მთავარი,სიახლეები

„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე 

17.01.2024 • 3613
„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე 

შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს.

პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს.

„ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. რადგან ჩვენთან ნესტია, წებო არ გამოვიყენე, წებომ მოშვება იცის“, – გვეუბნება გია ბაკურიძე.

„როცა რაიმეს ვაკეთებ, განმარტოება მიყვარს. თვალს როცა ვხუჭავ, წარმოსახვითი აზროვნება ირთვება და ასე, შინაგანად ვხედავ რა უნდა გავაკეთო. ფორმაც ვიცი, ზომაც და ისიც, სად რა გადაბმებია“, –  ამბობს გია.

გურული ოდაც აქვს გაკეთებული, რომელიც დას აჩუქა. ერთ-ერთ გამოფენაზე მქონდა წაღებული და ისე მოეწონათ, აღარ მატანდნენო. „გინდა თუ არა, მოგვყიდეო, მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არასდროს გამიყიდია ჩემი ნაკეთობა. არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ბიზნესად მექცია ჩემი საქმე.

უბრალოდ, ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ძალიან დიდ სიმშვიდეს ვპოულობ ამაში“, – გვეუბნება ის.

გია ბაკურიძე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გია ბაკურიძეს მხედველობის პრობლემა ბავშვობაში შეექმნა. ამბობს, რომ „მთელი ქვეყანა მოიარეს“, იყვნენ ევროპაშიც, თუმცა გამოსავალი ვერ იპოვეს.

„ბოლოს შევეგუე. როცა ათჯერ ცდი რაღაცას და არ გამოდის, თავს ანებებ. მაგრამ როცა სხვა ჩემ მსგავს ადამიანებს ვუყურებდი, როგორ იყვნენ სხვებზე დამოკიდებული, როგორ შეიყუჟნენ ამის გამო საკუთარ ნაჭუჭში და ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა გარე სამყაროში, საკუთარ თავს პირობა მივეცი, არავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

მაშინ 15-16 წლის ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა ძალიან დიდი გგონია თავი და შენი ამბიციები, სურვილები გაქვს. ამ დროს ყველაზე დიდ სტრესს იღებ, როცა ხედავ, რომ რაღაც არ შეგიძლია.

„სხვა რომ აკეთებს, მე რატომ ვერა“, – ფიქრობ, მაგრამ ცხოვრებას არასდროს უნდა დანებდე. იმაზე ფიქრი, რომ „მე რატომ მჭირს ეს და სხვა კარგად არის“, არაფერს მოგცემს.

ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრება ისედაც ბრძოლაა. მე ვფიქრობ, ის ხედავს, ვინც გულიდან ხედავს. ასე წარმომიდგენია მე ადამიანი.

თვალით დაგინახია, მაგრამ ბოროტი და კეთილი ვერ გაგირჩევია, შავ-თეთრს ვერ არჩევდე, მაგით არ წყდება მგონი ცხოვრება. ვფიქრობ, ჩემი თავისთვის მიცემულ პირობას ვასრულებ. ერთი, საჭეს ვერ ვმართავ მხოლოდ, სხვა ყველაფერი შემიძლია“, – ამბობს გია ბაკურიძე.

გია ბაკურიძის მიერ გამოთლილი გემი

ახალგაზრდობას იხსენებს, ისეთი სხარტი ვიყავი საბჭოთა ქარხანაში მუშაობისას, 3-4 დღეში ვაწყობდი მანქანას თავისი ელექტრობით და ვაბარებდიო.

„სვანეთის ტყეში ტრაქტორებს ვამუშავებდი და სად აღარ ვმუშაობდი.

პურის ჩემი საცხობიც მქონდა ძალიან მაგარი, პოლონური პურის სახლი თუ გახსოვთ, ის იყო ჩემი. მაგრამ პანდემიის დროს დაიხურა, რადგან იაფიან პურებს არ ვაცხობდი, დიდ სასტუმროებსა და რესტორნებზე მქონდა გათვლილი.

ზუგდიდის აქეთ, მთელ სანაპიროს ჩემი ტოსტის პურებით ვამარაგებდი. პანდემიის დროს კორონა დამემართა და ინფარქტიც მივიღე. პური კიდევ ისეთი თემაა, რომ ცოცხალი ორგანიზმია, ყოველდღიური ყურადღება სჭირდება. ამიტომ როცა შევხედე, რომ ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობდა, ამ ბიზნესს შევეშვი და რაღაც-რაღაც პატარა საქმეებს ვაკეთებდი.

ფეხზე ტრავმა როცა მივიღე, 4-5 თვე სახლში ყოფნა მომიწია, ამ დროს გამიჩნდა ხეზე მუშაობის იდეაც. ასე, რომ თავისუფალ დროს ხეზე ვმუშაობ“, – ამბობს გია.

15 ათასი გირჩისგან გაკეთებული ეკლესიის სახურავი

ყველაფერს ჩემი დიზაინით ვაკეთებ და არასდროს გამიკეთებია ასლებიო – გვეუბნება გია. თავიდან დანადგარებიც არ ჰქონდა, ამიტომ დანით მუშაობდა ხესთან.

„ჯერ ნახაზებს ვაკეთებ, ყველა დეტალი მაქვს გათვლილი. აი, ხედავთ? ეს ფანჩატური მე ავაწყვე, ის სკამებიც მე გავაკეთე. ახლა მაგიდაზე ვმუშაობ.

ნიგვზის გული მქონდა გადანახული, 12 წელი დასჭირდა გამოშრობას, ამ დღეებში გადავწყვიტე, რომ დამემუშავებინა. თითქმის მზად მაქვს, ცოტა დეტალებიღა დამრჩა“, – გვეუბნება გია და მის ნამუშევარ მაგიდას გვაჩვენებს.

გია ბაკურიძე/მაგიდის მასალის გამოშრობას 12 წელი ელოდა.

სახელოსნო სახლის პირველ სართულზე აქვს მოწყობილი. შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ კედლებზე ჩამწკრივებული ქანჩები, სხვადასხვა ზომის სამუშაო იარაღი და ხის მასალა.

დიდ მაგიდაზე დევს ელექტროჩარხიც, მასზეც ასევე დამოუკიდებლად მუშაობს გია.

„თავიდან მუშაობა კი არა, ამ ჩარხის ხმისაც კი მეშინოდა, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ იმუშაო, მერე ყველაფერს სწავლობ. დღეს უკვე ისე ვარ მიჩვეული, ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ და რანაირად მოვახერხე ეს“, – გვეუბნება გია ბაკურიძე.

შეგირდები ხომ არ გყავთ ან ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ აიყვანოთ? – ვკითხეთ მას.

ამბობს, რომ ბევრს ეხმარება, ბევრთანაც უმუშავია, „მაგრამ ჩარხი ისეთი რამ არის, მოზარდს ვერ ეტყვი, რომ მოვიდეს და იმუშაოს. მცირედი შეცდომაც და შეიძლება ადამიანი დასახიჩრდეს, ამიტომ ჯერ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ ნამდვილად სურს შესწავლა და მერე შეიძლება“, – გვეუბნება ის.

გიას ვკითხეთ, უსინათლო ადამიანებისთვის რამდენად ადაპტირებულია ქალაქი ან ის გარემო, სადაც ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილება? მისი აზრით, ადაპტირების მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ქუჩის გადაკვეთას ჯერ კიდევ ვერ ბედავს დამოუკიდებლად, „იმდენად არანორმალურად მოძრაობენ მანქანები“.

„ჩვენს ქალაქში არც მძღოლები დადიან ნორმალურად და არც ქუჩებია ადაპტირებული. ამიტომ გადასასვლელებზე ვერ ვენდობი ჩემ თავს. ხმა შემიძლია აღვიქვა ძალიან დიდი დისტანციიდან, მაგრამ მაინც.

ბევრ ქალაქში მინახია უსინათლოთა სპეციალური გადასასვლელები, ხმოვანი ნიშნები, რაც ჩვენთან არ გვაქვს. ალბათ ათი წელი კიდევ დასჭირდება, რომ ეს ქალაქი სრულად ადაპტირებული გახდეს.

არც შშმ პირების პენსიაა საკმარისი. ეს არ არის ღირსეული პენსია. ზოგს შეიძლება ოჯახი ეხმარება, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მთლიანად ამ პენსიაზეა დამოკიდებული და როგორ იცხოვროს ასეთი დაბალი შემწეობით?

შშმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, განა ორმაგი და სამმაგი პენსია არ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ, რომ ღირსეულად იცხოვრონ?

გული მტკივა საზოგადოების დაბალ ცნობიერებაზეც. ვერ ვიტან, როცა შშმ ადამიანებს დასცინიან, მასხრად იგდებენ. ამის გამო ბევრჯერ მიჩხუბია. ეს ადამიანის ჩაგვრაა.

თუ შეგიძლია, დაეხმარე და გამოუსწორე მდგომარეობა, გულს რატომ სტკენ“, – ამბობს გია ბაკურიძე.

გია ბაკურიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში ცხოვრობს.

32 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა. არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს დას პირობა მივეცი და შევასრულეო – გვეუბნება.

„ჩემი და ძალიან ავად იყო და მითხრა, თუ ფეხზე დავდექი, იცოდე, ცოლს მოიყვანო. ადრე ხომ იცით, გოგონებს იტაცებდნენ, მე ამის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. თუ ადამიანი გენდობა, თუ შენთან აპირებს ცხოვრების გატარებას, ეს თავშივე უნდა იყოს ნათქვამი. თორემ, მერე „ეს არ მომწონს“, „ის არ მომწონს“, აღარ გამოვა.

26 წელია შეუღლებული ვართ და არასდროს მიგრძნია საყვედური ან მინიშნება იმაზე, რომ აი, შენ მხედველობა გაკლია. ვცხოვრობთ ასე ბედნიერად“, – ამბობს გია.

ბოლოს პოლიტიკაზეც ვკითხეთ.  

„ჩვენთან პოლიტიკოსების გარდა ყველა „პოლიტიკას“ აკეთებს. ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ თავი ვერ ვირჩინოთ. ხალხი ხრიოკებში აშენებს წალკოტს და ჩვენ რატომ უნდა გვიჭირდეს? მაგრამ არ გამოდის, იმიტომ, რომ ქართველებს ერთი თვისება გვახასიათებს – კანონი უნდა იყოს კარგი, მაგრამ მასზე არ უნდა გავრცელდეს.

ანუ, ვისაც ძალაუფლება აქვს, იმას არ უნდა ეხებოდეს. სულ ერთმანეთთან ჭიდილია, რაც ცუდ რამეს გვიკეთებს ქართველებს.

ბიძინაზე რა ვთქვა? ვფიქრობ, არ არის ცუდი პიროვნება, ვიღაცებს ხომ ეხმარებოდა? მაგრამ, მესამედ მოდისო? და რაღა უნდა… რატომ მოდის, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ საქართველოს ერთი ნორმალური ხელისუფლება სჭირდება, რომელიც მოსახლეობაზე იფიქრებს.

ძლიერი ქვეყანა მაშინ ხარ, როცა ერთიანი ხარ და შენი ხალხისთვის გააკეთებ საქმეს“, – მიიჩნევს გია ბაკურიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: