მთავარი,სიახლეები

ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

18.01.2024 • 4449
ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.

კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური გამოცდილების მიხედვით. პრეტენზიები ეხება ჯანდაცვის სისტემას, ჯანდაცვის პროვაიდერებს, სიმპტომატური მკურნალობის სისტემას, ჭარბად დანიშნულ, ძვირადღირებულ და ხშირად შეუსაბამო მედიკამენტებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი კი კორუფციის დიდ ეჭვს აჩენს. პრეტენზიები შეეხება ასევე პაციენტებისა და ექიმების კომუნიკაციის დაბალ კულტურას.

ბოლო წლებში ასოციაციამ Habitat-Cité გამოავლინა, რომ ბინადრობის უფლებაზე საქართველოს ბევრ მოქალაქეს ეუბნებიან საფრანგეთში უარს იმ მოტივით, რომ საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.

თუმცა ასოციაცია Habitat-Cité ასევე მხარდამჭერია ქართველი პაციენტების და საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის  მათი გამოცდილება სხვა სურათს აჩვენებს.

2022 წლის 28 იანვრიდან 6 თებერვლამდე Habitat-Cité-მ Sciences Po-ს პარტნიორობით ჩაატარა კვლევა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლებთან. ჩაწერა ინტერვიუები თბილისში, ბათუმსა და კახეთში – პაციენტებთან, პაციენტების ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სახელმწიფო და კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან, საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ჯანდაცვის ექსპერტებთან.

კვლევა ერთი მხრივ აჩვენებს, როგორაა დაცული საქართველოში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, მეორე ნაწილში კი აღწერილია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ფრანგული ადმინისტრაციული პრაქტიკა.

კვლევის ავტორები გასცემენ რეკომენდაციას მიგრაციის პირობებში როგორ უნდა იყოს გარანტირებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები საფრანგეთში, მიგრანტთა მიმღებ ქვეყანაში.

კვლევაში წერია, რომ საქართველოში მკურნალობა სხვადასხვა ბარიერთანაა დაკავშირებული. ეს დაბრკოლებები უკავშირდება სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობას, მკურნალობის ხარისხსა და შესაბამისობას.

კვლევის მიხედვით:

  • ზოგიერთი სახის მკურნალობა საქართველოში არახელმისაწვდომია: ტრანსპლანტაციები და სქესის შეცვლა მაგალითად. განსაკუთრებით სუსტადაა განვითარებული ონკოდაავადებების, თირკმლის პათოლოგიების, აივ ინფექციებისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სადაზღვევო სისტემა, ზოგიერთი მკურნალობა უხარისხო ან არახელმისაწვდომია, ყველასთვის არ არის საკმარისი დაზღვევით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობა.
  • საქართველოში სამედიცინო დაზღვევის თანაგადახდის სისტემა მოქმედებს, ხელფასები კი დაბალია. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარჯების გადახადა მეტ-ნაკლებად თავად უწევთ მოქალაქეებს.
  • დისკრიმინაცია განსაკუთრების უზღუდავს სამედიცინო ზრუნვაზე ხელმისაწვდომობას  შშმ პირებს, ლგბტქი თემის წევრებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ქალებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სქესობრივ ჯანმრთელობას ეხება).
  • მკურნალობის მეთოდების უმრავლესობა საქართველოში ხელმისაწვდომია, თუმცა მკურნალობის ხარისხი და ხელმისაწვდომობა სხვადასხვაგვარია მიმართულებების მიხედვით.
  • მკურნალობის ზოგიერთი ფორმა ადეკვატური და გამართლებულია, თუმცა საქართველოში ჯანდაცვის ყველაზე ნაკლებად განვითარებული მიმართულება ონკოლოგიაა (ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის IDFI ინფორმაციით საქართველოში ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის შემთხვევები 2010-დან 2019 წლის შუალედში გაორმაგდა).
  • სუსტადაა ასევე განვითარებული დიაბეტის მკურნალობა, აივ ინფექციის, C ჰეპატიტის, თირკმლის უკმარისობისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა.
  • არ არსებობს ორგანოების სახელმწიფო ბანკი და შესაბამისად არაა ხელმისაწვდომი ტრანსპლანტაციის ოპერაციები. ტრანსპლანტაციის იშვიათი შემთხვევებისას პაციენტს და მის ოჯახის წევრებს თავად უწევთ ორგანოს დონორის პოვნა.

Habitat-Cité-ს კვლევა არის პროექტის ნაწილი, რომელსაც ჰქვია „ბინადრობის უფლება და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვის საკითხები”.

კვლევის მიზანია შექმნას ცხადი სურათი იმ ფრანგული ასოციაციების, ადმინისტრაციული სამსახურების და ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ საფრანგეთში. კვლევის მიზანია აჩვენოს, როგორაა რეალიზებული მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებები საქართველოში.

2018 წლიდან, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საფრანგეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ. ამ წელს საქართველო იმ პირველ 3 ქვეყანას შორის იყო, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშრად ითხოვდნენ ლტოლვილის სტატუსს საფრანგეთში.

თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდა, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობდნენ ან არახელმისაწვდომი იყო პაციენტებისთვის სხვა მიზეზით. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთი გამოირჩევა უსტატუსო უცხოელი მიგრანტებისთვის განკუთვნილი ჰუმანური ჯანდაცვის სისტემით და მიდგომებით.

მაშინაც კი, როცა თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი საფრანგეთში ბინადრობის უფლებასა და ლტოლვილის სტატუსზე უარს იღებს, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტს უსასყიდლოდ ენიშნება მკურნალობა და უწევენ ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ტარდება ძვირადღირებული კვლევები და ოპერაციები.

მიგრაციისა და ინტეგრაციის ფრანგული ორგანიზაცია OFII სახელმწიფო დაწესებულებაა და შეისწავლის მიგრანტთა საქმეებს, გასცემს ბინადრობის უფლებას საჭიროების შესაბამისად. ითვალისწინებს სამედიცინო დასკვნებს პაციენტის შესახებ ბინადრობის უფლების მინიჭების ან უარისას. ითვალისწინებს ასევე შეუძლია თუ არა პაციენტს იმკურნალოს საკუთარ ქვეყანაში.

ასოციაცია Habitat-Cité -ს პირველი კვლევა გამოქვეყნდა 2021 წელსაც და შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის გზას, მათი ჯანმრთელობის უფლებების დაცვის გარანტიებს საფრანგეთში. 2022 წლის კვლევა კი ამ ანგარიშის გაგრძელებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: