ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

11.01.2024 • 18296
ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“.

პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება.

  • ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი რაიმე სამუშაოები ამ კუთხით.

ხელშეკრულების მიხედვით, „სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის ვადაში, 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდში.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ველობილიკის ამორტიზებული მონაკვეთების დემონტაჟი, დარჩენილ ნაწილზე საღებავის მოცილება და ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა კომპანიამ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.

  • ბულვარის ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 50 ათას 797 ლარით. ამ ტენდერში გამარჯვებული ველობილიკის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს.
  • აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ველობილიკის რეაბილიტაციაზე ბულვარის ადმინისტრაციას ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებული შპს „არალის“ გარდა მონაწილეობდა შპს „მარეთი 777“, რომელიც ბულვარს მომსახურებას 1 956 574 ლარად სთავაზობდა, თუმცა მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

სატენდერო დოკუმენტაციაში „მშენებლობის ღირებულების ნაკრები სახარჯთაღრიცხვო ანგარიშის“ ფორმაში, რომელიც თან ახლავს ტენდერს, მითითებული იყო გრაფა: „ლოკ. ხარჯ.#2 ელ. სამუშაოები – ველობილიკის განათება“.  განათება დატანილია ასევე რენდერებზეც, თუმცა ამ ტენდერის ფარგლებში ველობილიკის განათება არ იგეგმება.

სატენდერო დოკუმენტებიდან

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განათება ხარჯთაღრიცხვის ფორმაში „უბრალოდ ჩარჩა, კრებსითში და #2 ხარჯთაღრიცხვა ტენდერს არც ახლდა. რაც შეეხება რენდერებს, ჩანს იმიტომ, რომ პროექტი შეძენილია განათების ჩათვლით. ველობილიკის განათება დაგეგმილია, მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე ეს, ალბათ სამომავლოდ გაკეთდება“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/503600/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: