მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია ბულვარში ძაღლების სავარჯიშო/გასართობ მოედანს მოაწყობს

08.01.2024 • 13976
ბათუმის მერია ბულვარში ძაღლების სავარჯიშო/გასართობ მოედანს მოაწყობს

ბათუმში, ბულვარში, ქალაქის მერია ძაღლებისთვის სავარჯიშო/გასართობი მოედნის მოწყობას გეგმავს. მოედანი შემოღობილი იქნება და იქ სხვადასხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოედანზე ძაღლის შეყვანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მერიის ინფორმაციით, მოედანი „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში კეთდება [გამარჯვებული იდეა – „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“].

ძაღლების სავარჯიშო/გასართობი მოედანი / რენდერი პროექტიდან

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული მოედნის მოსაწყობად მაქსიმუმ 369 ათას 2 ლარია გათვალისწინებული.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი სადაც ძაღლების სავარჯიშო/გასართობი მოედანი უნდა მოაწყონ

ადგილი, სადაც ძაღლების მოედანი უნდა მოეწყოს, 1 174 კვადრატული მეტრია და ის დელფინარიუმის პირდაპირ, ბულვარსა და შპს „ვესტინვესტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შორის მდებარეობს.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც შერჩევა შეფასების ეტაპზეა.

სატენდერო თანხა 2 მილიონ 124 ათას 850 ლარია, თუმცა ამ ტენდერის ფარგლებში, გარდა ძაღლების მოედნისა, ქალაქის კიდევ 9 ადგილას არის გათვალისწინებული „სკვერის მოწყობა“.

ეს ადგილებია:

  • ი. ჯავახიშვილის ქუჩა N4ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 675 568 ლარი [სატენდერო, მაქსიმალური თანხა];
  • გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N15/17-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 228 066 ლარი;
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა N49-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 119 161 ლარი;
  • დ. აღმაშენებლის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 41 111 ლარი;
  • იოსებ გრიშაშვილის ქუჩა N17-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 24 984 ლარი;
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა N18-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 95 451 ლარი;
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა N21ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 156 481 ლარი;
  • ძმები ნობელების ქუჩა N18-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 123 659 ლარი
  • და ფრ. ხალვაშის გამზირი N14ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 291 363 [სატენდერო, მაქსიმალური თანხა].

ამ ტენდერში შპს „მონოლითი-2005“ მერიის სამმართველოს მომსახურებას 1 657 777 ლარად სთავაზობს. ამ ეტაპზე ხელშეკრულება დადებული არ არის, ამიტომ უცნობია მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა პრეტენდენტ[ებ]ი.

ბათუმის მერია უკვე წლებია ქალაქში ზოოკუთხისა და ძაღლების თავშესაფრის პრობლემებს ვერ აგვარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: