მთავარი,სიახლეები

„ცხოველების ფერმა დამინგრიეს, აჭარის მთავრობამ მიწა იჯარით არ გამომიყო“ – მოქალაქე

22.01.2024 • 2940
„ცხოველების ფერმა დამინგრიეს, აჭარის მთავრობამ მიწა იჯარით არ გამომიყო“ – მოქალაქე

„ცხოველების ფერმა, სადაც თითქმის 70 ერთეული საქონელი მყავდა, დამიშალეს. მთავრობამ ფერმისთვის იჯარით ადგილის გამოყოფაზე უარი მითხრა. სულერთი იყო, სად გამომიყოფდნენ ადგილს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ესაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა?“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები დავით აზნაურიშვილი. მას ცხოველების ფერმა გონიოს ხიდის მიმდებარედ დაახლოებით 11 წლის წინ მოუწყვია.

„ადგილზე რომ მივედი, ნანგრევები იყო მხოლოდ, 4 სული საქონელი იმ დღეს დამეღუპა, როცა ფერმა დამიშალეს,“ – გვიყვება დავით აზნაურიშვილი. – „ვეხვეწებოდი ხალხს, ოღონდ წაიყვანეთ და მიხედეთ საქონელს, საერთოდ არ მინდა არაფერი-მეთქი. ზარალი არ დამითვლია, მაგრამ ძალიან დავზარალდი. თანაც 3 დღე მომცა მხოლოდ მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომ უკანონოდ მოწყობილი ფერმა ჩემით დამეშალა. 3 დღეში რა უნდა მომესწრო?

თავიდან, როცა ეს ფერმა მოვაწყვე, ნებართვა არ ამიღია, რადგან იმ ადგილას მხოლოდ ტყე იყო. ვიფიქრე, არავის ხელს არ შევუშლი, მოვძლიერდები, განვავითარებ მეურნეობას და თხოვნას და ხვეწნას ჯობია, ჩემით ვიყიდი სადმე მიწას ფერმისთვის-მეთქი.

გააჩნია, რამხელა ფერმა გექნება. საშუალოდ ფერმისთვის 3 ჰექტარიც საკმარისია, თუ ხბოებს მოაშენებ, მეტიცაა საჭირო. მე დაახლოებით 7 ჰექტარს ვთხოვდი სამინისტროს. მინდოდა, ჩანდლერის ჯიშის კაკალი დამერგო, ლურჯი მოცვის სანერგე და პლანტაცია მომეწყო. ჩემი ბიზნეს-გეგმა მქონდა. ბოლოს, როცა ვხედავდი, არაფერი გამოდიოდა, ვამბობდი, სულერთია, ოღონდ სადმე გამომიყავით მიწის ნაკვეთი დასავლეთ საქართველოში და იქ გადავიტან ფერმას-მეთქი.

არაფერი არ გამოვიდა.

დავით აზნაურიშვილი

სამინისტროში [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] თავდაპირველად მითხრეს, გვაქვს ტერიტორიებიო. მთავაზობდნენ თხილნარში ადგილს, შემდეგ ერგეში გამიშვეს, იყო საუბარი ჭოროხისპირზე, ციხისძირზე. მე ყველგან თანახმა ვიყავი, მაგრამ როგორც კი ვიწყებდი მუშაობას ბიზნესგეგმაზე, უარს მეუბნებოდნენ. ამბობდნენ, რომ პრობლემა აქვს იმ ტერიტორიას და ვეღარ მომცემდნენ… მე ვითხოვდი იჯარას 20 წლით.

ფერმა 2022 წლის აგვისტოში დამიშალეს და აღვადგინე. ბოლოს, 2023 წლის დეკემბერში დამიშალეს,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა.

ერთ-ერთი წერილის მიხედვით, რაც მოქალაქე ნანა ამაშუკელს [დავით აზნაურიშვილის მეუღლეს] მიუმართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის, ფერმერი იჯარით 70 542 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვდა იჯარის ფორმით და 20 წლის ვადით. დავით აზნაურიშვილის თქმით, მას თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით უპასუხეს, რომ მითითებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც ფერმა უკვე მოწყობილი იყო, ვერ გადასცემდნენ. სხვა წერილებზე  კი პასუხი საერთოდ აღარ მიუღია.

დავით აზნაურიშვილის თქმით, ფერმის წლიური შემოსავალი საშუალოდ 40 ათასი ლარი იყო, თუმცა ფერმა მოგებაზე არ გადასულა და ძირითადად შემოსავლის წყარო რძე იყო. ფერმაში არ იყო დანადგარები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეკითხვით: რატომ არ გამოყო სამინისტრომ იჯარით გადასაცემად მიწის ნაკვეთი ცხოველების ფერმისთვის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისთვის სამინისტროში შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

„არც გამოძიებამ იმუშავა, როცა მივმართე, რომ გამქურდეს,“ – ამატებს დავით აზნაურიშვილი. – „განყოფილებაში არ სიამოვნებთ, როცა ქურდობაზე წერ განცხადებებს… ვინც დააკავეს, იმიტომ დააკავეს, რომ იძულებული გავხადეთ. ისინიც გაუშვეს. მუნიციპალური ინსპექციის წინააღმდეგაც მინდოდა დავა, რადგან დამაზარალეს.

ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, არაფერს არ გაუკეთებენ ხალხს ისე, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მე ხალხს მოვუწოდებდი იბრძოლონ სისტემის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ. ახლა ეკონომიკურადაც ჩვენ რუსების მონები ვართ. რუსეთმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და ისევ ჩაკეტოს საზღვარი, მერე უნდა ეხვეწო, ბატონო ვოვა, მშიაო. ამიტომაც, პური ჩვენ თავად უნდა დავთესოთ, სიმინდიც,“ – კატეგორიულია დავით აზნაურიშვილი.

დავით აზნაურიშვილია აფხაზეთის ომის მონაწილეა, ის პერიოდულად ჩნდებოდა საპროტესტო აქციებზე, რასაც პრორუსული „ალტ-ინფო“ აწყობს. დავით აზნაურიშვილის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ყოფილა – „ალტ-ინფოს“ სატელევიზიო არხზე გადაცემის წამყვანი.

როგორ აღმოჩნდა აფხაზეთის ომის მონაწილე პრორუსული ძალების გვერდით? – ვკითხეთ დავით აზნაურიშვილს. ომის ვეტერანი გვპასუხობს, რომ წყალგამყოფი ის დღე აღმოჩნდა, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა და ვეტერანს თავისი ადვოკატისგან, ნიკოლოზ მჟავანაძისგან მოუსმენია, ტურისტული გემის შემოსვლას აჯობებდა რუსული სამხედრო ხომალდები შემოსულიყვნენო.

„არცერთი პარტიის მომხრე არ ვყოფილვარ არასდროს. საქართველოს სადაც სჭირდებოდა იქ ვიყავი. სამჯერ ვარ ბრძოლაში დაჭრილი…

რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, მათ გვერდით ვიდექი ერთადერთი საკითხის გამო: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების გადაცემა. „ნაციონალებმა“ რომ მოითხოვონ ქვეყნის ხელისუფლებიდან არ გასხვისდეს ტერიტორიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, „ნაციონალიც“ გავხდები. მამუკა ხაზარაძემ რომ მოითხოვოს სოფლის მეურნეობის რეალური განვითარება, ხაზარაძის ჯგუფში დავდგები.

არის საკითხები, რაზეც „ალტ-ინფო“ სწორად მსჯელობს და ამას თავად იყენებენ, რომ ხალხი მოტყუვდეს და გადაიხაროს იქითკენ. მე არ ვტყუვდები და არ გადავალ იმ მხარეს, რომელიც რუსული ინტერესების გამტარებელია ჩვენ ქვეყანაში… პირდაპირ არ დამინახავს ფულის აღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ალტ-ინფო“ ატარებს რუსეთის საქმეს.

როდესაც ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, ტურისტულ გემს სამხედრო გემი მოჰყოლოდა ეს ჯობდაო, მე იმ ხალხის გვერდით როგორ დავდგე? რა პასუხი უნდა გავცე ჩემს ძმებს, ან პირადად ჩემს ძმას, რომელიც აფხაზეთში, საფლავში წევს?

მაშინ იყო ჩემში, რომ მივხვდი, არასწორ გზაზე არიან და საჯაროდ მიმართვა გავავრცელე, მგონი, 5 აგვისტო იყო… ნიკოლოზ მჟავანაძეც აღარ არის ჩემი ადვოკატი, აღარ მყავს ადვოკატი, რადგან დაცვას ფული სჭირდება,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა. ის აპროტესტებს იმ პოლიტიკური ძალების მიდგომასაც, ვინც ამბობს, რომ „რუსეთთან დალაპარაკებაა საჭირო“.

„არ მომწონს ეს პოზიცია, რომ მოდი, რუსეთს დაველაპარაკოთ, შემდეგ მსხალს და ვაშლს გავიტანთ რუსეთშიო. ეს ვაჭრობაა და არ მომწონს. შენ ჯერ აღიარე ჩემი სამართალმემკვიდრეობა და მერე ვილაპარაკოთ. ჩემი მოთხოვნაა სამართალმემკვიდრეობისთვის ბრძოლა, ეს მოიცავს 1918-1921 წლების კონსტიტუციასაც, რაც დაბლოკეს – ფაქტობრივად ჩვენ დღეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ვართ.

რუსის ჯარი აქ კი არა, არსად არ უნდა იდგეს,“ – უთხრა დავით აზნაურიშვილმა „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: