მთავარი,სიახლეები

„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში

15.01.2024 • 24433
„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში

„რა აზრი ჰქონდა, სად დალპებოდა? ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – კითხულობს რომან ნოღაიდელი, მეციტრუსე ქობულეთიდან და უკვე დათოვლილი, დაუკრეფავი მანდარინის ხეების მწკრივებს მიუყვება. რომან ნოღაიდელი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს. მას მანდარინის ჩავარდნილი სეზონის შესახებ ვესაუბრეთ.

მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი აჭარაში ისევ გასაყიდია. მანდარინის დაკრეფისა და რეალიზების საუკეთესო დრო ნოემბერ-დეკემბერია. ქობულეთში, თითქმის ყველა მეორე სახლის სარდაფში დაგხვდებათ ლპობადაწყებული, ნახევრადგაფუჭებული მანდარინი – სეზონის დასაწყისში ანუ გასული წლის ნოემბრის ბოლოს საშუალო ხარისხის მანდარინი დაახლოებით 70 – 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა კრეფის დასრულებამდე მყიდველი გაქრა.

დაუკრეფავი მანდარინის ხეებიც ბევრი დარჩა აჭარის იმ სოფლებში, სადაც ტრადიციულად მეციტრუსეობით ირჩენენ თავს.

ექსპორტიორების თქმით, წელსაც, სეზონის დასაწყისში, მანდარინი ძირითადად რუსეთში გაჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ დამამზადებლების ერთმა ნაწილმა ე.წ. თოჯინა [ყუთში მხოლოდ ზემოდანაა კარგი ხარისხის მანდარინი] მოაწყო და ხარისხის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მანდარინი ვეღარც რუსეთში გააქვთ.

რატომ ჩავარდა ციტრუსის სეზონი აჭარაში და რას შეიძლება ელოდეს მეციტრუსე ამჯერად? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბსა და აჭარის მთავრობის აპარატში დღესაც უპასუხოდ დატოვეს შეკითხვები.

მანდარინის ბაღი ქობულეთში, სოფელ ალამბარში – 2024 წლის იანვარი

 

მანდარინის ბაღი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში – 2024 წლის იანვარი

„არ ვიცი, ვისთვის რა არის წარმატებული სეზონი. ჩემთვის აგერაა ფაქტი. მე ვიმუშავე. ხომ დავკრეფდი ამას, ფასი რომ ჰქონოდა?“ – საკუთარი სახლის წინ, თოვლიან მიწაზე დაყრილ მანდარინზე მიგვითითებს რომან ნოღაიდელი და სახლის წინ ჩერდება. რომანის სახლს ირგვლივ მანდარინის ბაღია. აქ წელს 10 ტონამდე მანდარინი ყოფილა დასაკრეფი.

რომან ნოღაიდელის შემთხვევა ქობულეთში ტიპურია: რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მეციტრუსე წელს.

„მანდარინის კრეფა დავიწყეთ ნოემბრის 20-ში, მანამდე არ იყო ყვითელი,“ – გვიყვება რომან ნოღაიდელი. – „ტონა-ნახევარი მქონდა დაკრეფილი და 70 თეთრად გავყიდე, შემდეგ გზები ჩაიკეტაო თუ ჩაწვა ბაზარი… ფასი დავარდა და ჩამოვიდა 55, 50, 45 თეთრამდე. სამეზობლოში გაყიდეს ახლა 45 თეთრად, თუ გადაარჩევ და „სუპერს“ მისცემ, 55 თეთრიც შეიძლება.

მერე არც არავინ მოსულა. რომ შევხედე, აღარ იყიდებოდა, გავაჩერე კრეფა და ვთქვი: რა აზრი აქვს? რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად დალპებოდა მანდარინი: ხეზე თუ სარდაფში? აღარ მიღირდა მოკრეფა.

დასეტყვილია თანაც უკვე მანდარინის ბაღი. სეტყვამდე რომ მოასწრო და სწრაფად დაკრიფო, მუშახელი უნდა მოიყვანო. ერთი მუშა დღეში 60 ლარია, იმას კიდევ გამასპინძლება უნდა. ერთი კაცი დღეში 150-200 კილოგრამ მანდარინს დაკრეფს. მოგება რა გრჩება?

არასტანდარტულ მანდარინს იბარებენ მხოლოდ ქობულეთში 30 თეთრად და ისიც სახელმწიფოს სუბსიდიით, მაგრამ ტრანსპორტირება ძვირია – 100 ლარი ჯდება ჩატანა. თუ გაცლის მანქანას მაშინვე, ხომ კარგი, თუ არადა, უნდა ჩადგე რიგში და ყოველ ღამე 100-100 ლარი იხადო დამატებით. ამ დროს შეიძლება, 200 ლარის მანდარინი საერთოდ არ გქონდეს იმ მანქანაზე დატვირთული.

მსმენია, რომ საწარმოს მიღების დროს კიდევ უნდა აჩუქო თანხა, თუ გინდა, დროულად მიიღონ არასტანდარტული მანდარინიო. ეს ისე გამიგია, მტკიცებულება არ მაქვს,“ – გვითხრა რომან ნოღაიდელმა.

რომან ნოღაიდელი

დაუკრეფავი მანდარინის ხეები ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში

სახელმწიფო სუბსიდია მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინზე გაიცემა: მეციტრუსეს 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში საწარმოში 30 თეთრს უხდიან, თუმცა ტრანსპორტირების ხარჯს და რიგში ჩადგომას მეციტრუსე ამჯობინებს, კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი ადგილზე 15 თეთრად გაყიდოს.

რომან ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დაინტერესებისა და პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში მანდარინის რეალიზებისთვის შესაბამისი ბაზრის მოძიება შეიძლება, მაგალითად, გასვლა ევროპის ბაზარზე. მეციტრუსეს გავუზიარეთ ხელისუფლებისა და ექსპორტიორების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი: აჭარაში მანდარინის ბაღებს შესაბამისად აღარ უვლიან, უხარისხო მანდარინით კი, ევროპის ბაზარზე ვერ გავალთ.

„მე რომ ამას არ ვუვლიდე, ეს ხომ არ გამოისხამს?“ – მანდარინის დათოვლილ ნაყოფს უბრუნდება რომან ნოღაიდელი. ის იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ხელს უშლის რეალურად ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

„ევროპაში ცუდს ხომ ვერ გაიტან, კარგია საჭირო ხომ? წაიღონ ის ხარისხიანი და ნაკლებში ნაკლები ფასი გადაიხადონ…

ხარისხიანი მანდარინი რომ მიიღო, ხარისხიანი წამალია საჭირო. არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ამ შეწამვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ერთი შეწამვლა დაახლოებით 100 ლარი ჯდება, სიშავის წამალს ვამბობ, კიდევ „დელფინის საპონია“ საჭირო წელიწადში ორ-სამჯერ. წელიწადში დაახლოებით 500-600 ლარი ჯდება მხოლოდ შეწამვლა და შედეგი არ არის.

არავინ მოდის გლეხთან, რომ აუხსნას, რაა საჭირო და როდის. არც წამლის ხარისხს აკონტროლებს ვინმე. მანდარინს დაბარვა უნდა, მოვლა, აზოტიც უნდა, შრომატევადია ეს ყველაფერი.

ორჯერ მეტი მოსავალი მოდიოდა ამ სოფელში და იყიდებოდა. ახლა მანდარინით ვერავინ ირჩენს თავს. ჩემი ცოლი გერმანიაშია წასული მომვლელად…

დაინტერესება რომ იყოს, ეს ასე არ იქნებოდა ხომ?“ – ამბობს რომან ნოღაიდელი და მანდარინის ხის ტოტების მცირე თოვლისგან გათავისუფლებას ცდილობს.

ქობულეთში ოჯახებს ტონობით მანდარინი ულპებათ

ჩავარდნილი სეზონის გამო მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი დაუკრეფავი დატოვა

გადაბეჭდვის წესი