სიახლეები

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

09.01.2024 • 1240
უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“.

პროგრამა დღეს, 2024 წლის 9 იანვარს შევიდა ძალაში და 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი პროგრამის შესახებ მთავრობაში 8 იანვარს განაცხადეს:

ახალი პროგრამის მიხედვით გაწერილია უსახლკარო ოჯახების განსახლების პროცედურა

  • „ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა შესაძლებელია ამ პროგრამით.
  • უსახლკარო ოჯახების განსახლების საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია [ამ პროგრამისთვის განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს].
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების შეფასებას, საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სააგენტო.
  • სააგენტო უსახლკარო ოჯახებს აფასებს კრიტერიუმების შესაბამისად [ეს კრიტერიუმებიც სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს]. შეფასებით განისაზღვრება მხოლოდ კომისიის მიერ მათი განხილვის პრიორიტეტულობა.
  • შეფასებული, კომისიის მიერ განსაზღვრული უსახლკარო ოჯახები, მათი საჭიროებების ადგილზე გადამოწმების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს გადამოწმებას, მონიტორინგის ფორმის შევსებას და, საჭიროების შემთხვევაში, უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას.
  • წარდგენილი ინფორმაციისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს განსახლების მოცემულ ეტაპზე იმ უსახლკარო ოჯახთა კონტინგენტს, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს განსახლების ღონისძიებები.
  • კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უსახლკარო ოჯახს ეცნობება წერილობით.

უსახლკარო ოჯახებს, რომელთა მიმართ გამოიცა დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიეცემათ 6-თვიანი ვადა, რათა მათ სააგენტოში განცხადებით წარადგინონ შესასყიდად საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ ბინა]. განცხადებას აუცილებლად თან უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

  • წარდგენილი საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ბინა] სააგენტოს მიერ შესაძლებელია შესყიდულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ფოტომასალით/დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია საცხოვრებელი პირობები.
  • კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე.
  • შესყიდვის ღირებულება ერთ საცხოვრებელ ფართობზე განისაზღვრება არაუმეტეს 50 000 ლარით.
  • კომისია უფლებამოსილია, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახლის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს ან არსებობს რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის/აფერხებს საცხოვრებელ ფართობში ცხოვრებას და საკუთრებაში გადაცემას.
  • საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ბინა] რეგისტრირდება უსახლკარო ოჯახის წევრების თანასაკუთრებად. სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო ოჯახს უძრავი ქონება [საცხოვრებელი ფართობი] საკუთრებაში გადაეცემა ამ უძრავი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.“

 

 

მთავრობის დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „პროგრამის ფარგლებში გადაცემული უძრავი ნივთი არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს;

ამასთან, აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე დადგენილების ფარგლებში მიღებული უძრავი ნივთების თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: