მთავარი,სიახლეები

უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმზე საკის აეროდრომს დაარტყა

06.01.2024 • 3225
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმზე საკის აეროდრომს დაარტყა

დღეს, 6 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული შეტევა განახორციელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე საკის აეროდრომზე.

უკრაინული მედიის ცნოით, 6 იანვრის ღამეს უკრაინელმა პილოტებმა რაკეტებით დაარტყეს რუსული ჯარების კონტროლის ცენტრს აეროდრომზე.

აეროდრომზე თავდასხმის შესახებ წერენ ტელეგრამის სხვა არხებზეც. ტელეგრამზე გავრცელებული ცნობების თანახმად, საკის აეროდრომზე განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 43-ე მოიერიშე საავიაციო პოლკი და, ასევე, განლაგებულია თვითმფრინავები –  Су-24 და  Су-30.

ყირიმში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს, საღამოს გავრცელდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გადაკეტეს ყირიმის ხიდი, მოგვიანებით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 იანვრის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ოკუპირებულ ყირიმზე 4 დრონი ჩამოაგდო.

უკრაინამ ერთხელ უკვე განახორციელა წარმატებული შეტევა საკის აეროდრომზე, როცა 2022 წლის აგვისტოში გაანადგურა სულ მცირე ცხრა რუსული თვითმფრინავი.

__________

ფოტო: მიკოლა ოლეშჩუკი/telegram

გადაბეჭდვის წესი


ასევე: