მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან

09.01.2024 • 11862
1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან

ქედის მერიის სატენდერო კომისიას 1,1-მილიონიანი ტენდერის გამო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ტენდერი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებული.

მომჩივანი კომპანია „მშენებელი 2017“ აცხადებს, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.“

„მშენებელი 2017“-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.

მომჩივანი კი თვლის, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით შემსყიდველის მიერ მიღებული დადგენილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას“.

„აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კომისიამ მიიღო შპს „მშენებელი 2017“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება №120-2 ოქმით, რაც დაასაბუთა იმით, რომ განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატებოდა დადგენილ ზღვარს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინა ხელფასის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები და ისე განაფასა ჩაშლილი კვადრატული მილები და სამუშაოს დასახელება მიიჩნია სამუშაოების სათაურად, რაც იყო ტექნიკური ხარვეზი. პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მკაფიოდ და ზუსტად არის გაწერილი შესაბამისი თანხები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯამური ღირებულება დაანგარიშდეს“, – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

„მშენებელი 2017“ თვლის, რომ სატენდერო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე „არის უაღრესად მკაცრი ზომა, რაც არარელევანტური და შეუსაბამოა აღნიშნულ შემთხვევაში. ეს პირდაპირ იწვევს პრეტენდენტის ინტერესების უგულებელყოფას და შელახვას, რადგან არათანაზომიერად მკაცრი გადაწყვეტილება აყენებს მას არათანაბარ პირობებში სხვა პრეტენდენტებთან მიმართებით.“

კომპანია საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღ კონკურენციას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორ მოპყრობას, „რაც მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიამ დაარღვია. რადგან ცხადია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული დეტალურად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია.“

კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსგან მოითხოვს „გაუქმდეს ქედის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №120-2“.

დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ 2024 წლის 16 იანვარია ჩანიშნული.

ქედის მერიამ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 1 173 542 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

სატენდერო კომისიამ „მშენებელი 2017“-ს დისკვალიფიკაცია 2024 წლის 5 იანვარს მისცა. კომპანია მერიას მომსახურებას 1 070 000 სთავაზობდა.

კომისია ამჯერად მომდევნო პრეტენდენტის შპს „ალსოფ“-ის დოკუმენტაციას განიხილავს, რომელიც მომსახურებას 1 094 141 ლარად სთავაზობს.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაო 2025 წლის პირველ ივლისამდე უნდა შესრულდეს.

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა. მას ასევე აქვს უფლება სათანადო პირობების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყოს პირველ მარტამდეც, თუმცა „სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შემსყიდველს.“

რაც შეეხება პრეტენდენტების გამოცდილებას, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა „პრეტენდენტ პირს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში შესრულებული ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიურის სახის, კერძოდ:

შენობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები არანაკლებ 2 000 000 ლარის ოდენობით [მათ შორის ერთი ხელშეკრულებით ერთ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 500 000 ლარის შენობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები].“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: