მთავარი,სიახლეები

როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი – მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

08.01.2024 • 14429
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი – მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა.

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

საქართველოს მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

„საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:

  • არანაკლებ 3 მმ − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
  • არანაკლებ 4 მმ − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.

ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.“

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აჭარის ტერიტორიაზე ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით მოძრაობა სავალდებულოა ბათუმი ახალციხის გზის ქედა-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ამ დროისთვის მეწყრის გამო ქედის ტერიტორიაზე რამდენიმე მონაკვეთში მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი].

[დადგენილებით ასეთი მონაკვეთია ქედადან ახალციხემდე, თუმცა, დიდთოვლობის დროს გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა ჩაკეტილია.]

ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი [ქედა-ახალციხე], სადაც ტრანსპორტის ზამთრის საბურავებით მოძრაობა აუცილებელია / მთავრობის დადგენილებიდან

გზების ჩამონათვალი სრულად ნახეთ ამ ბმულზე:

გზების ჩამონათვალი, სადაც I იანვრიდან სავალდებულოა ზამთრის საბურავები

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება 2023 წლის ბოლოს შევიდა და ის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/509975/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: