მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე

11.01.2024 • 6726
„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე

საახალწლოდ სოფელში წავედი. ბავშვობაში ალბათ ყველაფერი წარმომედგინა, გარდა ჩემი უბნის დაცარიელებისა. ჩემს მშობლებს ერთი მეზობელი შერჩათ იქ და მალე ისინიც წავლენ. 

შუქი ხშირად არ აქვთ ზამთარში. შიში მატანს, როცა ოჯახის წევრებს ვერ ვუკავშირდები. როცა იმ ერთადერთ მეზობელსაც ვერ ვუკავშირდები. რთულია თავში გაჭედილ აზრი – „იქნებ რა უჭირთ?“ ჰო, ყელში ამოვიდა ვერ გაგებული ამბავი ბებოზე, დედაზე, მამაზე. დამჯდარი ტელეფონებზე ნერვიულობა ამოვიდა ყელში და ყველა სხვა სევდას გადაუსწრო. 

ელექტროენერგიით არც საახალწლო დღეებში გვინებივრია, მაგრამ უშუქობა რა მოსატანია იქ, სადაც პროტესტი გაქვს დაშლილი. სიბნელე ხომ ძალიან ალეგორიული რამაა და ბნელ ოთახზე ათასჯერ დიდ სიბნელეში გაქვს გაყოფილი თავი, თუ იმას ვერ ამბობ, რასაც ფიქრობ.

შფოთავ ყოველ გამოთქმულ წინააღმდეგობაზე და აუცილებლად არსებობს შიში, რომ ამ გამოთქმული უკმაყოფილებისთვის, გაბედულობისთვის დღეს თუ ხვალ მაინც „მოგვხვდება“: დაკარგავ სამსახურს, შენი ახლობლები დაკარგავენ სამსახურს, მოგიხსნიან სოციალურ დახმარებას, შენ ახლობლებს მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. „თავკაცები“ აგვითვალწუნებენ. შენ ახლობლებსაც აითვალწუნებენ და  ასე, დაუსრულებლად.  

არ უნდა წამოგცდეს, განსაკუთრებით საჯაროდ არ უნდა წამოგცდეს რა გაწუხებს. 

ჩემი სოფლიდან ერთმა Facebook-ში დაპოსტა (ისევე როგორც მე) – წერდა, დავიღალეთ სიბნელით, იქნებ დამთავრდეს 90-იანებიო. 

პოსტი წააშლევინეს. არა, არ უნდოდა წაშლა – წააშლევინეს. მიუთითეს წაეშალა. უთხრეს, რომ არ უნდა გაბედოს „წუწუნი“ და კმაყოფილი უნდა იყოს ყველაფრით. მერე რა, რომ შუქი არ აქვს. მთავარია ცოცხალია და „მშვიდობაა ქვეყანაში“. 

მთელი სოფელი ამ ამბავზე ლაპარაკობდა, ასე გავიგე მეც. იმ საღამოს სტუმრები გვყავდა. ყველა შეწუხებული იყო. „არ მუასვენეს – პოსტი რაფერ დაწერეო“, „რა, ტყუილი თქვა?“, „შუქი რატომ უნდა ჩაქრეს მთელი დღე კი არა ერთი საათიც? და ვერც უნდა ვთქვათ უშუქობა მოგვწყინდაო?“, „ასეთი ამბავი მე არ მახსოვს“, „არაფერი არ მუშაობს და ვერც გვითქვამს. დღეს პოსტს წაგაშლევინებენ, ხვალ ვინ იცის რა იქნება?“.

შესაბამისად, მე ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო პოსტის წაშლის იძულების სათავეში. ეს ჩემ სოფელშიც იციან და ჩვენმა სტუმრებმაც იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაუსახელებია ხმამაღლა. 

ეს ხდება სოფელში, სადაც ყველა ყველას ნათესავია ან იცნობს.

გასულ ზაფხულს ჩემმა მეგობარმა დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძების ფოტოები გამოაქვეყნა. ძირგამომპალი ხის ბოძების ფოტოები. გამვლელებისთვის საშიში ბოძების. ბოძების, რომლებიც არა თუ უხვ, არამედ მცირე ნალექსაც ვერ გაუძლებდა. ამის შეფასებას არანაირი ცოდნა არ სჭირდებოდა. ეს ყველასთვის ფაქტი იყო – თვალით ხილული. 

ჩემ მეგობარს რამდენჯერმე შეუთვალეს „პოსტი წაშალე და როგორც არის შეირგეო“.  მეგობარს პოსტი არ წაუშლია და სახლში დაადგნენ. 

პოსტი არც ამის შემდეგ წაშალა. შემდეგი ეტაპი მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა იყო. მაღალმთიანი რეგიონის სოფლებში, ძირითადად დასაქმების სამი შესაძლებლობა არსებობს – ბაღი, სკოლა და საჯარო მოხელეობა. ჩემი აზრით, სწორედ სამსახურის დაკარგვის შიშის გამოწვევაა „ნაცადი და გამართლებული“ მეთოდი, რომელიც ახშობს ყველა პროტესტს.

ეს დახშობა დასაქმებულის ახლობლებსაც სწვდება. 

ჩემმა მეგობარმა პოსტი არც ამის შემდეგ წაშალა და ხელში ოჯახის წევრების დიდი უკმაყოფილება შერჩა, რომელთაც სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. 

ზაფხული იყო. ხულოში მივდიოდი სხვა სოფლის „მარშუტკით“. 

წინა სავარძლების უკან ვიჯექი და კარგად მესმოდა მძღოლის და მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა კაცების საუბარი. 

ცხადი იყო, რომ მძღოლმა რაღაცები იცოდა და მეტის გასაგებად სვამდა კითხვებს. ბიჭებს ჰკითხა, თქვენი კლასელი როგორაა, ხომ არ მოეშალა მშვიდობააო. ერთი მაშინვე წამოენთო: „იმ პოსტზე ამბობთ, ხომ? დაწერა ამ დამტვრეულ გზაზე და დადო ფოტო. არ უნდა ექნა?“. გაბრაზებული იყო და არც მიზეზის თქმას მორიდებია – „თქვენ მუშაობთ მძღოლად, თქვენ უფრო უნდა გაღელვებდეთ. იმიტომ დაწერა პოსტი, რომ ყოველ დღე ფუჭდება ამ გზებზე მანქანები“. 

მეორე ბიჭი თემის შეცვლას ცდილობდა. 

მძღოლი თითქოს არაფრის თქმას აღარ აპირებდა, მაგრამ ვერ მოითმინა – „თქვა და შეიცვალა რამე? ხომ ნახეთ წააშლევინეს. პირველად მოხდა ასე თუ ბოლოჯერ? ჩემმა ბიჭმა ახლა დეიწყო მუშაობა. რამეს ვიტყვი და გამოაგდებენ, მერე რა ვქნათ? 

ბიჭებო, ერთს გეტყვით – „დათვი რომ მოგერევა ბაბა უნდა დუუძახო”. 

გუშინ ერთმა ნაცნობმა მომწერა ჩემ პროტესტს გასაქანი არ აქვსო. აღარ ჩავეკითხე რატომ-მეთქი. ეს ისედაც ვიცოდი და ადრეც უთქვამს – „დედაჩემი საჯარო მოხელე რომ არ იყოს, ასე ჩუმად კი არ ვიქნებოდიო“.

ამ დილით პირველი რაც წავიკითხო ეს იყო – „ამ ქვეყანაში პროტესტი უნდა გამოხატო ჩუმად, რაფინირებულად, ხმის ტემბრი არ უნდა გაგექცეს. იდეალურ შემთხვევაში შეგიძლია საერთოდ არ გამოხატო, ან ისე უნდა გამოხატო, რომ ყველას მოეწონოს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: