მთავარი,სიახლეები

რა სამუშაოები ჩატარდება გერგეტის სამებაზე – გამოყოფილია 679 ათასი ლარი

11.01.2024 • 661
რა სამუშაოები ჩატარდება გერგეტის სამებაზე – გამოყოფილია 679 ათასი ლარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გერგეტის სამების რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები ჩატარდება როგორც ტაძარზე, ასევე სამრეკლოზე. შესაბამისი პროექტები მზადაა და სამუშაოებისთვის 679 ათასი ლარია გამოყოფილი.

სააგენტომ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 679 ათას 58 ლარია.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

  • „მთავარ ტაძარზე არსებული ფურცლოვანი სპილენძის საფარის შეცვლა წინასწარ დაჟანგული სპილენძის საფარით, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობით;
  • სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაცია და მასზე ახალი ფურცლოვანი სპილენძის სახურავის მოწყობა;
  • ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოგოზვა;
  • სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე ფურცლოვანი სპილენძის გადახურვის მოწყობა;
  • ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვა და ინტერიერში კამარების რესტავრირება;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდა და ახალი გადახურვის მოწყობა;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაცია;
  • ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავება და ამოგოზვა;
  • მეხამრიდის მოწყობა;
  • ეზოში, ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთის არსებული ფიქალი ქვების მოხსნა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვა.“

„გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი [XIV საუკუნის 30-იანი წლები], სამრეკლო [XIV საუკუნის II ნახევარი] და საბჭეო [XV საუკუნე]. გერგეტის სამება წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს.“

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადას, ტენდერში აღნიშნულია, რომ „სამუშაოების დასრულების შემდეგ [საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან] 5 წლის განმავლობაში რაიმე წუნის [დეფექტი, ნაკლოვანებები] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.“

ამასთან, „პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“.

ამავე თემაზე:

ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: