ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

14.01.2024 • 26906
აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

„აჭარაში მივიწყებული ხალხური თამაშობებისა და სათამაშოების კვლევაზე, ხოლო კვლევის ფარგლებში შესწავლილი მასალით გზამკვლევის მომზადებაზე“, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ, 45 ათასი ლარით, ტენდერი გამოაცხადა.

„შესყიდვის ობიექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული თამაშებისა და სათამაშოების მოძიება, შესწავლა, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა და ამით აჭარაში არსებული და მივიწყებული ხალხური თამაშებისა და სათამაშოების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ტენდერში აღნიშნულია, რომ „ძველი თამაშების მივიწყება და თამაშების პრაქტიკიდან მათი ამოგდება წყვეტს კავშირს თაობათა შორის, დღის წესრიგში აყენებს ტრადიციული კულტურის ტრანსლაციის პრობლემას. ამიტომ საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა.“

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტით ასევე გათვალისწინებულია „ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს კი, საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც.“

კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებებით: საბავშვო თამაშები – მოზრდილების გართობა-თამაშობანი და სათამაშოები.

რაც შეეხება გზამკვლევს, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ გზამკვლევში სააგენტოსთან შეთანხმებით ყურადღება უნდა დაეთმოს, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ თამაშობებსა და სათამაშოებს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

„გზამკვლევი უნდა იყოს არაფორმალური სტილით დაწერილი, წასაკითხად საინტერესო, უნდა გადმოსცემდეს ინფორმაციას ლაკონიურად, აქცენტს აკეთებდეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშობებსა და სათამაშოებზე.“ – აღნიშნულია ტენდერში.

წინადადებების მიღება ტენდერში 2024 წლის 21 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

კვლევა უნდა ჩატარდეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო კვლევის მასალები და ტენდერით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები სააგენტოს 90 დღეში სრულად უნდა ჩაბარდეს.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/12707/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: