ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის

20.01.2024 • 32030
ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

„M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“.

გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის შემთხვევაში შენიშვნები, როგორც შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ აღწერილობასთან, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – აღნიშნულია დაინტერესებული პირების მისამართით, სააგენტოს განაცხადში.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით შეთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:

  • ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული;
  • ავტობუსის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 9,5 მეტრი, ტევადობა – არანაკლებ 60 მგზავრი.
  • არანაკლებ 21 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
  • ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მოთხოვნილი დასაჯდომი ადგილების რაოდენობაში იგულისხმება დასაჯდომი ადგილების რაოდენობა შშმ პირების ეტლის განთავსების შემთხვევაში.
  • დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავა განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში.

„ბათუმელებმა“ დეტალების დაზუსტება „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ სცადა, თუმცა აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმის ავტოტრანსპორტი 100 მიკროავტობუსის შეძენასაც გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ამ შემთხვევაშიც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/512268/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: