მთავარი,სიახლეები

მეწყრული ფერდის გამაგრება რიკოთზე დროში გაიწელება – დავა 63 მილიონიანი ტენდერის გამო

10.01.2024 • 1188
მეწყრული ფერდის გამაგრება რიკოთზე დროში გაიწელება – დავა 63 მილიონიანი ტენდერის გამო

რიკოთის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის მიმდებარედ, პოტენციური მეწყრული ფერდის გამაგრებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას დავების საბჭოში უჩივიან.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 63 908 792 ლარით აქვს გამოცხადებული.

სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა შპს „ენერგონის“, რომელიც დეპარტამენტს მომსახურებას 58 786 564 ლარად სთავაზობს.

კომპანია არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და მას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.

კომპანია მიიჩნევს, რომ „მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციათა ერთობლიობა ადასტურებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ გამოცდილებას, აგრეთვე სრულიად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, გასაჩივრებულ დისკვალიფიკაციის ოქმში, კომისიის მსჯელობა არის მცდარი და არაარგუმენტირებული.“

საჩივარში კომპანიას მოჰყავს თავისი არგუმენტები და ასკვნის, რომ გზების დეპარტამენტის „სატენდერო კომისიამ მხედველობაში არ მიიღო მათ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია მისი სრული შინაარსით, რის შედეგადაც კომპანიას მიენიჭა უკანონო დისკვალიფიკაცია.“

„ენერგონი“ დავების საბჭოსგან მოითხოვს „გაუქმდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი #3 და შემსყიდველის მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასა და პრეტენდენტის ქმედებებთან.“

დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ 2024 წლის 16 იანვარია მითითებული.

„ენერგონის“ საჩივარი საბჭოში 5 იანვარსაა დარეგისტრირებული, იმავე დღით დათარიღებული ოქმით კი, სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად მეორე პრეტენდენტი შპს „ცეკური“ გამოავლინა და მას გარკვეული დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

„ცეკური“ გზების დეპარტამენტს მომსახურებას 62 077 052 ლარად სთავაზობს. ანუ, 3,2 მილიონი ლარით ძვირად, ვიდრე „ენერგონი“.

დამატებით წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ მიიღებს სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას გააფორმებს თუ არა ხელშეკრულებას „ცეკურთან“.

ტენდერის ბედი დამოკიდებული იქნება ასევე დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე „ენერგონის“ საჩივართან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა სატენდერო პროცედურები დროში გაიწელოს.

 

მთავარი ფოტო: რიკოთი/„ბათუმელების“ არქივიდან

 

ტენდერის ფარგლებში რა სამუშაოებია გათვალისწინებული რიკოთზე, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: