ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

04.01.2024 • 21157
აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

აჭარაში 2024 წელს, 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე ისარგებლებენ სოფლები: მილისი [ქედა], უჩხითი [ქედა], ქოსოფელი [ქედა], კირნათი [ხელვაჩაური], კობალეთი [ხელვაჩაური], ცეცხლაური [ქობულეთი], ოჩხამური [ქობულეთი], ჯიხანჯური [ქობულეთი], ქვედა კვირიკე [ქობულეთი] და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება [ქობულეთი]. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარის წყლის ალიანსში“ განუცხადეს.

სამუშაოები ამ სოფლებში, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს.

აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობის პროექტს „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა – მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, ბათუმის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩატარებაზე „ალიანსს“ საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად შპს „გზა“ გამოავლინეს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.

ამ კონტრაქტის ფარგლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემები უნდა აშენდეს აჭარის 40-მდე სოფელში.

შპს „გზა“ 2005 წელს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანიის დირექტორია მალხაზ დუმბაძე. გიორგი ჭყონია არაერთი სხვა კომპანიის მეწილეცაა და ეს კომპანიები ადგილობრივ ტენდერებსაც ხშირად იგებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2023 წლებში 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური ქსელების, რეზერვუარების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების ქსელების, ლაბორატორიების და მუნიციპალური წყალმომარაგების საწარმოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა“.

უშუალოდ 2024 წელს კი აშენდება წყალმომარაგების 10 სათავე ნაგებობა, 137 კმ სიგრძის წყალმომარაგების მილები, 9 რეზერვუარი, 7 წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, 978 წყალარინების სპეციალური ორმო [სეპტიკი], 5 წყალმომარაგების კომპანიის ოფისი.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანადაფინანსებით, KfW ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს.

„სამშენებლო სამუშაოები იანვრის ბოლოს დაიწყება ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებში: ოჩხმურში, ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, კირნათსა და კობალეთში, ხოლო მაღალმთიან სოფლებში დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში“ – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.

„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით ტენდერი ორ ლოტად იყო გამოცხადებული, თუმცა ერთი ლოტი, რომელიც წყალმომარაგების მოწყობას დაბა შუახევში, დაბა ქედასა და ასევე ხელვაჩაურის სოფლებში – ჯოჭოსა და ერგეში ითვალისწინებდა, ჩავარდა.

„წინადადებები იყო, მაგრამ მიუღებელი, ამიტომ ხელახალ ტენდერს ამ ლოტზე იანვრის თვის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ, დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგლებში“ – გვითხრეს „ალიანსში“.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსს“ ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისი იყო, თუმცა, ეს ვადა 13 ივნისამდე გადაწიეს.

ამ ტენდერში შპს „გზას“ გარდა, როგორც თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, 4 უცხოური კომპანიაც მონაწილეობდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/482949/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: