მთავარი,სიახლეები

„44 წელი პედაგოგი ვარ, „ლელოს“ მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს“ – შემთხვევა ხელვაჩაურში

22.01.2024 • 2489
„44 წელი პედაგოგი ვარ, „ლელოს“ მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს“ – შემთხვევა ხელვაჩაურში

„გამათავისუფლეს იმიტომ, რომ „ლელოს“ ვუჭერ მხარს, პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბოლო 13 წელია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი ვარ,“ – ამბობს დავით დევაძე. ის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელას“ მწვრთნელად მუშაობდა თვეში 360 ლარად.

„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებასო. ვუთხარი, ბავშვები ცოდვა არიან-მეთქი და ჩვენ მივხედავთო. სხვა მწვრთნელებს გაუფორმეს ხელშეკრულება.

„მაჭახელა“ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას ექვემდებარება.

გაიგეს, რომ „ლელოს“ შეკრებას ვესწრებოდი. მერე წალენჯიხაში გამაგზავნა პარტიამ, ბავშვთა ფეხბურთის საბაზისო სკოლის შეკრებაზე. ამასაც მოჰყვა რაღაც ისეთი რეპლიკები, რომ მაინცადამაინც წალენჯიხაში რატომ წახვედიო.

მანამდე, წინა არჩევნებზე, „ლელომ“ ბავშვებისთვის ლოგოებიანი ბურთები გადმომცა და მაისურები, სასპორტო სკოლა ვერც გვაძლევდა ბურთს. ერთხელ ვათამაშე მხოლოდ ბავშვები იმ მაისურით,“ – გვითხრა დავით დევაძემ.

„ეს არის საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ ერთი ფაქტი. მმართველობის 11 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპონენტების მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნას განაგრძობს. გვჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, შესაბამისად, ჩვენი წევრის უფლებების დასაცავად ვიბრძოლებთ სამართლებრივად, სარჩელი მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ლელოს“ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კი, მხოლოდ ერთხელ გაიმართლა სასამართლო პროცესი და ხელოვნურად ჭიანურდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა,“ – განაცხადა გენო თებიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ბრიფინგი „ლელოს“ ბათუმის ოფისში დღეს, 22 იანვარს გაიმართა.

„შპს საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ბავშვთა მწვრთნელი დავით დევაძე 2024 წლის 8 იანვარს გათავისუფლდა თანამდებობიდან. გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრიდან.

აქ უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, რა დარღვევის გამო გაათავისუფლეს მწვრთნელი.

მთავარი ფოტო: მარცხნიდან პირველი დავით დევაძე, შუაში გენო თებიძე და რევაზ აიოზბა, „ლელოს“ ხელვაჩაურის ოფისის ხელმძღვანელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: