიდა, მაგრამ არ გვეუბნება პირობებს. არც ხელშეკრულება მოაქვს, რომ ვნახოთ, რა პირობებს გვთავაზობს. თებერვლის ბოლომდე ვერ გავაფორმებ ხელშეკრულებებსო და ხელშეკრულების გარეშე როგორ ვიმუშავებ? მით უმეტეს, როცა წინა წლებში არ შეასრულა ამ კომპანიამ პირობა და 280 ლარი დამაკლო ხელფასზე. ახლა კიდევ ზეპირი შეთანხმებით ვეღარ გავალ სამუშაოდ“, – ამბობს კარლო ტაკიძე.

მისი თქმით, სულ ექვსი მძღოლი იყო მსგავს მდგომარეობაში წონიარისში, თუმცა ოთხი ამ დღეებში სამუშაოდ გავიდა.

„რაღაც შეხლა-შემოხლა ყოფილა მძღოლებსა და დამსაქმებელს შორის. არ ვიცი, აიძულეს ის მძღოლები თუ რა მოხდა, მაგრამ მე რომ მსგავსი რაღაც გამიბედონ, პირდაპირ დავრეკავ 112-ში“, – ამბობს კარლო ტაკიძე.

„ბათუმელებს“ კიდევ ერთი მძღოლი ნიკა ბასილაძე ესაუბრა წონიარისიდან.

„არც ხელშეკრულებას გვიფორმებს და არც იმას გვეუბნება, რა თანხას გადაგვიხდის. წინა დამსაქმებელი დღეში 80 ლარს გვიხდიდა ერთ მიმართულებაზე, ეს რას გვიხდის, არ გვეუბნება. ასე ვართ ჰაერში გამოკიდული, არც გვიკავშირდებიან და ვერც ხელშეკრულების გარეშე გავდივართ სამუშაოდ.

როგორც გვითხრეს, ამათ ნაკლებ თანხებში მოუგიათ ტენდერი და ახლა ვეღარ უხდიან მძღოლებს იმდენს, რამდენსაც ითხოვენ“, – ამბობს ნიკა ბასილაძე, რომელიც ათამდე ბავშვს ემსახურებოდა აქამდე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „საქართველო 777“ და ჰკითხა, თუ რატომ ვერ ახერხებს კომპანია აღნიშნულ მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმებას და სამუშაო პირობებზე შეთანხმებას.

კომპანიის წარმომადგენელი გოჩა შავაძე ამბობს, რომ აღნიშნული მძღოლები დღეში 100 ლარს ითხოვენ რეისზე, რის გადახდასაც კომპანია ვერ შეძლებს. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან სხვა მძღოლები მოძებნონ.

„მძღოლი მეუბნება 100 ლარი მომეცი ერთ რეისზეო, რაც შესაძლებელი არ არის და რეალური ღირებულება რაც არის, იმას გადავუხდით.

ჩვენ წონიარისში ავალთ, ხელშეკრულებებს ავიტანთ, ჩვენ პირობებზე რომ წამოვა და რასაც იმუშავებენ, დაერიცხებათ იმ ტარიფით, რაც არის კილომეტრაჟზე გამოყოფილი თანხა“, –  ამბობს გოჩა შავაძე.

მან დასძინა, რომ კომპანია მუშაობს იმაზე, რათა წონიარისში აიყვანონ სხვა მძღოლი. „არ უნდათ – წაბრძანდნენ და სხვა მანქანას მივიყვანთ. თუმცა ეს მძღოლები იძახიან, აქ ვერავინ მოვაო და კანონით, პოლიციით მივა და იმუშავებენ.

ვინც თქვენ გიკავშირდებიან, ეგენი არიან ინტრიგანები“, – ამბობს გოჩა შავაძე.

მას ვუთხარით, რომ მშობლები ელოდებიან პასუხს, როდის წავლენ მათი შვილები სკოლაში და შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ვადა, როდის შეძლებენ თუნდაც მალაყმაძეები სკოლაში სიარულს.

„მესმის, რომ ცუდი სიტუაციაა, ერთეულებია ასეთი, მაგრამ ეს სპეციალურად შექმნილი სიტუაციაა იმ კომპანიის, რომელმაც ვერ გაიმარჯვა ტენდერში.

ჩვენ სკოლას ვთხოვეთ, რომ თვის ბოლომდე გვადროვოს, სანამ დავალაგებთ“, – ამბობს გოჩა შავაძე.

ჩვენ ამჯერადაც დავუკავშირდით აჭარის განათლების სამინისტროს და ვკითხეთ, რას აპირებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების კოორდინატორი ჯაბა აბულაძე ამბობს, რომ კვირის ბოლომდე შეეცდებიან არსებული პრობლემა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულება გადაიხედება.

„როგორც ვიცით, სალიბაურში, წონიარისსა და ქვედა მახუნცეთშია ტრანსპორტირების პრობლემა, მაგრამ ამ კვირის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტირება.

თუ ვერ მოაგვარა კვირის ბოლომდე კომპანიას ეს საკითხი, მაშინ გადავხედავთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ჯაბა აბულაძე.

მას ვკითხეთ, რამდენი ბავშვი ვერ სარგებლობს ამ დრომდე ტრანსპორტით და როგორ აინაზღაურებენ სასწავლო დანაკარგებს ის მოსწავლეები, რომლებიც უტრანსპორტობის გამო ათი დღეა ვერ ესწრებიან სასწავლო პროცესს?

ჯაბა აბულაძის თქმით, ასეთი „დაახლოებით 35-40 ბავშვია“.

„როგორც ვიცი, ესწრებიან სასწავლო პროცესს, მაგრამ ყველა ესწრება თუ არა, ამას ვერ გეტყვით“, – ამბობს ის.

აჭარის სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, ქედაზე გათვალისწინებულია 1 165 715 ლარი.

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 4,74 ლარია.

___

ამავე თემაზე: რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: