მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

22.01.2024 • 9113
რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ამ ნევროლოგიურ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ქმედუნარიანობის შემზღუდველი პულსირებადი ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა, შაკიკი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ელგა ჩხენკელი „ბათუმელებთან“ საუბრობს შაკიკის ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომატიკასა და ტკივილის განვითარების მექანიზმზე, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი – თუ რატომ ჩნდება შაკიკი, დღემდე არ არის დადგენილი.

  • ქალბატონო ელგა, რა არის შაკიკი?

შაკიკი არის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა; ეს არის ქრონიკული თავის ტკივილი, რომლის შეტევასაც სხვადასხვა ფაქტორი/გამღიზიანებელი იწვევს. შაკიკი მკვეთრად აქვეითებს პაციენტის შრომისუნარიანობას, ხდება ისეც, რომ ეს მდგომარეობა აისახება პაციენტის სოციალიზაციაზეც.

საქართველოში ყოველ მეექვსე პაციენტს აწუხებს შაკიკის შეტევა.

შაკიკი მიეკუთვნება ე.წ. პირველადი თავის ტკივილის ფორმას. ეს ნიშნავს, რომ შაკიკის დროს არ გვაქვს თავის ტვინის სტრუქტურული, ორგანული დაზიანება. რადგან არ გვაქვს ორგანული დაზიანება, ასეთ თავის ტკივილს ეწოდება პირველადი. მეორადია, როცა ორგანული პათოლოგია წარმოიქმნება თავის ტვინში და ის იწვევს თავის ტკივილს, როგორც სიმპტომს. 

  • რა არის ცნობილი შაკიკის ტკივილის წარმოქმნის მექანიზმზე?

სამწუხაროდ, დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი რატომ ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. 

MayoClinid: შაკიკის თავის ტკივილის მქონე ადამიანთა დაახლოებით 80%-ს ჰყავს ამ დაავადების მქონე პირველი რიგის ნათესავი.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თავის ტვინში წარმოიქმნება გარკვეული აღგზნების ცენტრი/კერა, რომელიც განაპირობებს თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების გაფართოებას (ადრე არსებობდა წარმოდგენა, რომ ჯერ შევიწროება ხდება და მერე გაფართოება), სისხლძარღვის კედლები ტონუსს კარგავენ, მასში არსებული რეცეპტორები ღიზიანდება და ხდება სისხლძარღვის კედლის გაჯირჯვება, ანუ კედლის გარშემო ქსოვილის შეშუპება, რაც იწვევს ტკივილს.

პარალელურად არსებობს სხვა თეორია, რომ ხდება სეროტონინის ცვლის მოშლა. ეს არის ნეირომედიატორი, ასე ვთქვათ, შუამავალი ნივთიერებაა ტვინში, რომელიც განაპირობებს ჩვენს დადებით გუნება-განწყობას. სეროტონინის ცვლის მოშლაც იწვევს პათოლოგიური პროცესის წარმოქმნას. აქაც, საბოლოო ჯამში, საუბარია არტერიების, სისხლძარღვების შეშუპებაზე, რაც იწვევს ტკივილს.

საუბარია, ძირითადად, საძილე არტერიების (როგორც გარეთა, ისე შიგნითა) ტოტებზე, პაციენტი გრძნობს ტკივილს, რადგან არტერიების მგრძნობელობა მატულობს. 

  • როგორია შაკიკის სიმპტომატიკა?

ამ დაავადებას სპეციფიკური კლინიკა და ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. შეიძლება იყოს კლასიკური, ძალიან ტიპურად მიმდინარე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმებსაც კი უჭირთ შაკიკის დიაგნოზის დასმა. 

მოდით, კლასიკურ შემთხვევაზე ვილაპარაკოთ:

  • შაკიკს, ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის), ახასიათებს ჰემიკრანიული ანუ ნახევარი თავის ტკივილი. ხშირად პაციენტები ცვლიან მხარეს, ზოგჯერ მთელი თავი სტკივათ.
  • ძირითადად ტკივილი არის პულსირებადი ხასიათის და ახასიათებს შრომისუნარიანობის დაქვეითება; თავის ტკივილი მინიმუმ 4 საათი გრძელდება, მკურნალობის გარეშე შეიძლება 72 საათიც გაგრძელდეს.
  • ახასიათებს სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში. ახასიათებს გულისრევა და ღებინება. 

შეიძლება ერთ-ერთი სიმპტომი ამოვარდეს.

იმის მიხედვით, სად უფრო ხდება სისხლძარღვის შევიწროება, კლინიკაც არის მრავალფეროვანი. არის შაკიკის რამდენიმე ფორმა:

თვალის ფორმა – ეს არის ოფთალმოლოგიური, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კლასიკურია (მოიცავს ბრჭყვიალების, ზიგზაგების, შავი ლაქების დანახვას); შეიძლება იყოს ოფთალმოლოგიური შაკიკის კლინიკური გამოვლინება. ერთი თვალის არეში და საფეთქლის გარშემო ვითარდება ტკივილი ძირითადად;

არის შაკიკის რეტინული ფორმა, როდესაც პაციენტი რამდენიმე წამით კარგავს მხედველობას (ნაწილობრივ ან მთლიანად) იმიტომ, რომ სისხლის მიმოქცევა ბადურაში მოიშალა;

არის ოფთალმოპლეგიური ფორმა – როდესაც პაციენტის თვალის ქუთუთო ეშვება ქვემოთ იმიტომ, რომ თვალის მამოძრავებელი ნერვების დამბლა ვთარდდება, (ამ დროს ცუდად ხედავს პაციენტი, აქვს გაორება გამოსახულების);

არის კიდევ აფაზიური ფორმა – როდესაც მეტყველების მოშლა აქვს პაციენტს და შეიძლება (ამ ნიშნით) ჰგავდეს ინსულტს, ოღონდ. საბედნიეროდ, შექცევადია ეს პროცესი.

აშშ-ს თავის ტკივილის ეროვნული ასოციაცია: უმეტეს შემთხვევაში აფაზიის დროს ადამიანს უჭირს მეტყველება. შეიძლება ჰქონდეს პრობლემები სიტყვების გამოხატვაში ან წინადადებების ფორმირებაში. ზოგჯერ შეიძლება იყოს პრობლემები სხვების გაგებაში. 

და არის საკმაოდ რთული ფორმა შაკიკის – ბაზილარული, ასე იმიტომ ჰქვია, რომ ბაზილარულ არტერიებში ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა. ამ დროსაც შეიძლება მეტყველების მოშლა გვქონდეს, მაგრამ არა აფაზიური.

  •  რა არის აურა?

შაკიკის მქონე ადამიანების დაახლოებით 15-20%-ს აქვს აურა. ეს არის [სენსორული, მოტორული და მეტყველებითი] სიმპტომების ჯგუფი, რომლებიც გვაუწყებენ თავის ტკივილის მოახლოებას. აურა ვითარდება იმიტომ, რომ პრინციპში უკვე იწყება სისხლძარღვების რეგულაციის პრობლემა, რასაც რაღაც ბიოქიმიური საფუძველი უდევს. 

თუ პაციენტი ინფორმირებულია, ამ დროს უნდა მიიღოს ექიმის ინსტრუქტაჟის შესაბამისი დახმარება და ძალიან ადვილად შეიძლება შეტევის კუპირება – შეწყვეტა. 

MayoClinic: აურა ასევე შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ნათელი მოციმციმე წერტილების, ნაპერწკლების ან შუქის დანახვა, ბრმა ლაქები მხედველობაში, დაბუჟება ან ჩხვლეტა კანში, მეტყველების ცვლილებები, ყურებში შუილი, ტალღოვანი ან ზიგზაგი ხაზების დანახვა, სუნის ან გემოს აღქმაში ცვლილებები, მხედველობის დროებითი დაკარგვა. აურა შეიძლება გაგრძელდეს 10-დან 60 წუთამდე.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევა?

შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორი ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, ზოგთან შესაძლოა ეს იყოს ინტენსიური სუნი (თუნდაც სუნამოს); უძილობა ან პირიქით – ზედმეტი ძილი; ალკოჰოლი, საკვები – მათ შორის ობიანი ყველი, ძეხვი, მარილიანი საკვები და სხვა; ზოგიერთისთვის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ხმაური, ჭარბი სინათლე (განსაკუთრებით წყვეტილი, ციმციმა განათება). 

Mayoclinic: თავის ტკივილის ეპიზოდის სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს: ჰორმონალური ცვლილებები ქალებში – ესტროგენის რყევები, რაც ხდება მენსტრუალური პერიოდის, ორსულობის და მენოპაუზის დროს; სტრესი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; ამინდის ან ბარომეტრიული წნევის ცვლილებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევა და, ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა. 

  • როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა, რა კვლევები უტარდება ამ დროს პაციენტს?

შაკიკის დიაგნოსტირების მთავარი და ერთადერთი ინსტრუმენტი არის კარგად შეკრებილი ანამნეზი. მაგრამ საქმე ის არის, რომ შაკიკისთვის დამახასიათებელი, პულსირებადი და სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი არის ზოგიერთი სხვა, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული პათოლოგიის სიმპტომი. ამ დროს ჩვენ, ექიმები დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პირველად თავის ტკივილთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვატარებთ გარკვეულ კვლევებს, მაგალითად, MRT-ს, ელექტროენცეფალოგრაფიას, რომ გამოირიცხოს სხვა დაავადებები. 

  • როგორ ხდება შაკიკის მართვა?

მკურნალობა ორნაირია – უშუალოდ შეტევის მართვა და შეტევათა შორის მკურნალობა. შეტევათა შორის მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა შაკიკის თავის ტკივილის ეპიზოდები არის ხშირი – ეს შეიძლება იყოს თვეში 15 დღე ან მეტი, ან საერთოდაც კვირაში ერთი-ორი შეტევა, რომელიც პაციენტს აწუხებს და უშლის ხელს. ასეთ დროს ვნიშნავთ რამდენიმეთვიან სპეციალურ მკურნალობას და შედეგად ვიღებთ შეტევების გაიშვიათებას. გამოიყენება მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსიური საშუალებები და ბეტა ბლოკატორები. ექიმი ნიშნავს მკურნალობას იმის მიხედვით, თუ რა ასაკისაა პაციენტი, რა ქრონიკული დაავადებები აქვს და ა.შ. 

უშუალოდ შეტევის მართვას რაც შეეხება – ეს ხდება მაშინ, როცა შედარებით იშვიათია შეტევა, ან მსუბუქი შაკიკია. ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ, რომ სიმპტომების ალაგებაში ეხმარებათ ციტრამონი, კოფეინი, რადგან კოფეინი სისხლძარღვების ტონუსს აძლიერებს.

როგორც კი პაციენტი შეატყობს, რომ ეწყება ტკივილი, მაშინვე უნდა მიიღოს ასეთი წამალი. თუ გამწვავდება ტკივილი, მერე უკვე ციტრამონი აღარ იმოქმედებს. 

  • რამდენად უსაფრთხოა, უშუალოდ შაკიკის შეტევის სამკურნალო მედიკამენტების თვითნებურად მიღება?

ბოლო წლების წინ გადადგმული ნაბიჯია სპეციფიკურად შაკიკის საწინააღმდეგო წამლების ე.წ. ტრიპტანების ჯგუფის მედიკამენტები. ტრიპტანების ჯგუფი რთული პრეპარატებია, იმიტომ, რომ სისხლძარღვებს ავიწროებს არამხოლოდ თავის ტვინში, არამედ გულში, მთელს ორგანიზმში, შესაბამისად სიფრთხილე გვმართებს, რომ არ წარმოიშვას გულის და ტვინის ინფარქტის რისკები. 

ამიტომ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება და რა დოზით. მედიკამენტის მიღება ხდება შეტევის დასაწყისშივე, რის შედეგადაც ხდება შეტევის კუპირება.

________________________________________

ამერიკის შაკიკის ასოციაცია შაკიკთან დაკავშირებულ კიდევ ერთ, თითქოს უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულ სიმპტომს – ტვინის დანისვლას, brain fog-ს აღწერს.

კვლევებში გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან ჩანს, რომ ეს შედარებით რთულად ამოსაცნობი სიმპტომია, თუმცა ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ეს სიმპტომი უკიდურესად შრომისუუნაროს ხდის და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სიმპტომია.

ტვინის დანისვლა შეიძლება წარმოიშვას თავის ატკივებამდე 48 საათით ადრე და გაგრძელდეს თავის ტკივილიდან 24 საათის განმავლობაში.

ზოგიერთი ადამიანი აღწერს, რომ შაკიკის შეტევის შემდეგ არ შეუძლია მკაფიოდ აზროვნება ან ვერ ფოკუსირდება ამოცანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მედიკამენტების მიღების ეფექტი, ტვინის დანისვლა ასევე შეიძლება მოხდეს ტკივილის შემდგომ ფაზაში. 

ეს არის შაკიკის შეტევის ის ფაზა, რომელიც მოჰყვება თავის ტკივილის ფაზას. მას ასევე შეიძლება ეწოდოს „შაკიკის ნაბახუსევი“. შაკიკის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ კოგნიტური (აზროვნება, ანალიზი ან დამახსოვრება) სიმპტომები. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ შაკიკთან დაკავშირებული ტვინის დანისვლა ან მეხსიერების დროებითი ჩავარდნები, ხშირად ამბობენ, რომ უჭირთ კონცენტრირების შენარჩუნება ან სიტყვების პოვნა.

ამერიკის შაკიკის ასოციაცია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შაკიკი არ იწვევს მეხსიერების დაკარგვას (დემენცია) და არ ამცირებს აზროვნების უნარს ცხოვრებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: