მთავარი,სიახლეები

კადიროვმა თქვა, რომ უკრაინელ ტყვეებს გაცვლის, თუ მის ოჯახს აშშ სანქციებს მოუხსნის

06.01.2024 • 3190
კადიროვმა თქვა, რომ უკრაინელ ტყვეებს გაცვლის, თუ მის ოჯახს აშშ სანქციებს მოუხსნის

5 იანვარს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინელი ტყვეების გადასაცემად, თუ მისი ოჯახის წევრებს სანქციებს მოუხსნიან – წერს რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“.

ამის შესახებ კადიროვმა გროზნოში განაცხადა, ღონისძიებაზე, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ესწრებოდნენ და წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს ყოფილი ინსპექტორი სკოტ რიტერი.

„ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც წამოვიყვანეთ დონეცკიდან და ლუგანსკიდან. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს ტყვეების სიას. თუ სანქციებს მოუხსნიან დედაჩემს, ჩემს ქალიშვილებს, უდანაშაულო ადამიანებს, ცხენებს, ჩემს გარდა, მაშინ ჩვენ ამ ხალხს დავთმობთ“, – ციტირებს „ტასი“ კადიროვს.

რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გააკრიტიკეს კადიროვის ეს განცხადება.

დღეს, 6 იანვარს კი კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მისი ეს განცხადება „ტროლინგი“ იყო და ამერიკული დემოკრატიის „ნამდვილი სახის“ ჩვენებას ისახავდა მიზნად.

აშშ-მ რამზან კადიროვის ოჯახის წევრების, მათ შორის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის აგვისტოში დააწესა. მაშინ კადიროვმა მოითხოვა, მოუხსნან სანქციები დედამისს, თორემ ამას „უპასუხოდ არ დატოვებდა“.

______________

ფოტო: EPA-EFE/SERGEI SAVOSTYANOV

ამავე თემაზე: 

„მოუხსენით დედაჩემს სანქციები, არ გაპატიებთ“ – კადიროვის მიმართვა აშშ-ს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: