მთავარი,სიახლეები

საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

09.01.2024 • 3853
საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

კორონავირუსის პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“, მთავრობის რეკომენდაციით, პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით ისე გადაუვადა, რომ ხანდაზმული ჯგუფისთვის არაფერი უკითხავთ. შედეგად, პენსიონერებს სესხის ვადა გაუხანგრძლივდათ, რამაც მათზე დარიცხული პროცენტის გაზრდა გამოიწვია.

ერთ-ერთი მათგანის, 79 წლის პენსიონერის – შალვა ჩაჩავას შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა. მაშინ შალვა ჩაჩავა ჰყვებოდა, რომ „ლიბერთი ბანკისგან“ ისესხა 4650 ლარი, უნდა დაეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში უსრულდებოდა. პენსიონერი სესხს იხდიდა უპრობლემოდ, მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშე, ბანკმა სესხის ვადა გაუხანგრძლივა 2025 წლამდე. სწორედ ამის შედეგად პენსიონერს გადასახდელი თანხა 11 285 ლარამდე გაეზარდა.

შალვა ჩაჩავა „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, რათა ცალმხრივად შეცვლილი ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოეთხოვა.

დღეს, 9 იანვარს, სწორედ ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საპენსიო სესხის გამცემ „ლიბერთი ბანკს“, რომელშიც ის წერს:

„საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას.

ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა“.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/488860/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: