მთავარი,სიახლეები

ნატო ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს

22.01.2024 • 2068
ნატო ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი – ნატო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ, ოთხთვიან წვრთნებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობას 90 000 სამხედრო მიიღებს.

Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში გაიმართება კონფლიქტის სიმულაცია „პრაქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან“. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ნატოს ყველა ქვეყანა და ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შვედეთი. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ჩატარდება ევროპის ტერიტორიაზე, ნორვეგიიდან რუმინეთამდე.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდ წვრთნად აქამდე მიიჩნეოდა Trident Juncture, რომელშიც 2018 წელს 50 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო მასშტაბური წვრთნა კი, რომელშიც 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ნატომ 1988 წელს ჩაატარა.

Steadfast Defender 2024-ში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი, ავიამზიდებიდან გამანადგურებლებამდე, ასევე, 80-ზე მეტი საბრძოლო ვერტმფრენი, დრონები და მინიმუმ 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი. წვრთნები აჩვენებს, რომ ნატოს შეუძლია კომპლექსური ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაზე, საჰაერო და კიბერსივრცეში თვეების განმავლობაში, ათასობით კილომეტრზე.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ბაუერის განცხადებით, წვრთნების ეს მასშტაბი ალიანსის ახალი მზადყოფნის დემონსტრირებაა. „ეს არის ჯარის რეკორდული რაოდენობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ და ჩავატაროთ ამ მასშტაბის წვრთნები ოკეანის გადაღმა, შეერთებული შტატებიდან ევროპამდე”, – განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: